ახალი ამბები

მელორ ვაჩნაძე დააკავეს

29 მარტი, 2013 • • 2069
მელორ ვაჩნაძე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს.

 

მელორ ვაჩნაძის მეგობარმა ლევან ჩიტაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ვაჩნაძე ავტომობილით მოძრაობისას კახეთში გააჩერა საპატრულო პოლიციამ ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის. გაჩერების შემდეგ მოხდა შელაპარაკება პოლიციელებთან, რის გამოც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ლაგოდეხის პოლიციაში გადაიყვანეს. ჩიტაძისვე თქმით, უახლოეს საათებში გაიმართება სასამართლო პროცესი.

 

მელორ ვაჩნაძე საქართველოს პარლამენტმა პოლიტპატიმრების სიაში შეიყვანა და პატიმრობიდან 2012 წლის დეკემბერში ამ სტატუსით გათავისუფლდა; სასჯელს 2009 წლიდან იხდიდა თაღლითობის ბრალდებით, თუმცა დანაშაული არ უღიარებია და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევდა.

 

მელორ ვაჩნაძე სამართალდამცავებმა უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში, 2013 წელს, 8 თებერვალს, თბილისში, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი დაპირისპირების შემდგ დააკავეს. ამ დღეს ბიბლიოთეკაში პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გამოსულიყო სიტყვით, თუმცა იქ შეკრებილმა მოწინააღმდეგეებმა მას ამის საშუალება არ მისცეს, გარდა ამისა, მოხდა ფიზიკური დაპირისპირება პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.

 

მელორ ვაჩნაძისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 15–დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოითხოვა, თუმცა სასამართლომ ის კიდევ ერთ დაკავებულ მიშა მესხთან ერთად სასამართლო დარბაზიდან 100–ლარიანი ადმინსიტრაციული ჯარიმის დაკისრების შემდეგ გაათავისუფლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი