ახალი ამბები

როგორ აპირებს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მენეჯმენტი “ახალი ტელევიზიის” შექმნას

5 ივლისი, 2017 • 2740
როგორ აპირებს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მენეჯმენტი “ახალი ტელევიზიის” შექმნას

“ახალი ტელევიზია”- ეს შედეგი უნდა მიიღოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა მას შემდეგ, რაც მაუწყებლის განვითარების გეგმას სისრულეში მოიყვანს 2020 წლისთვის. გეგმა სამ ეტაპად არის დაყოფილი, თუმცა მთავარი ნაწილი 2017 წელს უნდა განხორციელდეს.

2017 წლისთვის დაგეგმილია არსებულ შენობაში ნიუსრუმის მოწყობა, სრული ტექნიკური გადაიარაღება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და მეორე კორპუსის მშენებლობა. როგორც არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ 4 ივლისს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, 2017 წელს დაგეგმილი ცვლილებებისთვის საპროგნოზო ღირებულება 15 მილიონი დოლარია. მისივე თქმით, თანხას კრედიტით აიღებენ და ამჟამად საფინანსო ორგანიზაციებთან მუშაობენ.

“ეს ღონისძიებები გულისხმობს ტენდერებს. ორი ტენდერი უკვე გამოცხადებულია, მიმდინარეობს სხვა ტენდერებთან დაკავშირებით ბაზრის კვლევა და დაახლოებით ერთ თვეში ყველა ტენდერი გამოცხადდება. ბაზრის კვლევა აჩვენებს იმ ფასებს, რომლითაც გამოცხადდება ტენდერი და შემდეგ ტენდერი დაადგენს საბოლოო ფასს”, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

2017 წელს განსახორციელებელი გეგმის მიხედვით, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ახალი კორპუსის მშენებლობა უნდა დაიწყოს, თუმცა, ამავდროულად, იმ შენობის მესამე სართულზე, სადაც “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ახლა ფუნქციონირებს, ინტეგრირებული ნიუსრუმი მოეწყობა. როგორც გაირკვა, “საზოგადოებრივი მაუწყებელს” დამატებით ხარჯის გაღება მოუწევს, რათა ახალი კორპუსის აშენებამდე მაუწყებლის თანამშრომლებმა “ადამიანურ პირობებში” იმუშაონ:

“მესმის სკეპტიციზმი, როდესაც ორმაგი ხარჯის გაწევა გიწევს, ფაქტობრივად, იმისთვის, რასაც ცოტა ხანში ისედაც გააკეთებ, მაგრამ ეს ცოტა ხანი არის სამი წელი. ნიუსრუმში, სადაც ადამიანები მუშაობენ, ფანჯარა არ არის, დღის შუქი არ შემოდის და 3 წლის განმავლობაში ადამიანებმა ასეთ პირობებში არ შეიძლება, რომ კარგი პროდუქტი შექმნან. ამიტომ გახდა საჭირო ასეთი გადაწყვეტილების მიღება. იმ დროის განმავლობაში, სანამ ის შენობა აშენდება, აქაც ადამიანური პირობები შეექმნათ ადამიანებს და ამ პროექტში გათვალისწინებულია ისიც, რომ ავეჯი, ტექნიკური შესაძლებლობები, ყველაფერი, რაც აქაური ნიუსრუმისთვის გაკეთდება, შემდეგ გადავა ავტომატურად იმ ნიუსრუმში”, – ამბობს ირაკლი აბსანძე, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მენეჯმენტის წარმომადგენელი.

"საზოგაოებრივი მაუწყებლის" მოქმედი ნიუსრუმი

“საზოგაოებრივი მაუწყებლის” მოქმედი ნიუსრუმი

"საზოგაოებრივი მაუწყებლის" მოქმედი ნიუსრუმი

“საზოგაოებრივი მაუწყებლის” მოქმედი ნიუსრუმი

“კიდევ გიმეორებთ, როგორც უნდა გული წყდებოდეს ვიღაცას, ან მწარედ ეღიმებოდეს, ანდა მიამიტურად და სიყვარულით, ან იქედნურად, გეტყვით. დიახ, ეს ჟურნალისტები ღირსეულ პირობებში იმუშავებენ, ღირსეულად გადაადგილდებიან, ღირსეული ანაზღაურება ექნებათ და ძალიან ღირსეულ პროდუქტს დადებენ, რომელიც ჩვენს მაყურებელს სჭირდება. არ იქნება ტენდენციური, ეს საქართველოში ერთადერთი მაუწყებელია, რომელსაც პოლიტიკური და კერძო ინტერესები უკან არ უდგას. ყველა სხვას პოლიტიკური და კერძო ინტერესები აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს კი საზოგადოების ინტერესები ამოძრავებთ”,- განაცხადა მაღლაფერიძემ.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” მენეჯმენტის ცნობით, განახლებულ ტექნიკასა და ავეჯს ახალ შენობაში გადაიტანენ და ის ხარჯი, რომელიც მესამე სართულის კოსმეტიკურ რემონტს დასჭირდება, 100 000 ლარია. შეკითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა არსებული შენობის კაპიტალურად ისე გარემონტება,  რომ ახლის აშენება საჭირო არ გამხდარიყო, ირაკლი აბსანძემ ასე უპასუხა:

“არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ამას გამორიცხავს იმიტომ, რომ ამ შენობაში ის რემონტიც კი, რასაც ვაკეთებთ მესამე სართულზე, დიდი რისკის შემცველია, საგანგებოდ დაგვჭირდა სამხარაულის დასკვნა იმისთვის, რომ უფლება გვქონოდა მესამე სართულზე რემონტისთვისაც კი”.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსებისა და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორი ნოდარ ჭიჭინაძე ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის კაპიტალური ხარჯები მინიმალურია:

“თუ რამე აკლდა მაუწყებელს, არ ხდებოდა კაპიტალური ხარჯების გაწევა, ეს პროექტი არ არის 1-წლიანი და 2-წლიანი. ეს გრძელვადიანი პროექტია, მინიმუმ 7-წლიანი, ამ 7 წლის კონტექსტში თუ შევხედავთ, ვგულისხმობ ახალ შენობას, ახალ ტექნიკას, მომსახურეობის ვადებს, ეს არ იქნება მაუწყებლის მთლიანი ხარჯების 10%-ზე მეტი. არა მგონია, კაპიტალური ხარჯების ეს მოცულობა იყოს განსაკუთრებულად დიდი და პირიქით, ესაა ნებისმიერი ორგანიზაციისთვის მინიმალურად აუცილებელი თანხები”.

სარემონტო სამუშაოები "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობის მესამე სართულზე

სარემონტო სამუშაოები “საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობის მესამე სართულზე

სარემონტო სამუშაოები "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობის მესამე სართულზე

სარემონტო სამუშაოები “საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობის მესამე სართულზე

სარემონტო სამუშაოები "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობის მესამე სართულზე.

სარემონტო სამუშაოები “საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობის მესამე სართულზე.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” მენეჯმენტმა დღეს იმ მიზეზების შესახებაც ისაუბრა, თუ რატომ ვერ მოხერხდა მაუწყებლის გარდაქმნის პროცესის უფრო ადრე დაწყება, როდესაც ყველა მენეჯმენტი და სამეურვეო საბჭო ახლაც და წარსულშიც ამის აუცილებლობაზე საუბრობდა. მათი განცხადებით, ამას ორი მიზეზი აქვს- ერთი ის, რომ არ არსებობდა განვითარების ერთიანი გეგმა, მეორე მიზეზი კი მაუწყებლის ვალებია, რომლისგანაც  სრულად გათავისუფლდა 2015 წელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი