ახალი ამბები

კონფლიქტი კონდიციონერის გამო თბილისის მიკროავტობუსებში – სანქციები 120-მდე მძღოლს დაუწესდა

4 ივლისი, 2017 • 15316
კონფლიქტი კონდიციონერის გამო თბილისის მიკროავტობუსებში – სანქციები 120-მდე მძღოლს დაუწესდა

სამარშრუტო ტაქსების მძღოლები, “თბილისის მიკროავტობუსის” მხრიდან გაფრთხილების მიუხედავად, რომ პირველი ივლისიდან სავალდებულოა მანქანაში ჩართული იყოს ჰაერის გაგრილების სისტემა, ხშირად არ რთავენ კონდიციონერს და არც მგზავრების მოთხოვნას ითვალისწინებენ. დღეს N35 სამარშუტო ტაქსის ერთ-ერთმა მძღოლმა არათუ მგზავრების თხოვნა, არც ცხელ ხაზზე დარეკვის შესახებ მუქარა გაითვალისწინა.

უკმაყოფილო მგზავრები ფეისბუკში წერენ, რომ დილიდან ჩხუბი უწევთ მძღოლებთან, თუმცა მაინც ვერ აღწევენ იმას, რომ ჩართონ კონდიციონერები.

როგორც “თბილისის მიკროავტობუსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, მონიტორინგის სამსახური ყველა განცხადებას აფიქსირებს და შესაბამისი სანქციები უწესდებათ მძღოლებს, ამიტომ მგზავრებმა უნდა მიმართონ მათ ცხელ ხაზს. სანქცია პირველ ჯერზე გაფრთხილებას, მეორე ჯერზე სატრანსპორტო საშუალების მართვის აკრძალვას, მესამე ჯერზე კი მძღოლთან კონტრაქტის გაწყვეტას ითვალისწინებს. მათი ინფორმაციით, უკვე ამ ზაფხულს სხვადასხვა ტიპის სანქცია 120-მდე მძღოლს დაუწესდა.

მათი განცხადებით, ტექნიკურად მოწმდება 1800 სამარშუტო ტაქსი და, შესაბამისად, გამორიცხულია, რომ გაუმართავი კონდიციონერით მძღოლი გამოვიდეს მარშრუტზე სამუშაოდ, ამიტომ არგუმენტი, რომ კონდიციონერი გაფუჭებულია და ამიტომ ვერ რთავენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

“იმის გამო, რომ დღეს, გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე ცხელი დღე იქნება, კომპანიამ გარდა იმისა, რომ ყველა მძღოლს უფარავს კონდიციონერის ჩართვის შედეგად გამოწვეული საწვავის ხარჯს, წამახალისებელი აქციაც დაგეგმა. ის მძღოლები, რომელთა შესახებაც დღეს არ შემოვა საჩივარი, გათავისუფლდებიან დღიური გეგმური გადასახადისგან,” – აცხადებენ კომპანიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი