ახალი ამბები

მუნიციპალიტეტების გაერთიანების შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს

30 ივნისი, 2017 • 2341
მუნიციპალიტეტების გაერთიანების შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტის დადგენილება თვითმმართველი ქალაქების სტატუსის გაუქმების თაობაზე სასამართლოში გაასაჩივრეს, რამაც შესაძლოა მუნიციპალიტეტების გაერთიანების პროცესი შეაჩეროს.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ დღეს, 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავენ საჩივრით, რომ ძალადაკარგულად გამოცხადდეს პარლამენტის 15 ივნისს მიღებული დადგენილება, ასევე მიმართავენ პრეზიდენტს, არ მოაწეროს ხელი კანონპროექტს თვითმმართველი ქალაქების გაერთიანებაზე.

ორგანიზაციები ამის მიზეზად იმას ასახელებენ, რომ რეფორმის პროცესში არ ყოფილა საჯარო განხილვები და არ გაუთვალისწინებიათ იმ მოსახლეობის აზრი, ვისაც ეს ცვლილებები ეხება.

მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა კოკა კიღურაძემ განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ კანონის მიხედვით, უნდა გამართულიყო შეხვედრები მოსახლეობასთან, თუმცა შეხვედრები მხოლოდ მერების, გამგებლების და გუბერნატორების წარმომადგენლების დონეზე გაიმართა.

“საჯარო განხილვები სჭირდება, დაახლოებით იმ ტიპის, რასაც საკონსტიტუციო განხილვა გულისხმობს, გამოქვეყნებული უნდა ყოფილიყო პროექტი, რომელიც არ ყოფილა გამოქვეყნებული. ჩვენ მეკობრული გზით მოვიპოვეთ ცალკეული დოკუმენტები, რაც მუნიციპალიტეტებს გაეგზავნა”, – ამბობს კოკა კიღურაძე.

კოკა კიღურაძე ამბობს, რომ ეს საკითხი პირდაპირ ეხება მოქალაქეებს და მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ ქალაქებში ადამიანებს ჰქონდეთ უფლება, ჰყავდეთ არჩეული მერი, საკუთარი ბიუჯეტი და საკუთარი კომპეტენციები.

კოკა კიღურაძის თქმით, თვითმმართველი ქალაქების გაერთიანება დემოკრატიის ხარისხს შეამცირებს და ფიქრობს, რომ ამ გაერთიანების შედეგად სოფლებს ნაკლებ ყურადღებას მიაქცევენ, რადგან საერთო ბიუჯეტიდან საკრებულოს მოუწევს გადაწყვიტოს, ქალაქში დააფინანსოს ინფრასტრუქტურული პროექტები, თუ სოფელში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრის, ირმა პავლიაშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსის მიხედვით, მოსახლეობასთან კონსულტაციების გამართვის ვალდებულება იმ სამთავრობო კომისიას ჰქონდა, რომლის ინიციატივითაც დაიწყეს მუნიციპალიტეტების გაერთიანების პროცესი.

იურისტის თქმით, როდესაც მიმართეს მთავრობას შეხვედრების შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, მათ განუმარტეს, რომ საჯარო შეხვედრების გამართვის კომპეტენცია არ აქვთ.

ირმა პავლიაშვილი ამბობს, რომ კანონის მიხედვით, პარლამენტის დადგენილებით იქმნება მუნიციპალიტეტები, იმისთვის კი, რომ ეს პროცესი შეჩერდეს, უნდა გაუქმდეს დადგენილება.

“[სასამართლომ] შეაჩეროს დადგენილება, რომ არ მიიღოს ის კანონდარღვევები, რომლებზეც ჩვენ ვაპელირებთ. და იმ რეფორმამ, რომელიც თვითმმართველობის კუთხით მიმდინარეობდა, უკუსვლა არ მიიღოს და არ მივიღოთ ისეთი თვითმმართველობა, რომელიც უფრო ცენტრალიზებული იქნება და დეცენტრალიზაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ”, – ამბობს ირმა პავლიაშვილი.

თვითმმართველობების გაერთიანების საწინააღმდეგო კამპანიის ორგანიზატორების განცხადებით, კამპანიაში ჩართულია 120 ორგანიზაცია, მათ შორის: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, საქართველოს მედიაკლუბი, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, რეგიონის განვითარების ცენტრი.

მთავრობის ინიციატივით, 7 თვითმმართველი ქალაქი- ამბროლაური, გორი, თელავი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ახალციხე და მცხეთა -უნდა გაერთიანდეს ამბროლაურის, გორის, თელავის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ახალციხისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებთან, გაერთიანების შემდეგ მათ ერთ მერი ეყოლებათ და ერთი ბიუჯეტი ექნებათ.

გაერთიანებაზე კანონპროექტს პარლამენტმა მხარი 2-ჯერ დაუჭირა, დღეს იმართება მესამე მოსმენით კანონპროექტის განხილვა. მთავრობის მთავარი არგუმენტი არის ფინანსების დაზოგვა, ხოლო არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ქალაქები სტატუსთან ერთად რეალურ თვითმმართველობასაც დაკარგავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი