ახალი ამბები

ვასილ მშვენიერაძე – სასამართლოს ახლად არჩეული თავმჯდომარე ძველი პროცედურებით

3 ივლისი, 2017 • 4796
ვასილ მშვენიერაძე – სასამართლოს ახლად არჩეული თავმჯდომარე ძველი პროცედურებით

დღეს, 3 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალმა შემადგენლობამ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე დანიშნა. ვასილ მშვენიერაძე პარალელურად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრიც არის – იგი რამდენიმე დღის წინ მოსამართლეთა კონფერენციამ წევრად აირჩია.

წინააღმდეგი საბჭოს მხოლოდ ორი წევრი იყო – ნაზი ჯანეზაშვილი და ვახტანგ მჭედლიშვილი.

ამჟამად, კანონმდებლობით დაუდგენელია, თუ რა პროცედურებით უნდა დაინიშნოს სასამართლოს თავმჯდომარე. საბჭოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, დანიშვნამდე კანდიდატებს გასაუბრება უტარდებათ, თუმცა ერთ თანამდებობაზე ერთზე მეტი კანდიდატი არ ყოფილა. დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ  ხარვეზიანი კანონმდებლობა თავმჯდომარეთა დანიშვნის მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

მშვენიერაძის კანდიდატურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეულმა მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ წარადგინა. მშვენიერაძე თავმჯდომარის პოსტზე მიქაუტაძის შემცვლელი იქნება. ვინაიდან 24 ივნისს გამართულ მოსამართლეთა კონფერენციაზე გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩიეს, მან საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

ვასილ მშვენიერაძეს ამ თანამდებობაზე კონკურენტი არ ჰყოლია. საბჭოს სხდომის დაწყებამდე არ იყო ცნობილი, თუ ვინ იქნებოდა თავმჯდომარეობის კანდიდატი.

მშვენიერაძის დანიშვნას წინ უძღოდა დისკუსია. საბჭოს ახლად არჩეული წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივას იუსტიციის საბჭოს წევრების უმრავლესობის წინააღმდეგობა შეხვდა. ჯანეზაშვილი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის პროედურების გაწერას ითხოვს.

კერძოდ, ნაზი ჯანეზაშვლმა განაცხადა, რომ იგი მხარს დაუჭერდა  ვასილ მშვენიერაძის კანდიდატურას იმ შემთხვევაში, თუ საუბარი იქნებოდა მხოლოდ რამდენიმე თვით დანიშვნაზე და არა 5 წლით დანიშვნაზე, რადგანაც პროცედურები, თუ როგორ უნდა დაინიშნოს სასამართლოების თავმჯდომარეები, გაუმართავია და დახვეწას საჭიროებს. ჯანეზაშვილმა ასევე თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 68 ქალი მოსამართლეა, ხოლო 34 – კაცი, შესაბამისად, ქალებსაც უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ დაინიშნონ ამ თანამდებობაზე.

“ყველა მოსამართლეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გამოავლინოს თავისი თავი,”- ასეთი იყო ჯანეზაშვილის პოზიცია.

ჯანეზაშვილის მიერ ამ საკითხის დაყენებას მოსამართლე წევრების წინააღმდეგობა შეხვდა.  ისინი ამბობდნენ, რომ მოსამართლეებისთვის არავისთვის აუკრძალავთ, რომ საკუთარი კანდიდატურა დაეყენებინათ.

რევაზ ნადარაიას თქმით, სხდომამდე ერთი კვირით ადრე ვებგვერდზე გამოაქვეყნეს ეს ინფორმაცია და ნებისმიერ მსურველს შეეძლო, განცხადება შემოეტანა, თუმცა, არ შემოიტანეს.

“საკანონმდებლო ცვლილებებს ჩვენ ვერ დაველოდებით” – განაცხადა რევაზ ნადარაიამ. მისივე თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გამოცდილი თავმჯდომარე სჭირდება და მხარს უჭერს მშვენიერაძის კანდიდატურას.

საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ საქალაქო სასამართლო ვერ დაელოდება, თუ როდის გაიცნობს ჯანეზაშვილი მოსამართლეებს:

“იმისათვის დალოდება, თქვენ როდის ჩამოგიყალიბდებათ კარგი ურთიერთობა მოსამართლეებთან, არ არის სერიოზული,”- განაცხადა მიქაუტაძემ,

გარდა ამისა, ჯანეზაშვილის შენიშვნა, რომ ქალები მოსამართლეების ნახევარზე მეტს შეადგენენ, თუმცა, მენეჯერულ პოზიციებზე არ ინიშნებიან, მიქაუტაძისთვის მიუღებელია. მიქაუტაძემ ჯანეზაშვილს უთხრა, რომ გენდერული თანასწორობის კუთხით მოწინავე ადგილზე არიან. საბჭოს კიდევ ერთი წევრის, სერგო მეთოფიშვილის რეპლიკას ამ საკითხზე საბჭოს წევრთა ნაწილის სიცილი მოჰყვა:

“დასაბუთებას დააკვირდით: ვინაიდან 70 პროცენტია, უმჯობესია ქალბატონი დაინიშნოს, პირიქით რომ ყოფილიყო, მაშინ იტყოდნენ პირიქით – ვინაიდან 30 პროცენტია, მაშინ უმჯობესია ქალბატონები დაინიშნონ” – განაცხადა ჯანეზაშვილის საპასუხოდ სერგო მეთოფიშვილმა, რასაც საბჭოს წევრთა ნაწილი სიცილით შეხვდა.

მანამდე სერგო მეთოფიშვილმა ჯანეზაშვილი ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა: “დასანანია, რომ ორმაგი სტანდარტით იწყებთ მოღვაწეობას, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრი” – მიმართა ჯანეზაშვილს მეთოფიშვილმა. მეთოფიშვილის განმარტებით, “მოსამართლეთა ერთობის” ხელმძღვანელობის პერიოდში ჯანეზაშვილი არ ემხრობოდა გამოსაცდელი ვადით დანიშვნას, ახლა კი საპირისპიროდ იქცევა.

ამ საკითხთან დაკავშირებით სხდომის დასრულების შემდეგ ნეტგაზეთთან საუბრისას “მოსამართლეთა ერთობის” მოქმედმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ნიჟარაძემ განაცხადა, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ არა იმას, რომ პროცედურების შემუშავებამდე თავმჯდომარეები განსაზღვრული ვადით გაემწესებინათ მოვალეობის შემსრულებლებად, არამედ, მათთვის მიუღებელი იყო ის, რომ განუსაზღვრელი ვადით ინიშნებოდნენ სასამართლოთა თავმჯდომარეების მოვალეობის შემსრულებლები.

ვასილ მშვენიერაძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

თბილისის საქალაქო სასამართლოს 5  წლის ვადით დანიშნული თავმჯდომარე, ვასილ მშვენიერაძე 2008 წლიდან მოსამართლედ მუშაობს.

2004-2005 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის აპარატის უფროსად; 2006 წელს – თსუს იურიდიული სამსახურის უფროს სპეციალისტად; 2006-2007 წლებში მუშობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს-ს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორად; 2007-2008 წლებში მუშაობდა მცხეთის რაიონულ პროკურატურაში პროკურორად; 2008-2012 წლებში დაკისრებული ქონდა მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება; 2012-2016 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე; 2015 წლის გადაწყვეტილებით აირჩიეს საქართველოს საპროკურორო საბჭოს წევრად; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი