"ახალი" უბანი ყარაბაღში; 2017; ფოტო: არმინე ავეტისიანი

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ

4 ივლისის ღამეს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, სოფელ ალხანლში, სამხედრო მოქმედებების შედეგად დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, ეთნიკური აზერბაიჯანელები- 50 წლის ქალი და მისი ორი წლის შვილიშვილი. კიდევ ერთი ქალი სროლის შედეგად დაშავდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ განცხადებაში მომხდარში სომხურ მხარეს ადანაშაულებს.

“აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა “ადეკვატური ზომები” მიიღეს, რის შემდეგაც მოწინააღმდეგემ ცეცხლი შეწყვიტა”, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით კომენტარი ან განცხადება ჯერ არ გაუკეთებია სომხეთის ან ყარაბაღის მხარეებს.

მომხდარის შესახებ ეუთოს (OSCE) მინსკის ჯგუფის თანათავმჯომარეებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც მხარეებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და დიალოგს დაუბრუნდნენ.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

კონფლიქტებზე მომუშავე ორგანიაზციამ, “საერთაშორისო კრიზისულმა ჯგუფმა” (ICG) 2017 წლის 1 ივნისს გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც წერს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ამჟამად ყველაზე ახლოს არიან სრულმასშტაბიან ომთან, ვიდრე ოდესმე 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ.

 

ამავე თემაზე: ადამიანები ომის მორევში – რეპორტაჟი კონფლიქტის ზონიდან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი