ახალი ამბები

პარლამენტმა საჯარო სამსახურის შესახებ კანონი დაამტკიცა

29 ივნისი, 2017 • 13169
პარლამენტმა საჯარო სამსახურის შესახებ კანონი დაამტკიცა

დღეს, 29 ივნისს, პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით, 89 ხმით დაამტკიცა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი. 

კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას გადაწყდა, რომ ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება  მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის აპარტის თანამშრომლებზე, ასევე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების აპარატების უფროსებსა და მათ მოადგილეებზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების აპარატების უფროსებსა და მათ მოადგილეებზე.

ცვლილებებით კანონი გავრცელდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებზე. ასევე კონკრეტდება სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფლებამოსილება, დაამტკიცოს ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების სტანდარტი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სწრაფი და უწყვეტი ოპერირების მიზნით.

კანონპროექტით ცვლილება შედის მოხელის კლასის მინიჭების საფუძველში. კერძოდ, მოხელისათვის კლასის მინიჭება მოხდება მხოლოდ შეფასების შედეგების გათვალისწინებით.

“კლასის მინიჭება სრულად დამოკიდებულია შეფასებაზე და არ არსებობს შემთხვევა და გაუმართლებელიც იქნებოდა, კლასის მინიჭების საფუძვლად ცალკე სტაჟი რომ გვევლინებოდეს. ამდენად, სტაჟის მიუხედავად, იმისათვის, რომ მოხელემ გადაინაცვლოს მომდევნო კლასში, აუცილებელია მოხდეს მისი შეფასება, რაც თავისთავად აზრს უკარგავდა კანონში არსებულ დათქმას, რომელიც ასევე მითითებას აკეთებდა სტაჟზე,” – აღნიშნულია კანონპროექტში.

სიახლეს წარმოადგენს სერტიფიცირების ვალდებულების გაუქმება იმ პირების მიმართ, რომლებსაც გააჩნიათ უმაღლესი განათლება ან/და წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები. ასევე, განისაზღვრება სერტიფიცირების ელექტრონულად ჩატარების ვალდებულება.

წარმოდგენილი პროექტით განისაზღვრება გარდამავალი პერიოდი, 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე, რომლის განმავლობაშიც კანონის მუხლები ნაწილობრივ გავრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე და დადგინდება მხოლოდ ღია კონკურსების ჩატარების ვალდებულება, ხოლო სხვა საჯარო დაწესებულებებს მიენიჭებათ უფლებამოსილება, 2017 წლის 31 დეკემბრამდე ყველა რანგის ვაკანტურ პოზიციებზე გამოაცხადონ ღია კონკურსი. ასევე, გარდამავალ პერიოდში კონკურსში მონაწილე პირები განთავისუფლდებიან სერტიფიკატის წარდგენის ვალდებულებისაგან.  ასევე, გარდამავალ პერიოდში საჯარო დაწესებულებაში მოხელის მიმართ არ გამოიყენება მოხელის შეფასებისა და წახალისებისათვის ამ კანონით დადგენილი ნორმები.

მასალების გადაბეჭდვის წესი