EUMM-მა საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერი ბერშუეთთან ვერ აღმოაჩინა

დღეს, 4 ივლისს, ქართული მედიისა და სუს-ის მიერ გავრცელებულ ცნობასთან დაკავშირებით, რომ “გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის გამო რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის სასოფლო-სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა”, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირებლო მისია (EUMM) განცხადებით ეხმაურება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ  ევროკავშირის სადამკვირებლო მისიამ (EUMM) დაუყოვნებლივ გაგზავნა თავისი წარმომადგენლები ადგილზე რეალური ვითარების დასადგენად.

EUMM-ს ცნობით, რამდენიმე საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი იყო დადგმული 2017 წლის 19 ივნისს ბერშუეთის [გდულეთი] მახლობლად, ძალიან ახლოს ადმინისტრაციულ საზღვართან, იმ მონაკვეთზე, რომელიც თბილისის მიერ არ კონტროლდება. თუმცა ტერიტორიის დღევანდელი დათვალიერების შედეგად მისია არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ წინა კვირაში ახალი ბანერები დამონტაჟდა.

ამის მიუხედავად, EUMM საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნების განთავსებას უკანონო ქმედებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ  ნებისმიერი ფორმის სასაზღვრო მოქმედებები, მსგავსი ნიშნების დადგმის ჩათვლით,  ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას და აზარალებს ადგილობრივებს, რომლებიც წლების განმავლობაში იქ მუშაობენ და მიწებს ამუშავებენ.

როგორც EUMM-ში აცხადებენ, აღნიშნული საკითხს, სავარაუდოდ, განიხილავენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების (IPRM) ფარგლებში გამართულ შემდეგ შეხვედრაზე სოფელ ერგნეთში 2017 წლის 11 ივლისს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი