ახალი ამბები

პრემიერის პრესსამსახური: ბუკიკიომ განაცხადა, რომ დღეს კიდევ უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი

5 ივლისი, 2017 • 1792
პრემიერის პრესსამსახური: ბუკიკიომ განაცხადა, რომ დღეს კიდევ უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ამის თაობაზე საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

“ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში აქტიური ჩართულობისა და იმ ნაბიჯებისთვის, რომელსაც ხელისუფლება ფართო კონსენსუსის მიღწევის მიზნით, დიალოგის გაგრძელების მიმართულებით დგამს.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა პოზიტიურ და წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა საქართველოში მისი ვიზიტის შემდეგ ხელისუფლების მიერ, ფართო კონსენსუსის მიღწევის მიზნით, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების კუთხით გადადგმული ნაბიჯი, რომლის მიხედვითაც შეიცვალა აქამდე არსებული ნორმა და პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ, მათი მერობის კანდიდატი წარმოდგენილი იყოს საკრებულოს საარჩევნო სიაშიც. ამ ცვლილებას ოპოზიციური პარტიებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა,” – ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ჯანი ბუკიკიომ გიორგი კვირიკაშვილთან საუბრის დასასრულს განაცხადა, რომ დღეს კიდევ უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში ჩართული ყველა სუბიექტი გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს და მომდევნო მოწვევის პარლამენტი იქნება მეტად პლურალისტური.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში ვენეციის კომისიის პრეზიდენტი იმყოფებოდა საქართველოში, სადაც მან განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განვითარებული პროცესებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი