ვის ენატრება საბჭოთა კავშირი?

2016 წელს 25 წელი შესრულდა, რაც საბჭოთა კავშირი ოფიციალურად აღარ არსებობს, თუმცა ბევრი პოლიტიკოსისთვის და უბრალო მოქალაქისთვის ჯერ კიდევ რთულია ამ რეალობასთან შეგუება. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გეგმებში ყოფილ საბჭოთა კავშირზე გავლენის აღდგენა რომ შედიოდა, 2000 წელს, ვლადიმერ პუტინის გაპრეზიდენტებისთანავე გახდა ცხადი, როდესაც რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ ჰიმნად საბჭოთა კავშირის ყველასთვის ცნობილი ჰიმნი აღადგინეს. და თუ რამე ეჭვი კიდევ არსებობდა ოფიციალური მოსკოვის პოზიციის თაობაზე საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებით, ეს ეჭვი 2005 წლის აპრილში გაქარწყლდა, როდესაც პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლას 21-ე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა. როგორც ბოლო დროს ჩატარებული კვლევები აჩვენებს, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ბევრი მოქალაქე ამ მოსაზრებას ნაწილობრივ მაინც იზიარებს.

აშშის ერთერთმა ყველაზე ცნობილმა კვლევითმა ორგანიზაციამ, პიუ კვლევითმა ცენტრმა 2015-2016 წლებში ყოფილ საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში ჩაატარა გამოკითხვა სხვადასხვა გეოპოლიტიკურ, პოლიტიკურ, სოციალურეკონომიკურ და რელიგიურ საკითხებზე მოსახლეობის დამოკიდებულებების შესახებ. როგორც კვლევის შედეგებიდან ჩანს, ზოგ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მათი ქვეყნისთვის ცუდი მოვლენა იყო. ყველაზე მაღალი ეს მაჩვენებელი ჩვენს მეზობელ სომხეთშია, რომელსაც რუსეთი და მოლდოვა მოსდევს. ესტონეთში, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ალბათ ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, მოსახლეობის მხოლოდ 15 პროცენტი ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა იყო ქვენისთვის. ბალტიისპირეთის ორ სხვა რესპუბლიკაშიც ძალიან ცოტაა იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც ამ მოსაზრებას იზიარებს.    

 

საქართველოში საშუალოდ მოსახლეობის 42 პროცენტი ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ჩვენი ქვეყნისთვის ცუდი იყო. ეს არცთუ ისე ცოტაა, მაგრამ თუ ასაკობრივ ჭრილში შევხედავთ, დავინახავთ, რომ სურათი ოდნავ განსხვავებულია: 18-34 წლის ახალგაზრდათა მხოლოდ 23 პროცენტი ეთანხმება ამ მოსაზრებას. ეს დაახლოებით იგივეა, რაც, მაგალითად, ლატვიელ ახალგაზრდათა მაჩვენებელი. ზოგადად, ყველა ქვეყანაში ახალგაზრდებს ნაკლებად დადებითი დამოკიდებულება აქვთ საბჭოთა კავშირის მიმართ, რაც ალბათ ბუნებრივია. თუმცა საქართველოში ასაკობრივი განსხვავება ყველაზე დიდია.

 

კვლევის ფარგლებში რესპონდენტები გამოკითხეს რუსეთთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის პერსპექტივებზეც. როგორც ჩანს, იმ ქვეყნებში, სადაც საბჭოთა კავშირის მიმართ განსაკუთრებული ნოსტალგია აქვთ (სომხეთი, ბელარუსი, მოლდოვა), მოქალაქეებს უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ კარგი ურთიერთობების ქონა რუსეთთან, ვიდრე ევროკავშირთან. საქართველოში ასე ფიქრობს გამოკითხულთა მხოლოდ 26 პროცენტი. 33 პროცენტს მიაჩნია, რომ ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა ქვეყნისთვის უფრო სასარგებლოა, ხოლო 35 პროცენტის აზრით, ორივესთან ურთიერთობა თანაბრად მნიშვნელოვანია. საინტერესოა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევა: აქ გამოკითხულთა ძალიან მცირე პროცენტი ფიქრობს, რომ მათი ქვეყნებისთვის უფრო სასარგებლოა რუსეთთან ურთიერთობა, მაგრამ დაახლოებით ნახევარს მიაჩნია, რომ საჭიროა კარგი ურთიერთობების ქონა როგორც ევროკავშირთან, ასევე რუსეთთან.   

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა ჩახაია არის ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორანტი (ფლორენცია, იტალია). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის და ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. სხვადასხვა დროს მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაეროს ბავშვთა ფონდში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.