ახალი ამბები

უდუმაშვილი: ყველა, ვინც თბილისში ცხოვრობს, თბილისელია

30 ივნისი, 2017 • 2628
უდუმაშვილი: ყველა, ვინც თბილისში ცხოვრობს, თბილისელია

“ყველა, ვინც თბილისში ცხოვრობს, თბილისელია”, – ეს განცხადება ტვ პირველის გადაცემა რეაქციაში თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.

“არ ვიცი, რამდენად პოპულარულია კახი კალაძე თავად ქართულ ოცნებაში, მაგრამ შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ თბილისელებში ის სუპერარაპოპულარულია, მე რასაც ვუყურებ”, – თქვა უდუმაშვილმა, რაზეც გადაცემის წამყვანმა ინგა გრიგოლიამ ჰკითხა, ხომ არ აკეთებდა ის აქცენტს “თბილისელობაზე”.

“თბილისელობაზე აქცენტს საერთოდ არ ვაკეთებ. თბილისელი არის ყველა, ვინც თბილისში ცხოვრობს. ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თბილისელი აუცილებლად 9 თაობით თბილისელი და მეტეხის ძირიდან წამოსული უნდა იყოს. ყველა, ვინც თბილისში ცხოვრობს, თბილისელია”, – თქვა უდუმაშვილმა, რომელიც როგორც კანდიდატი, ენმ-მ სწორედ მეტეხის ეზოში წარადგინა. პრეზენტაციაზე უდუმაშვილმაც და ნიკა მელიამაც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უდუმაშვილი თბილისშია დაბადებული.

უდუმაშვილი კალაძესთან მძიმე დაპირისპირებას ვარაუდობს “ხელისუფლების ხელში არსებული სახელმწიფო რესურსების” და “ქართული ოცნების” ფინანსური შესაძლებლობების გამო, თუმცა მოგებაში დარწმუნებულია, რადგან მისი თქმით, მათავარი მაინც ხალხის მხარდაჭერა იქნება.

გარდა უდუმაშვილისა და კალაძისა, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დედაქალაქის მერის არჩევნებში მონაწილეობას ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველი) მიიღებს და დიდი ალბათობით ალეკო ელისაშვილიც.

აქვე გთავაზობთ ნეტგაზეთის სტატიას – ზაალ უდუმაშვილის “ტრანსფორმაცია” და “პოლიტელიტის კრიზისი”

მასალების გადაბეჭდვის წესი