ახალი ამბები

ილიაუნი “იდენტობის” მოწოდებას არ დააკმაყოფილებს

29 მარტი, 2013 • 2025
ილიაუნი “იდენტობის” მოწოდებას  არ დააკმაყოფილებს

როგორც ილიას უნივესრიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, “იდენტობის” გამგეობის წერილი, რომელშიც წერია, რომ პროფესორ ემერიტუს აივენგო შათირიშვილის წიგნი “გენეტიკა და საზოგადოება არ აკმაყოფილებს თანამედროვე მეცნიერებისა და კვლევის ეთიკურ სტანდარტებს, უნივერსიტეტმა გულდასმით შეისწავლა.

 

წერილში “იდენტობა” უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მიმართავდა, ემსჯელა აივენგო შათირიშვილის არაეთიკურ ნაშრომზე და არ დაეშვა აღნიშნული სახელმძღვანელოს გამოყენება სასწავლო კურიკულუმში. გარდა ამისა, როგორც უნივერსიტეტიც განცხადებაშია ნათქვამი, “იდენტობა” მიმართავდა უნივერსიტეტისა და გამომცემლობის ადმინისტრაციებს – არ დაუშვან პუბლიკაციის რეალიზაცია.

 

“ასევე მოუწოდებს სტუდენტებს და ილიას უნივერსტეტის პერსონალს, ბოიკოტი გამოუცხადონ ავტორის დისკრიმინაციულ, არაეთიკურ და მეცნიერულად გაუმართავ ნაშრომს და არ შეიძინონ აღნიშნული პუბლიკაცია.”

 

როგორც უნვიერსიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, აკადემიური საბჭო და ეთიკის კომისია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არასდროს ჩატარებულა კვლევა, რომელიც, როგორც “იდენტობის” წერილშია ნათქვამი, “სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე ლესბოსელ, გეი და ბისექსუალ ადამიანებს, როგორც ფსიქიკური აშლილობის მქონდე პირებს” ეპყრობოდა.

 

“ასევე არ ჩატარებულა არც ერთი კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა ჰომოსექსუალობის, როგორც პათოლოგიის, სამკურნალო გზების ძიებას.” ეს არც მომავალში მოხდება, რადგან მსგავსი არაეთიკური და, ჩვენი აზრით, არაპროდუქტიული კვლევების პრევენციისთვის ილიას უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ეთიკური კომისია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით მუშაობს.”

 

ამავე დროს, უნივერსიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ უნივერსიტეტის პრინციპია აკადემიური თავისუფლების დაცვა და ხელშეწყობა. შესაბამისად, განცხადების მიხედვით, პროფესორის მიერ საკუთარი აზრის გამოხატვა, მათ შორის ბეჭდური ფორმით,  არ შეიძლება გახდეს ადმინისტრაციული დევნის საგანი. 

 

“მეცნიერება გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ ბოლომდე დაუსაბუთებელი და ხშირად, დროის კონკრეტულ მომენტში სკანდალური ჰიპოთეზების და თეორიების საფუძველზე ვითარდება. მოსაზრების გამოთქმის ადმინისტრაციული დევნა დაუშვებელია, რადგანაც ეს დევნა შეზღუდავს მეცნიერების უფლებას, უნივერსიტეტის კედლებში დაცულად იგრძნოს თავი და თავისუფლად გამოხატოს საკუთარი პოზიცია.”

 

უნივერსიტეტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თუკი რომელიმე სტუდნეტისთვის მიუღებელია კონკრეტული პროფესორის ლექციის დროს გამოთქმული აზრები, მას შეუძლია დატოვოს კონკრეტული კურსი და აირჩიოს სხვა. მით უმეტეს, პროფესორ ემერიტუს აივენგო შათირიშვილის კურსი არჩევითია. 

 

“შათირიშვილის წიგნი არის აზრებისა და მსჯელობის გამოხატვა და არა კვლევის პროცესი, რომლის წინააღმდეგ მიმართულია იმ რეზოლუციების თუ განცხადებების უმეტესობა, რომლებსაც “იდენტობის” წარმომადგენლები ეყრდნობიან საკუთარ წერილში.

 

ასევე, შათირიშვილის წიგნში არ მოიძებნება სიძულვილის ენის ან ძალადობისკენ მოწოდების მაგალითები. შესაბამისად, აკადემიური საბჭო და ეთიკის კომისია უარს ამბობს “იდენტობის” მოწოდების დაკმაყოფილებაზე.”

 

აღნიშნულ განცხადებას ხელს აკადემიური საბჭოს წევრები- მაია როგავა, გიგა ზედანია, გიგი თევზაძე, და ეთიკის კომისიის წევრები, თათა ცოფურაშვილი, ნათია კობერიძე, გიგა ზედანია, ზაალ კიკვიძე, რეზო მარსაგიშვილი და ნათია კოპალიანი აწერენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი