ახალი ამბები

ირაკლი მამალაძე საქართველოში დაბრუნდა: ეს იყო ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადება

3 ივლისი, 2017 • 2668
ირაკლი მამალაძე საქართველოში დაბრუნდა: ეს იყო ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადება

ირაკლი მამალაძე, რომელიც დეკანოზ გიორგი მალაძის დაკავების საქმეში ბრალდების მხარის მოწმეა, საქართველოში დაბრუნდა.

მამალაძემ ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ მან საქართველო დატოვა, რადგან იყო დემორალიზებული “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი სიუჟეტის შემდეგ, რომელშიც გააშუქა შსს-ს ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას წერილი, სადაც საუბრობდა იმის შესახებ, რომ ირაკლი მამალაძე შსს-ს აგენტი იყო.

“ნეტგაზეთის” კითხვას, თუ რატომ დაბრუნდა, ირაკლი მამალაძემ განგვიცხადა, რომ რამდენიმე დღეში დავურეკოთ. ამ ეტაპზე კი არ უპასუხა ჩვენს კითხვებს. მან დაადასტურა, რომ საქართველოში იმყოფება.

უკრაინაში წასვლის მიზეზად ირაკლი მამალაძემ ის დაასახელა, რომ “რუსთავი 2”-ის სიუჟეტის გამო  დემორალიზებული იყო, რადგან სასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე, 24 ივნისს, გააშუქა ეს წერილი. მაშინ, როცა 15 ივნისს იყო გამოგზავნილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

ირაკლი მამალაძემ დაბრუნების მიზეზზე “რუსთავის 2”-ის გადაცემაში “განსხვავებული აქცენტები” 1 ივლისს ისაუბრა.

“ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადება იყო. ის აღვირახსნილი კამპანია, რომელიც ჩემს წინააღმდეგ წავიდა, წერილის მიხედვით, რომელიც გავიდა შაბათის კურიერში, მე დავაყენე საკითხი, რომ თუ არ იქნება რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც ხორციელდებოდა ჩემზე, როგორც მოწმეზე, მე ვტოვებდი ქვეყანას. მას შემდეგ, რაც ვნახე, რომ დაიწყო გამოძიება და დაიკითხება ირაკლი ფირცხალავა და დაიკითხებიან ჟურნალისტები, რომლებმაც ეს რეპორტაჟი მოამზადეს, მე დავბრუნდი საქართველოში. ამის გარდა, მთავარი მიზეზი არის ის, რომ ვგეგმავ ვიდავო სასამართლოში სამოქალაქო წესით პატივისა და ღირსების შელახვის გამო”, – განაცხადა ირაკლი მამალაძე.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 25 ივნისს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ირაკლი ფირცხალავას მხრიდან მოწმეზე განხორციელებული შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე, გამოძიება სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ირაკლი მამალაძე არის პროკურატურის მთავარი მოწმე დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეში. დეკანოზი გიორგი მალაძე 10 თებერვალს დააკავეს მკვლელობის მომზადების ბრალდებით. მას გამოძიება ედავება პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი