ახალი ამბები

ვინ არის დამნაშავე ერთი წლის ბავშვის შიმშილით გარდაცვალებაში

25 მარტი, 2013 • 2656
ვინ არის დამნაშავე ერთი წლის ბავშვის შიმშილით გარდაცვალებაში

ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალებამ საზოგადოებაში არა ერთი კითხვა გააჩინა. საზოგადოების ერთი ნაწილი ბავშვის შიმშილით გარდაცვალების ფაქტს აქციებით აპროტესტებდა. ბავშვის შიმშილით გარდაცვალების გამო წუხილი გამოთქვა აჭარის მთავრობამ, განცხადებები გააკეთეს საქართველოს პრეზიდენტმა, სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

 

23 მარტს ბათუმში, დედათა და ბავშვთა ცენტრში, ერთი წლის გოგიტა აბაშიძე გარდაიცვალა. ბავშვი საავადმყოფოში შოკურ მდგომარეობაში მიიყვანეს. ექიმების თქმით, ერთი წლის ბავშვის წონა 4 კგ და 200 გრამი იყო, დაახლოებით იმდენივე, რამდენიც დაბადებისას. ერთი წლის ბავშვის გარდაცვალების მთავარ მიზეზად შიმშილი სახელდება.

 

რატომ ვერ მოხვდა აბაშიძეების ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში, რატომ იყო გულგრილი სოციალური მომსახურების სააგენტო და რატომ ვერ შეძლო დახმარება სოფელმა, რომელმაც გოგიტას მდგომარეობა დროულად არ მიიტანა შესაბამისი უწყებების ყურამდე?

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის განყოფილების უფროსი ბადრი მამულაძე “ბათუმელებთან” საუბარში ამბობს, რომ სოციალურმა აგენტმა აბაშიძეების ოჯახი ბოლოს 15 მარტს მოინახულა, გოგიტა აბაშიძე კი – 19 მარტს დაიბადა:

 

“ეს იყო 2012 წლის მარტში, მაშინ ბავშვი დაბადებული არ იყო და შემდეგ ოჯახს ჩვენთვის არ მოუმართავს. ჩვენ გვაქვს ბავშვზე ზრუნვის სამსახური, რომელიც მოახდენდა რეაგირებას და კვების ვაუჩერს მაინც მივცემდით, მაგრამ სამწუხაროდ ინფორმაცია არ გვქონდა”, – ამბობს ბადრი მამულაძე. მისივე ინფორმაციით, აბაშიძეების ხუთსულიანი ოჯახი, სოციალური დახმარების მიღების მიზნით, სახელმწიფოს 2007 წლიდან მიმართავს, თუმცა დაუცველთა ბაზაში ვერ მოხვდა.

 

ბადრი მამულაძის ინფორმაციით, გოგიტას მამა, ლევან აბაშიძე, შპს “ჯეობსში” მუშაობს და შემოსავალი აქვს. ხელვაჩაურის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ნოდარ თურმანიძის განცხადებით კი, ლევან აბაშიძეს მუდმივი სამუშაო არ აქვს. სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ბავშვის შიმშილით გარდაცვალებაში მშობლების პასუხისმგებლობის საკითხსაც ხედავს:

 

“ჩვენ ბავშვის არსებობაც არ ვიცოდით. ახლა, მისი და-ძმის მდგომარეობას ვსწავლობთ, უნდა მივმართოთ სასამართლოს და გავარკვიოთ, შევუზღუდავთ თუ არა აბაშიძეებს მშობლის უფლებებს, შემდეგ კი ბავშვებს გადავიყვანთ მინდობით აღზრდაში”. ბადრი

 

მამულაძის განცხადებით, საქმეში უკვე ჩართულია სოცმუშაკი და იურისტი: “ერთ კვირაში გავარკვევთ, გადაუდებელი მუხლით გავიყვანოთ ბავშვები, თუ როგორ მოვიქცეთ”.

 

მაყვალა ქოქოლაძე იმ სოფლის მცხოვრებია, სადაც გარდაცვლილი გოგიტას ოჯახი ცხოვრობს. იგი ამბობს, რომ ბავშვის ავადმყოფობის შესახებ აქამდე არაფერი სმენოდა:

 

“მეც იშვიათად დავდიოდი მაგ ოჯახში, ამბობდნენ, წყნარი ბავშვია და ხმას არ იღებსო. არ მინდა ვთქვა, მაგრამ მგონი, ვერც მშობლები ხვდებოდნენ ბავშვის მდგომარეობას. რომ უჭირდათ, ვიცი. ბევრჯერ დაწერეს განცხადება სოციალურ დახმარებაზე, მაგრამ მაღალი ქულები მივიღეთო, ამბობდნენ. ბავშვი რეგისტრირებული არ ჰყოლიათ. უმუშევრობაა სოფელში, მანდარინი არ მანდარინობს, ფხლითა და ორი კილო ლობიოთი ხომ ვერ შეინახავ ოჯახს”.

 

მეზობლის თქმით, შიმშილისგან გარდაცვლილ ბავშვს გულშემატკივარი მხოლოდ ახლა გამოუჩნდა: “იმისთანა ლამაზი ყვავილებით მოსულან აბაშიძეები, ათი ცალი მარტო ბუკეტი იყო მოტანილი, მერსედესებით ამოაკითხეს. კი ჰყოლია კაი წრე”.

 

გოგიტა აბაშიძის მდგომარეობის შესახებ სოფელში ხანძრის პრობლემების გასაცნობად მისულ გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს შემთხვევით გაუგიათ:

 

“ბავშვის დედას პირადობის მოწმობა არ ჰქონია, მაგრამ მამას ხომ ჰქონდა, ამიტომ რატომ არ მოხდა ბავშვის რეგისტრაცია ან სოციალურ სააგენტოში მათი დარეგისტრირება, ვერ გეტყვით, ეს უკვე საკანონმდებლო საკითხია და უნდა გადაიხედოს”, – ამბობს ნოდარ თურმანიძე. მისი თქმით, გამგეობა ოჯახს 500 ლარით დაეხმარა.

 

გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა ბავშვთა სიღარიბეზე 2012 წელს, ივლისში გამოქვეყნდა. ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოში 77 000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ანუ 16 წლამდე ბავშვების 9,6 პროცენტზე დღეში საარსებოდ 2 ლარი იხარჯება. 205 000 ბავშვი კი ცხოვრობს სიღარიბის კატეგორიაში, რომელთა დღიური ხარჯი 3,6 ლარია.

 

გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელის, მაია ქურციკიძის განცხადებით, ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია და არსებული სოციალური დაცვის მექანიზმები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ბავშვთა ინტერესებს. მაია ქურციკიძის განცხადებით, სიღარიბესთან ბრძოლის პროგრამებში, მეტი ინვესტიციაა საჭირო:

 

“სიღარიბე დაიძლევა იმ შემთხვევაში, თუ გავზრდით მიზნობრივ სოციალურ დახმარებას და შემოვიღებთ ბავშვთა საყოველთაო შეღავათს”.

 

კიდევ ერთი პრობლემა, რამაც მაია ქურციკიძის განცხადებით, გოგიტას სიკვდილი გამოიწვია, კვების მწვავე დეფიციტია, რომელიც დღეს, დიდ პრობლემას წარმოადგენს ქალებისა და ბავშვებისათვის:

 

“ორსულობისას ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობა დედებში იწვევს ანემიას, რის გამოც ბავშვები თანდაყოლილი ჯანმრთელობის პრობლემებით იბადებიან. ჩვენი გამოთვლებით, დაახლოებით ნახევარი მილიონი ქალი და ბავშვი განიცდის კვებით დეფიციტს რაიმე ფორმით, ამის გამო საქართველოში ყოველწლიურად, ხუთ წლამდე ასაკის 300-მდე ბავშვი იღუპება.”

 

მაია ქურციკიძის განცხადებით, სისტემური ხარვეზია დედათა და ბავშვთა მომსახურებაში, რადგან არის ფრაგმენტული და არ არის შენარჩუნებული უწყვეტობა.

 

“ქალთა კონსულტაცია, სამშობიარო, პირველადი ჯანდაცვის რგოლი, კოორდინირებულად უნდა მოქმედებდეს, რომ სახელმწიფო ბავშვს მუდმივად აკონტროლებდეს”.

 

მისი განცხადებით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა ის, რომ დაცული იყოს ბავშვი.

 

“როცა საუბრობენ იმაზე, რომ არ იყო გარდაცვლილი ბავშვი რეგისტრირებული, ერთხელ ხომ მაინც მივიდოდა დედა კონსულტაციაზე? სოციალური აგენტი ხომ დაინახავდა, რომ ორსულად იყო? ამიტომ ვამბობთ, რომ ეს ბავშვი პირველივე თვიდანვე უნდა ყოფილიყო ექიმებისა და სახელმწიფოს მეთვალყურეობის ქვეშ”.

 

რაც შეეხა სოციალურ მომსახურებას, მაია ქურციკიძე ამბობს, რომ სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება.

მასალების გადაბეჭდვის წესი