ახალი ამბები

“კონსენსუსის მთავარი მხარე ვართ ჩვენ” – ოქრიაშვილი მაჟორიტარების სახელით საუბრობს

30 ივნისი, 2017 • 1915
“კონსენსუსის მთავარი მხარე ვართ ჩვენ” – ოქრიაშვილი მაჟორიტარების სახელით საუბრობს

საქართველოს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი მაჟორიტარი დეპუტატების სახელით განცხადებას ავრცელებს, რომელიც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების საარჩევნო ნაწილს, უფრო ზუსტად – არჩევნების მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემებს.

“ჩვენ მრავალჯერ განვაცხადეთ, რომ მაჟორიტარული და შერეული, ისევე, როგორც პროპორციული სისტემა, არის აბსოლუტურად დემოკრატიული და ლეგიტიმური და ამაზე ბევრს აღარ ვისაუბრებთ.

დღეს საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ითხოვს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ჩვენ, მაჟორიტარები, მზად აღმოვჩნდით კომპრომისისთვის, კონკრეტულად, დავთანხმდით პროპორციულ არჩევნებს ბონუსური სისტემის გათვალისწინებით. ასეთი სისტემა არ არის სრულყოფილი, მაგრამ ამცირებს მყიფე და არამდგრადი ცენტრალური ხელისუფლების შექმნის შესაძლებლობებს.

რადგან საქმე ეხება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, ამ საკითხში კონსენსუსის მთავარი მხარე ვართ ჩვენ – პოლიტიკოსები, ვინც მაჟორიტარული არჩევნების მომხრეა, მათ შორის, მოქმედი მაჟორიტარებიც და, რაც მთავარია, ჩვენი ამომრჩეველი. მეორე მხარეს წარმოადგენენ პროპორციული სისტემის მომხრეები უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა მაჟორიტარებმა, ჯამში, მოვიპოვეთ 826 000 ხმა და სწორედ ამიტომ წარმოვადგენთ ამ კონსენსუსის მთავარ მხარეს. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებიც ადასტურებს, რომ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას ემხრობა გამოკითხული მოსახლეობის 47%, ხოლო გაუქმებას – მხოლოდ 28%”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღემდე არსებული ყველა სახელისუფლებო პარტია არჩევნებში დამარცხების შემდეგ პრაქტიკულად გაქრა, ან მნიშვნელოვნად დასუსტდა.

“მიგვაჩნია, რომ ჯერ კიდევ საჭიროა დრო პარტიების სრულფასოვნად ჩამოსაყალიბებლად და გასაძლიერებლად. ამ მოსაზრებას საექსპერტო წრეებიც იზიარებენ. ვიმედოვნებთ, რომ ეს 2024 წლისთვის მოხდება და სწორედ ამიტომ დავთანხმდით, მიგვეცა დრო და შანსი ამ პროცესისათვის. თუმცა ჩვენ, მაჟორიტარები, მივიჩნევთ, რომ დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა არის უკეთესი – უფრო გამართული და გამართლებული ჩვენი ქვეყნის რეალობისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

მაჟორიტარები მოუწოდებენ პოლიტიკური სპექტრის ყველა მონაწილეს, მიიღონ აქტიური მონაწილეობა საკონსტიტუციო კონსენსუსის მისაღწევ პროცესში.

მასალების გადაბეჭდვის წესი