ახალი ამბები

ჩაბუქის და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხი 7 ივლისს გადაწყდება

4 ივლისი, 2017 • 1829
ჩაბუქის და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხი 7 ივლისს გადაწყდება

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მუსტაფა ემრე ჩაბუქის ცოლთან შეხვედრა დასრულდა. როგორც სამინისტროს სტატუსის დადგენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ია პოზოვი ამბობს, თუბა ჩაბუქმა და მისმა ადვოკატმა სამინისტროში წარადგინეს მუქარის შემცველი წერილები, რომლებსაც ჩაბუქის ოჯახი თურქეთიდან სოციალური ქსელების საშუალებით იღებს:

“დღეს მოხდა ქალბატონ ჩაბუქთან გასაუბრება, რა დროსაც ვისაუბრეთ მის პრობლემებზე თურქეთის რეპუბლიკაში. დღეს მოხდა დამატებით რამდენიმე დოკუმენტის წარდგენა, რაც შეეხება მუქარებს სოციალურ ქსელში ქალბატონის მისამართით. მათი შეფასება, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით არ მომხდარა, რადგან დღეს გადმოგვეცა და, როგორ კი გავაგრძელებთ საქმის შესწავლას, დაიწყება მათი შეფასებაც” – ამბობს პოზოვი.

მისი თქმით, დოკუმენტაციის შესწავლა გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებლად მოესწრება. გადაწყვეტილება კი ცნობილი 7 ივლისს გახდება.

შეხვედრით კმაყოფილია დაკავებული მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე. თუბა ჩაბუქის თქმით, სამინისტროში მოუსმინეს და იმედს გამოთქვამს, რომ გადაწყვეტილება ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი იქნება:

“ვესაუბრე სამინისტროს წარმომადგენლებს, კარგი გასაუბრება იყო. დიდი იმედებით ვარ სავსე, რომ 7-ში ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება ყველაფერი” – უთხრა თუბა ჩბუქმა ჟურნალისტებს.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. როგორც მისმა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, მიზეზი თურქეთის მხარის მოთხოვნაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს. ამ ფაქტს ერთი დღით წინ უსწრებდა თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები იქნა განხილული.

თურქეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების საქართველოზე შესაძლო გავლენაზე ნეტგაზეთის სტატია წაიკითხეთ აქ. ფეტულა გიულენისა და ერდოღანის დაპირისპირების შესახებ – აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი