მაია მიმინოშვილის რჩევები აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს საგამოცდო სტრესის დასაძლევად

ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. წელს პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ორშაბათს, 3 ივლისს ჩატარდება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მაია მიმინოშვილი ამბობს, მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ აბიტურიენტები ყველაზე მეტად პირველი გამოცდის დროს ღელავენ და სტრესის მოსახსნელად მათ რამდენიმე რჩევას აძლევს:

გამოცდის წინა დღეს მოიწყეთ განტვირთვის დღე

მაია მიმინოშვილის აზრით, უმჯობესია, თუ აბიტურიენტები გამოცდის წინა დღეს თავს არ დაიტვირთავენ:

“ნამდვილად მგონია, რომ გამოცდის წინა დღეს მეცადინეობა და ღამისთევა კარგს არაფერს მოიტანს. ყველა გამოცდა ემოციებთან არის დაკავშირებული და, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ემოციების მართვა. ამისათვის კარგი იქნება, განტვირთვის დღე მოვაწყოთ წინა დღეს. დავისვენოთ, კარგად გამოვიძინოთ, მომზადებული მოვიდეთ გამოცდაზე. ცხადია, ეს ჩემი მოსაზრებაა, თუმცა ნამდვილად კარგი იქნებოდა. გამოცდის წინა ღამეს მეცადინეობა არაფერს შეგვძენს ნამდვილად” – ამბობს მიმინოშვილი.

არ სცადოთ სტრესის ალკოჰოლის საშუალებით დაძლევა

“ჩვენ წესებში ჩავწერეთ, თუ აბიტურიენტს ალკოჰოლის მოხმარება დაუდგინდა, ასეთ შემთხვევაში ის მოიხსნება გამოცდიდან. ნამდვილად ვურჩევ ყველას- ჯერ ერთი, ნუ გარისკავენ, მეორეც, სრულიად დარწმუნებით შემიძლია ყველას ვუთხრა, რომ არ უშველით არანაირი ალკოჰოლი სტრესის მოხსნას. სამაგიეროდ, უბრალოდ, ალკოჰოლმა, თუნდაც მცირე რაოდენობით, შესაძლოა შეანელოს აზროვნების პროცესი და სჯობს საღ გონებაზე, კარგად გამოიძინონ, დროულად ადგნენ და სრულიად ფხიზლები მოვიდნენ საგამოცდო ცენტრში” – ამბობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი.

მშობლებმა აბიტურიენტების სურვილები უნდა გაითვალისწინონ

საქართველოში აბიტურიენტები გამოცდაზე ხშირად მშობლებთან და ნათესავებთან ერთად მიდიან. საგამოცდო დროის განმავლობაში ახლობლები ახალგაზრდებს გარეთ ელოდებიან. მაია მიმინოშვილის თქმით, ეს მხოლოდ ქართული ფენომენი არაა, თუმცა მნიშვნელოვანია დავეკითხოთ, აბიტურიენტს თავად რა ურჩევნია – მარტო წავიდეს გამოცდაზე, თუ ოჯახის წევრებიც გაიყოლოს:

“ამ ტრადიციის ერთი ხელის მოსმით მოსპობა შეუძლებელია. ესეც ინდივიდუალურია. ზოგიერთ აბიტურიენტს ურჩევნია მარტო იყოს და არავინ ელოდებოდეს გარეთ, ზოგიერთ აბიტურიენტს ძალას მატებს ის, რომ მისი მშობლები იქნებიან თუ მეგობრები, გულშემატკივრობენ გარეთ. ნამდვილად ინდივიდუალურია და ამას უნდა გავუწიოთ ანგარიში. ცალსახად აბიტურიენტის სურვილს უნდა გაუწიონ ანგარიში. მას როგორც სურს, ისე უნდა მოიქცნენ. თუ მშობლებს სთხოვს, რომ მარტო ურჩევნია, აუცილებლად უნდა გაუწიონ ანგარიში.

ეს ჩვევა მეტ-ნაკლებად ყველგან არის. მაგალითად, ბალტიის ქვეყნებში, ნამდვილად ვიცი, ბებიებიც და ბაბუებიც აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესში. ამიტომ ეს ჩვენთვის განსაკუთრებული ფენომენი ნამდვილად არ არის, მეტ-ნაკლებად ყველგანაა.

ჩემი აზრით, რეგისტრაციის პერიოდში განსაკუთრებით, ზოგჯერ მშობლები იღებენ გადაწყვეტილებას საკუთარი შვილების ნაცვლად და თავად ადგენენ უმაღლესი სასწავლებლების და ფაკულტეტების სიას, სადაც მათ სურთ, რომ მათმა შვილმა ისწავლოს – ეს რადიკალურად არასწორია. პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია შვილის ინტერესების გათვალისწინება. თუ შვილები დაინახავენ, რომ ჩვენ, მშობლები მათ სურვილებს ვიზიარებთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საკუთარი მიზნების მიღწევაში დავეხმაროთ, მოტივაცია ერთი ათად გაეზრდებათ ახალგაზრდებს,” – ამბობს მაია მიმინოშვილი.

დაკვირვებით გაეცანით საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას

მაია მიმინოშვილის თქმით, არც ისე ხშირად, მაგრამ ზოგჯერ მაინც ხდება ისე, რომ აბიტურიენტები შეცდომით სხვა საგამოცდო ცენტრში მიდიან. ამის თავიდან ასაცილებლად მიმინოშვილი სთხოვს აბიტურიენტებს, კარგად გაეცნონ ბარათზე დატანილ ინფორმაციას:

“მართალი გითხრათ, რაზეც ვღელავ ყოველთვის საგამოცდო პროცესის დაწყების წინ და ძალიან მინდა ყველა აბიტურიენტის ყურამდე მივიტანო, ორი ქალაქი გვაქვს თბილისი და ქუთაისი, სადაც რამდენიმე საგამოცდო ცენტრია. განსაკუთრებით იმ აბიტურიენტების გასაგონად მინდა ეს ვთქვა, რომლებიც თბილისში ან ქუთაისში აბარებენ გამოცდას. უმნიშვნელოვანესია საგამოცდო ბარათზე დატანილი ინფორმაცია დაკვირვებით წავიკითხოთ და ცენტრი არ აგვერიოს გმაოცდებამდე. იმიტომ, რომ არის ასეთი შემთხვევები და ძალიან მტკივნეულია შემდეგ უკვე, როცა ვეღარ ვასწრებთ ჩვენთვის განკუთვნილ საგამოცდო ცენტრში დროულად მისვლას. რაც ყველაზე მთავარია, უნდა მივაქციოთ ყურადღება სესიას და რეგისტრაციის დაწყების დროს.  ცალკეული შემთხვევებია, მაგრამ ეს აბიტურიენტისთვის და განსაკუთრებით მშობლისთვის არის ტრაგედია, როცა ვეღარ ახერხებს უკვე გამოცდაზე გასვლას და ჩვენთვისაც ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია” – ამბობს მიმინოშვილი.

ნუ იქონიებთ ზედმეტ ნივთებს გამოცდაზე

“მოვუწოდებ ყველას, მსუბუქად მოვიდნენ. არ არის საჭირო ბევრი ნივთის წამოღება იმიტომ, რომ რეგისტრაციის დროს დატოვება მოუწევთ და შემდგომ, რა თქმა უნდა, გამოცდის დასრულების შემდეგ გავატანთ, თუმცა ზედმეტი პროცედურაა. შეუძლიათ იქონიონ პლასტმასის ბოთლში წყალი და პირადი ჰიგიენისთვის აუცილებელი ნივთები. დანარჩენი, პირადობის მოწმობა და საგამოცდო ბარათი, დანარჩენს ყველაფერს ადგილზე დავახვედრებთ” – ამბობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი.

დაიცავით წესები

“ძალიან მარტივია წესების დაცვა. განსაკუთრებულად ცუდად უნდა მოიქცე, რომ, ასე ვთქვათ, თუნდაც გაფრთხილება დაიმსახურო. გაფრთხილებას დაიმსახურებ იმ შემთხვევაში, თუ სხვებს უშლი ხელს და არაადეკვატურად იქცევი. მადლობა ღმერთს, არ გვაქვს ბევრი შემთხვევა ასეთი. აქედან გამომდინარე, თუ რაიმე სჭირდება, მინდა ყველა აბიტურიენტმა იცოდეს, იქ მომსახურე პერსონალი, ჩვენ ადამიანები, ვინც ვართ საგამოცდო ცენტრში, პირველ რიგში, მათ ვემსახურებით და თუ რაიმე სჭირდებათ, აუცილებლად მიმართონ, პირველ რიგში, მეთვალყურეს ხელის აწევით და ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენს ხელთ არსებულ პირობებში, რომ დავეხმაროთ” – ამბობს მაია მიმინოშვილი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ცენტრის თანამშრომლები ყველაფერს აკეთებენ, რათა აბიტრურიენტებს დაეხმარონ საგამოცდო სტრესის მოხსნაში და მოუწოდებს მათ, არ იღელვონ და საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ:

“ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ კეთილგანწყობილი გარემო დავახვედროთ და დავეხმაროთ საგამოცდო სტრესის მოხსნაში. ამიტომაც მინდა არ ინერვიულონ, არ იღელვონ და მაქსიმალურად მობილიზებულად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. პირობას ვაძლევ ყველა აბიტურიენტს, ამაში ყველანაირად შეუწყობს ხელს ის მომსახურე პერსონალი, რომელიც მათ საგამოცდო ცენტრში დახვდება” – ამბობს მიმინოშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი