1542

გორში, ქარელსა და ხაშურში ოკუპაციის მუზეუმები გაიხსნება, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და საგარეო ურთიერთობათა მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ დღეს ქვემო ქართლში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტები შეაჯამეს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი აბაშიშვილი კასპის ოკუპაციის მუზეუმში დასრულებული პროექტის “არა ოკუპაციას” მონაწილეებს შეხვდა, რომელზეც ოკუპაციის შედეგებზე, საინფორმაციო ომზე, ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე  და ევროკავშირის ბაზრის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

პროექტი ორგანიზაციამ “მეგობრობის ხიდი ქართლოსი” განახორციელა, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში  ოკუპაციისა და უსაფრთხოების საკითხებზე საჯარო დისკუსიებს მართავდა. პრესსამსახურის ცნობით, პროექტის შეჯამებისას გიორგი აბაშიშვილი  ინიციატივით გამოვიდა, რომ შიდაქართლის სამ რაიონში – გორში, ქარელსა და ხაშურში ოკუპაციის მუზეუმები გახსნას.

„ჩვენ შევთვაზეთ  კასპის ოკუპაციის მუზეუმს, როგორც წარმატების მაგალითს,  რომ ოკუპაციის გასწვრივ საქართველოს ქალაქებში, პირველ ეტაპზე შიდა ქართლის ქალაქებში, გაგვეკეთებინა მსგავსი ტიპის მუზეუმები.

ეს კიდევ ერთხელ ძალიან თვალნათლივ აჩვენებს ჩვენს ახალგაზრდებს იმ რეალობას, რომელშიც ვიმყოფებით და მნიშვნელოვანია, რომ ოკუპაციის შეფასება დავიწყოთ სწორად და დავიწყოთ საბჭოთა პერიოდიდან“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

დღესვე გიორგი აბაშიშვილი და თენგიზ ფხალაძე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზემო ნიქოზშიც იმყოფებოდნენ, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სარეზერვო ფონდის  დაფინანსებით კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება.

„აგროკლუბი“,  რომლის მიზანიც ფერმერთა ხელშეწყობა, ინფორმირება და ახალი სასოფლო-სამეურნეო წარმოების დანერგვაა, პრეზიდენტის ფონდისა და ჩეხეთის საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო კლუბისთვის გამოყოფილი შენობა, აღიჭურვა ტრენინგნტრი, ასევე მომზადდა სადემონსტრაციო ნაკვეთი.

გიორგი აბაშიშვილი და თენგიზ ფხალაძე ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ და პროექტის ხელმძღვანელებისგან მოისმინეს, რა შედეგი მიიღო „აგროკლუბის“ საქმიანობისგან მოსახლეობამ”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

“ნიქოზის “აგროკლუბი“ აერთიანებს სწორედ იმ ფერმერებს, რომლებიც საოკუპაციო ზოლის გასწვრივ საქმინაობენ და საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მოჰყავთ, ერთი მხრივ, მოსავალი და ცდილობენ დაეუფლონ თანამედროვე მეთოდებს სოფლის მეურნეობაში.

„აგროკლუბის“ ძირითადი მიზანი სწორედ მათი დახმარებაა სხვადასხვა თვალსაზრისით, როგორ შეიძლება არსებულ პირობებში, არსებულ მიწებზე მიიღონ უკთესი მოსავალი”

ჩვენ ვფიქრობთ „აგროკლუბის“ შემდგომ მხარდაჭერასაც, ვინაიდან მას არა მხოლოდ ეკონომიკური და სოციალური ეფექტი აქვს, არამედ ის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯიცაა, რომ სწორედ აქ, საოკუპაციო ხაზს მიღმა იყვნენ ძლიერი ფერმერები“,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com