ახალი ამბები

აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა 7 ივლისს გაიმართება

30 ივნისი, 2017 • 2559
აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა 7 ივლისს გაიმართება

7 ივლისს გაიმართება მორიგი შეხვედრა ქართულ-რუსული დიალოგის ფორმატში – ამის შესაებ დღეს, 30 ივნისს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

“ამ შეხვედრამდე ჩვენ გვექნება 5 და 6 ივლისს შეხვედრები ბრიუსელში, ევროკავშირის სტრუქტურებში მე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს. ვისაუბრებთ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე. ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე, ჟენევაში საერთაშორისო კონსულტაციების პრობლემატიკაზე. ასევე, ქართულ-რუსული დიალოგის მიმდინარეობაზე.

პრაღაში ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს. ის ეხება კონკრეტულ საკითხებს, როგორიცაა სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, გარკვეული ჰუმანიტარული საკითხები. ამ შეხვედრაზე ჩვენ გვინდა ხაზგასმით განვიხილოთ საბაჟო მონიტორინგის თაობაზე 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმების საკითხი. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ დაჩქარდეს მაქსიმალურად ამ შეთანხმების იმპლემენტაცია.

მოგეხსენებათ, ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ შარშან დაასრულა მუშაობა კონტრაქტზე, რომელიც უნდა გაფორმდეს ნეიტრალურ შევიცარულ კომპანიასთან.  ანალოგიური კონტრაქტი უნდა გააფორმოს რუსეთის მხარემაც. ჩვენ ველით მოვისმინოთ რუსეთის მხრიდან დასტური, მზაობა იმის თაობაზე, რომ დასრულდეს მუშაობა და სასურველია დავასახელოთ საორიენტაციო თარიღი, როდის შეიძლება გაფორმდეს ეს კონტრაქტები. ამის შემდეგ შეიქმნება ერთობლივი ქართულ-რუსულ-შვეიცარიული სამუშაო ჯგუფი და, იმედია, დაიწყება ამ შეთანხმების იმპლემენტაცია,”- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი