ახალი ამბებისამართალი

დეკანოზ მამალაძის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ექსპერტები დაიკითხებიან

4 ივლისი, 2017 • 4431
დეკანოზ მამალაძის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ექსპერტები დაიკითხებიან

დღეს, 4 ივლისს, ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეები ექსპერტები იქნებიან. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა მიაწოდა.

დღევანდელ პროცესზე გრძელდება ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა. როგორც გავიგე, პროკურატურას ეყოლება ექსპერტები; ის პირები, რომლებმაც სხვადასხვა სახის ექსპერტიზები ჩაატარეს,” – ამბობს რამიშვილი.

სასამართლომ უკვე დაკითხა ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე და ადვოკატები: ლილიკო გელაშვილი და ირმა ჭკადუა. პროკურატურის მოთხოვნით, სასამართლომ პროცესები მედიისთვის დახურა. შესაბამისად, სხდომის შემდეგ გაკეთებული კომენტარები შუქდება მხოლოდ. მოწმეების დაკითხვის შემდეგ ბრალდებისა და დაცვის მხარე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. პროკურორები ირწმუნებიან, რომ მათი მოწმეების ჩვენებები ადასტურებს დეკანოზის ბრალს, ხოლო გიორგი მამალაძის ადვოკატები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ.

ბრალდების მხარე 20–მდე ექსპერტის დაკითხვას გეგმავს, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლები იქნებიან, რომლებმაც დეკანოზის ნივთებისა და მის ჩანთაში “აღმოჩენილი” ციანიდის ექსპერტიზა ჩაატარეს. ჯამში, პროკურატურას 100–ზე მეტი მოწმე ჰყავს დასაკითხი.

ე.წ. ციანიდის საქმეზე 10 თებერვლიდან დაკავებულია დეკანოზი გიორგი მამალაძე, მას ბრალად ედება პატრიარქის მდივან რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ციანიდის ფხვნილით მკვლელობის მომზადება.

ვრცლად დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე წაიკითხეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი