1776 წლის 4 ივლისს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დამოუკიდელობის დეკლარაცია მიიღო. წელს აშშ უკვე 241-ედ იზეიმებს დამოუკიდებლობას. 4 ივლისი ოფიციალურად უქმე დღეა და მას ყველა შტატი განსაკუთრებულად აღნიშნავს.
დამოუკიდებლობის დღე ამერიკის მოქალაქეებისათვის ასოცირდება გრძელ საზეიმო მსვლელობებთან, ბარბექიუსთან, ოჯახურ შეკრებებთან, კარნავალებთან და სახალხო ბაზრობებთან, პიკნიკებთან, კონცერტებთან, სპორტულ ღონისძიებებთან. დამოუკიდებლლობის დღე ეროვნული დღესასწაულია და ეს დღე ქვეყნის ისტორიას, მმართველობასა და ტრადიციებს ეძღვნება.
აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ სახელმწიფო პირები საქართველოდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ “აშშ ყოველთვის იყო როგორც თავისუფლებისა და დემოკრატიის შუქურა სხვა ერებისათვის, ასევე მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი საყრდენი.”
“ჩვენმა ერებმა ერთმანეთის მტკიცე მხარდაჭერით ერთად გაიარეს სხვადასხვა გამოწვევა საერთო კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დასაცავად. მადლიერებას გამოვხატავთ და განსაკუთრებით ვაფასებთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისა და დემოკრატიული განვითარების გზაზე აშშ-ის მიერ გაწეულ მხარდაჭერას,” – აღნიშნავს პრეზიდენტი.
დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ამერიკელ ხალხს საქართველოს პრემიერიც.
“დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ასახული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებები სრულიად უნივერსალურია თავისუფლების მოყვარული ერებისათვის და მისაბაძია მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის,საქართველოსთვისაც.
საქართველოსათვის ამერიკის შეერთებული შტატები უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და მასთან ჩვენ საერთო ღირებულებები და ინტერესები გვაკავშირებს. ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის ურყევ მხარდაჭერასა და უმნიშვნელოვანეს წვლილს, რომელიც მას მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.” – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი ჯობახიძის განცხადებით კი “ამ დღეს დაიბადა მსოფლიო დემოკრატიისა და თავისუფლების მთავარი საყრდენი, რომელიც თავისი მოკავშირეებისთვის და პარტნიორებისთვის გახდა, ასევე, უმნიშვნელოვანესი საფუძველი დემოკრატიული ღირებულებების განვითარების, თავისუფლებისა და მშვიდობისკენ სწრაფვის გზაზე.”
კობახიძე ასევე მადლობას უხდის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიურ წარმომადგენლობას, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იან კელის.