ახალი ამბები

ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია

2 ივლისი, 2017 • 2822
ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. 24 სახანძრო ეკიპაჟი და დაახლოებით 130-მდე მეხანძრე ხანძრის სრულ ლიკვიდაციაზე მუშაობს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ხანძარმა დაახლოებით 2 200 2 500 კვ.მ. მოიცვა.

როგორც “ნეტგაზეთს” სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში უთხრეს, საავადმყოფოში ერთი ადამიანია გადაყვანილი, მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

შემთხვევის ადგილზე მცირე დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი. ავტონაწილების ბაზრობაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, განთავსებული მაღაზიების მფლობელებს პროდუქციის გამოტანის სურვილი ჰქონდათ, რისთვისაც პოლიციას შენობაში შეშვებას სთხოვდნენ. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე პოლიციამ და მეხანძრეებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

მაღაზიის მფლობელებს პრეტენზიები აქვთ მეხანძრეებთანაც, როგორც მათი ნაწილი ამბობს, სახანძრო მანქანებს დიდი ხნის განმავლობაში წყალი არ ჰქონდათ, რომ ცეცხლი ჩაექროთ.

ცეცხლი ე.წ. ელიავას ბაზრობისაზე რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაიწვა ავტონაწილების ბაზრობა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები და ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

02.07.17 ფოტო: სოფო გოგიშვილი

19554683_1525730724168452_2466889009014179413_n

მასალების გადაბეჭდვის წესი