ახალი ამბები

თბილისი შეშფოთებულია რუსული შენაერთების წვრთნებით შავი ზღვის რეგიონში

29 მარტი, 2013 • 1266
თბილისი შეშფოთებულია რუსული შენაერთების წვრთნებით შავი ზღვის რეგიონში

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება შავი ზღვის რეგიონში რუსული შეიარაღებული შენაერთების ფართომასშტაბიანი წვრთნების მოულოდნელად დაწყებას. რუსეთის ოფიციალური წყაროები იტყობინებიან, რომ წვრთნებში მონაწილეობას იღებს დაახლოებით 7000 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის, საავიაციო და საზღვაო შენაერთებიდან და ჩართულია 30-ზე მეტი სამხედრო ხომალდი. წვრთნები საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრების სიახლოვეს ტარდება. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ წვრთნების ჩატარების ხანგრძლივობის და სამხედრო ნაწილების დისლოკაციის ზუსტი ადგილმდებარეობის თაობაზე.

 

აღნიშნული წვრთნები არის უჩვეულო, დაუგეგმავი და სცდება სამხედრო შენაერთების განლაგების ჩვეულ ადგილს, რომელიც შესაბამისობაშია “ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების შესახებ” ვენის 2011 წლის დოკუმენტთან. ამასთან,  მასშტაბურობიდან გამომდინარე, წვრთნები ვერ მიიჩნევა მოსალოდნელ საფრთხეზე პროპორციულ რეაგირებად. 

 

რუსეთის ქმედება ეწინააღმდეგება ევროპის სამეზობლოში სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის დაცვის ინტერესებს. საქართველო შეშფოთებულია რუსული სამხედრო შენაერთების მოულოდნელი და პროვოკაციული ქმედებებით, ისევე როგორც საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში, საქართველო რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების შეიარაღების და/ან პერსონალის გამოყენების პოტენციური საფრთხით.

 

ცალმხრივად განხორციელებული სამხედრო ქმედებები საქართველოს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს იმ ფონზე, რომ რუსეთი კვლავაც უარს აცხადებს, უპასუხოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2010 წელს ცალმხრივად ნაკისრ ვალდებულებას ძალის არგამოყენების შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 7 მარტს ერთსულოვნად მიღებული დეკლარაციით დაადასტურა. 

 

საქართველო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა უზრუნველყოს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება და გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები საქართველოსა და რუსეთს შორის ძალის არგამოყენების მტკიცე რეჟიმის ჩამოყალიბების მიზნით, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებით იქნება გამყარებული.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი