ნუკრი ქანთარია

პარლამენტის სხდომაზე ნუკრი ქანთარიამ რომან გოცირიძეს კუპონები აჩუქა [ვიდეო]

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს ისმენენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, რომან გოცირიძეს კუპონები აჩუქა.

სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ პარლამენტმა ტყუილის მთქმელთა დასჯის შესახებ კანონი უნდა მიიღოს:

“ჩვენ ამ ანგარიშს მხარს არ დავუჭერთ. გასული წლის საბიუჯეტო ცხოვრება უკიდურესად ნეგატიური იყო. მთავრობის მეირ გაწეული ხარჯები პარლამენტთან შეუთანხმებელი იყო, იყო კანონდარღვევით გაწეული ხარჯები, მთავრობა აბუჩად იგდებს პარლამენტს. აქ ითქვა, რომ ქვეყნის საგარეო ვალი ლარის კურსის გაუფასურების გამო გაიზარდა. ეს არის ტყუილი. მიმაჩნია, რომ როცა მაღალი თანამდებობის პირი იტყვის ტყუილს, ის უნდა დაისაჯოს. უნდა მივიღოთ კანონი ტყუილის მთქმელთა დასჯის შესახებ,” – აღნიშნა გოცირიძემ.

ნუკრი ქანთარიას თქმით, რომან გოცირიძის კომპეტენციაში ეჭვი არ შეაქვს, მაგრამ გოცირიძის “დიდი წარმატება და მისი შემოქმედების მწვერვალი” კუპონები იყო:

“ამასწინათ აღმოვაჩინე მისი შემოქმედების მწვერვალი და წამოვუღე. გაგახსენებთ იმ დროს, საქართველოს მოქალაქეები მილიონერები რომ გახდნენ ერთ დღეს. ამაზე დიდს თქვენ ვერასდროს ვერაფერს გააკეთებთ. მე წამოგიღეთ ეს [კუპონები] თქვენ, რაც მაშინ საქართველოს მიეცით. ეს არის თქვენი მილიონები. როცა ფინანსური კრიტიკული გამოძახილი მოგინდებათ, იქნებ ეს გაიხსენოთ და უფრო  თავმდაბალი იყოთ,” – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.