რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი და კონტექსტი

ავტორი: თამთა მიქელაძე, EMC


 

რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ორ ძირითად მუხლს შეეხებამოქმედი კონსტიტუციის მე-9 მუხლს, რომელიც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობას აწესრიგებს და არსებითად მართმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ სამართლებრივ და პოლიტიკურ როლს უსვამს ხაზს; და მოქმედი კონსტიტუციის მე-19 მუხლს, რომელიც რელიგიის თავისუფლებით დაცულ ფარგლებსა და სტანდარტებს განსაზღვრავს.

მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მომზადებული კონსტიტუციური ცვლილებების პროექტში, მე-9 მუხლში ადამიანის უფლებების მნიშვნელობაზე ორიენტირებული დეკლარაციული ჩანაწერების დასუსტებასა და, ამავდროულად, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთადამოუკიდებლობისა და გამიჯნულობის პრინციპის ექსპლიციტური დეკლარირების არარსებობის პრობლემის თაობაზე ვენეციის კომისიას მივმართეთ და აქტიური საჯარო დისკუსიების საგანიც გახდა.

სამწუხარიდ, ამ საკითხს ვენეციის კომისიის დასკვნა არ შეეხო, ხელისუფლებამ ამ მიმართულებით ჩვენი შენიშვნები არ გაიზიარა.  იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას კონსტიტუციის პირველ თავში, რომელიც  სახელმწიფოს მოწყობის ინსტიტუციურ, პოლიტიკურ და ფილოსოფიურ პრინციპებს განსაზღვრავს, რელიგიური ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის კონცეპტები და პრინციპები შემოეტანა, ის სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობის ამსახველ ჩანაწერებს და იდენტიფიკაციებს აძლიერებს.   

მე-19 მულხთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები სამართლებრივი თვალსაზრისით რელიგიის თავისუფლების სტანდარტებს არსებითად არ ცვლის და არ ასუსტებს. მუხლში ცვლილება ორი მიმართულებით იგეგმება:

  1. მე-19 მუხლის პირველ ნაწილში ზუსტდება უფლებით დაცული სფერო და ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად, რწმენის თავისუფლებასთან ერთად მუხლში ეთითება აღმსარებულობის თავისუფლება, რაც ასევე იყო ვენეციის კომისიაში ჩვენ მიერ გაგზავნილი მიმართვის ერთერთი საკითხი;
  2. მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნებს ჩამოთვლის, მოდიფიცირდება და ეს მოდიფიცირება ლოგიკურიცაა მე-19 მუხლში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების ზოგადი ლოგიკის კონტექსტში. კერძოდ, მოქმედი კონსტიტუციის მე-19 მუხლი  რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სიტყვის და აზრის თავისუფლებასაც მოიცავს და მე-19 მუხლი კონსტიტუციის 24- მუხლთან კავშირში განიხილება. ამ სტრუქტურაში მე-19 მუხლის მესამე ნაწილი არსებითად პირად სივრცეში რელიგიის თავისუფლების გამოვლენის შესაძლო შემთხვევას მოიცავს (ეს რელიგიის თავისუფლების გამოვლენის შეზღუდვის ისეთი შემთხვევებია, რომელიც იმდენად ინტენსიურია, რომ რწმენის თავისუფლებით აბსოლუტურად დაცულ შიდა სფეროს (forum internum) უახლოვდება და მისი შეზღუდვა უფრო ვიწრო ლეგიტიმური მიზნებით შეიძლება იყოს გამართლებული).

 

რელიგიის თავისუფლების საჯარო, გარე გამოხატვის შემთხვევები კი კონსტიტუციის 24- მუხლის მე-4 ნაწილის რეგულირებაში ექცევა.  მიმდინარე ცვლილებების  ფონზე, როცა ხდება მე-19 და 24- მუხლებით დაცული სფეროების მკაფიო გამიჯვნა, მე-19 მუხლის მე-3 ნაწილი არსებითად ტრანსფორმიდება რწმენის და აღმსარებლობის გარეგანი, საჯარო გამოხატვის მომწესრიგებელ ნორმად, რომელიც უფრო ფართო და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებულ საფუძვლებს ითვალისწინებს.

ვენეციის კომისიის დასკვნაც რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნების გაფართოების მოწოდებას ითვალისწინებდა, რადგან ამ მიზნების ვიწრო განსაზღვრა ისევ უფლების სათანადო რეალიზებას გაართულებდა მისი გაუმართლებელი შეზღუდულობის გამო. ამ პირობებში მე-19 მუხლის 3 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური შემთხვევა, რომელიც ატიპური ჩანაწერია, სასამართლოების სათანადო და კეთილსინდისიერი განმარტების საგნად დარჩება. მით უმეტეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მსგავს შემთხვევებზე მნიშვნელოვანი განმარტებები უკვე აქვს გაკეთებული. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, ირაკლი კობახიძის მითითება, რომ დღეს ძალიან მაღალი სტანდარტითაა დაცული რწმენის თავისუფლება და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ შეზღუდვის საფუძვლები დაზუსტებულიყო, სამართლებრივად ზუსტი შეფასება არ არის და ის მე-19 მუხლის მოდიფიცირების პირობებში ნორმაში დარჩენილი ხარვეზი უფრო იყო, რომელმაც რელიგიის თავისუფლების გამოხატვის სტანდარტული საფუძვლები არ მოიცვა.  

ცალკე უნდა შევეხოთ რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ცალკეული რელიგიური ორგანიზაციების შექმნის აკრძალვის თაობაზე კონსტიტუციაში სპეციალური ჩანაწერის გაკეთებას უკავშირდება. მისი თქმით, არსებობსისლამური სახელმწიფოდა მსგავსი ტერორისტული ორგანიზაციები და მათთან დაკავშირებულ რელიგიური ჯგუფები, მათ შორის, მსგავსი ორგანიზაციები საქართველოს ტერიტორიაზეც არსებობენ და მნიშვნელოვანია მსგავსი ორგანიზაციების შექმნის დაუშვებლობის ჩაწერა კონსტიტუციაში. აღნიშნული განცხადება რელიგიის და განსაკუთრებით ისლამის საკითხების მხოლოდ უსაფრთხოების პარადიგმაში განხილვის მაგალითია. ორგანიზაციები, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციებთან არიან კავშირში, სისხლის სამართლის კოდექსის (მათ შორის, 327- მუხლის) შესაბამისად, ისედაც აკრძალულია (ლიკვიდაციას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, დაჯარიმას, შესაბამისი ინდივიდუალური პირები კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ექვემდებარებიან). როცა სესიაშვილი საქართველოში მსგავსი რელიგიური ჯგუფების არსებობაზე უთითებს, გაუგებარია, სახელმწიფო ამ ჯგუფებზე რეაგირებას აქამდე რატომ არ ახდენს და შესაბამის ზომებს უკვე არ იყენებს?

ეს საკითხი ხელისუფლების მხრიდან ხშირად პოლიტიკური სპეკულაციის საგანია, რომელიც ისლამთან დაკავშირებულ დისკუსიებს მეტწილად ტერორიზმის და ძალადობის პრიზმაში აქცევს და მათ შორის, მუსლიმების უფლებების შეზღუდვის ფაქტებს უსაფრთხოების საკრალიზებული ინტერესით ბლანკეტურად ამართლებს. კონსტიტუციაში მსგავსი დებულების გათვალისწინება რელიგიური ორგანიზაციის დეფინირების, მათ ავტონომიაში ჩარევის და შესაძლოა ისლამოფობიური ჩანაწერის (გაჩნია მის ტექსტს) გაჩენის მაღალ რისკებს  შექმნის და იმ პირობებში, როდესაც სხვა სამართლებრივი მექანიზმები ისედაც არსებობს, მისი გაჩენა კონსტიტუციაში სამართლებრივ აუცილებლობით დასაბუთებას ვერ უძლებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი