ახალი ამბები

რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობა გაიზარდა 123

29 მარტი, 2013 • 1706
რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობა გაიზარდა 123

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2012 წელს, წინა წელთან შედარებით, რეგისტრირებულ ქორწინებათა რიცხვი საქართველოში შემცირდა, სამაგიეროდ გაიზარდა განქორწინებათა რაოდენობა. შემცირებულია, ასევე, შობადობის მაჩვენებელი.

 

2012 წელს ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 1.7 პროცენტით შემცირდა და 57 031 შეადგინა, მათ შორის ბიჭი – 29 801, ხოლო გოგო – 27 230. ამასთან შემცირებულია პირველი შვილის დაბადების მაჩვენებელი, ხოლო მეორე და მესამე შვილის შემთხვევაში, პირიქით – ზრდა ფიქსირდება.

 

2012 წელს, 2011 წელთან შედარებით, თითქმის უცვლელი დარჩა დედის საშუალო ასაკი, რომელმაც შეადგინა 24.2 წელი პირველი ბავშვის დაბადებისას და 26.1 წელი საერთო დაბადებისას.

 

გარდაცვლილთა რაოდენობა 2011 წელთან შედარებით 1 პროცენტით შემცირდა და 49 348 ადამიანი შეადგინა. გარდაცვლილთა საშუალო ასაკი მამაკაცისთვის – 72.8, ხოლო ქალისთვის – 77.7 წელია.

 

2012 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 1.5 პროცენტით შემცირდა და 30 412 ერთეული შეადგინა: ქალისთვის პირველი ქორწინების საშუალო ასაკმა 26.5, ხოლო მამაკაცისთვის 29.8 წელი შეადგინა.

 

22%-ით გაიზარდა რეგისტრირებულ განქორწინებათა რიცხვი და 7 136 ერთეულს მიაღწია: 2012 წელს ქალისთვის განქორწინების საშუალო ასაკმა 36.8, ხოლო მამაკაცისთვის 40 წელი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი