ახალი ამბები

საიას თავმჯდომარე შს მინისტრის მოადგილეს შეხვდება [Video]

29 მარტი, 2013 • 1059
საიას თავმჯდომარე შს მინისტრის მოადგილეს შეხვდება [Video]

აქციაზე საიას წარმომადგენლებმა წაიკითხეს განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

“არასამთავრობო სექტორი უკვე მეორე დღეა მოუწოდებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, აი, ამ ობიექტიდან ამოიღოს მტკიცებულება, რომელიც სრულად ასახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის, ვალერიან თელიასა და საიას თანამშრომლებს შორის გუშინ მომხდარ ინციდენტს.

 

შს სამინისტროს, გენერალურ ინსპექციასა და პროკურატურას არ აღმოაჩნდათ იმის ნება, რომ დაადგინონ ობიექტური სინამდვილე, თუ რა მოხდა გუშინ გრიბოედოვის ქუჩაზე. უფრო მეტიც, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საშური ოპერატიულობით, ანუ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლების დაკითხვის დასრულებამდე, სამართალდამრღვევად გამოაცხადა  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლები.

 

ჩვენ ახლა ვტოვებთ ამ ტერიტორიას, რადგან:

 

  • მტკიცებულების განადგურების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ გენერალური ინსპექცია არ გამოცხადდა იმის მომიზეზებით, რომ არ სცალია.
 
  • მტკიცებულების განადგურების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა პროკურატურამ იმის მომიზეზებით, რომ საქმეს სწავლობს გენერალური ინსპექცია.
 
  • სამართალდამცავებმა არ ამოიღეს ის ვიდეომასალა, რითაც დადასტურდებოდა პოლიციის მიერ ვიდეომასალის, ანუ მტკიცებულების განადგურება. 
 
  • პოლიციამ ნაწილობრივ გაანადგურა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ვალერიან თელიამ ჩაიდინა პოლიციელისთვის შეუფერებელი საქციელი. განცხადება პოლიციელების მხრიდან ვიდეომასალის განადგურების შესახებ მედიასთან გააკეთა ობიექტის მესაკუთრემ. ჩვენი ინფორმაციით კი, გადარჩენილ კადრებზე ასახულია იმ მაღალჩინოსანი პოლიციელების ვინაობა, ვინც გაანადგურა მტკიცებულება.
 
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული არასრულყოფილი ვიდეომასალა არ არის შესწავლილი. მისი შესწავლის შემთხვევაში დადგინდებოდა, რომ ვალერიან თელიამ ჩაიდინა პოლიციელისთვის შეუფერებელი საქციელი, რაც გამოიხატა საიას თანამშრომლის ფიზიკურ შურაცხყოფაში.

 

აქვე ერთ გარემოებასაც მივაქცევთ ყურადღებას – შს სამინისტრო თავის განცხადებაში აქცენტს მხოლოდ იმაზე აკეთებს, რომ საიას მძღოლი იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, მაშინ, როდესაც ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მას  მხოლოდ მსუბუქი თრობა დაუდასტურდა. ამავე დროს, აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ, მისი შეუფერებელი ქმედების გადაფარვის მიზნით, გუშინ შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა ვალერიან თელიამ ტრეფიკინგის ფაქტის გამოვლენაზე გააკეთა კომენტარი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი