ახალი ამბებიკინო

დეტალები “ფანტასტიკური ცხოველების” მეორე ნაწილზე – ფილმის გადაღება დაიწყო

4 ივლისი, 2017 • 3395
დეტალები “ფანტასტიკური ცხოველების” მეორე ნაწილზე – ფილმის გადაღება დაიწყო

ჯოან როულინგის კიდევ ერთი ზღაპრული სამყაროს შესახებ შექმნილი ფილმის “ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი” მეორე ნაწილის გადაღება უკვე დაიწყო. სტუდია “ვორნერ ბრაზერსმა”, რომელიც ფილმზე მუშაობს, ახალი დეტალები სცენარის შესახებ Variety-ის გააცნო.

ფილმის სცენარი 1920-იანი წლების პარიზში განვითარდება. ოსკაროსანი მსახიობი ედი რედმეინი დაბრუნდება, როგორც ჯადოსნური ცხოველების მოყვარული ნიუტ სკამანდერი, და შავი მაგიის ჯადოქრის, გელერტ გრინდელვალდის დამარცხებას შეეცდება, რომლის როლსაც ჯონი დეპი ითამაშებს. მსახიობი ჯუდ ლოუ ჰოგვორტსის სკოლის დირექტორის, ალბუს დამბლდორის როლს მოირგებს.

სცენარის თანახმად, გრინდელვალდი, რომელიც პირველი ფილმის დასასრულს დააკავეს, გაქცევას ახერებს და აგრძელებს მხარდამჭერების შეკრებას. ერთადერთი ადამიანი, ვისაც მისი შეჩერება შეუძლია, მისი ძველი, უახლოესი მეგობარი ალბუს დამბლდორია. მაგრამ დამბლდორს, ამავდროულად, სკამანდერის დახმარება სჭირდება.

ფილმის მეორე ნაწილში ისევ მიიღებენ მონაწილეობას უკვე ნაცნობი პერსონაჟები – დები თინა (კატერინ უოტერსონი) და ქვინი (ელისონ სუდოლი), ასევე- ჯეიკობი (დენ ფოგლერი). მეორე ნაწილში გავიცნობთ ნიუტ სკამანდერის ძმას, თესეუსს. კინოსტუდიის წარმომადგენელთა თქმით, ასევე დაბრუნდება კრიდენსი, რომლის ბედიც პირველი ფილმის დასასრულს გაურკვეველი დარჩა. მის როლს ისევ ეზრა მილერი შეასრულებს. მსახიობი ზოე კრავიცი კი ლეტა ლესტრეინჯი იქნება.

ფილმის სცენარზე კვლავ ჯოან როულინგმა იმუშავა. რეჟისორიც ჰარი პოტერის სერიების ავტორი, დევიდ იაიტსი იქნება.

სერიის პირველმა ნაწილმა დაახლოებით 800 მლნ. დოლარის მოგება მიიღო გაყიდვებიდან. ახალ ფილმის პრემიერას 2018 წლის ნოემბერში ელოდებიან. ჯამში, სულ 5 ნაწილის გადაღება იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი