დეკანოზის საქმე: დაიკითხებიან გამომძიებლები, რომლებიც ესწრებოდნენ დეკანოზის ჩხრეკას აეროპორტში

დღეს, 11 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესი, რომელზეც, პროკურატურის ცნობით, ის გამომძიებლები დაიკითხებიან, ვინც აეროპორტში ამოიღეს დეკანოზის ბარგი.

,,დღევანდელ სასამართლო პროცესზე გრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. უნდა დავკითხოთ დაახლოებით 10 მოწმე, მათ შორის არიან გამომძიებლები. რომლებმაც უშუალოდ აეროპორტიდან ამოიღეს ბარგი. არიან გამომძიებლები, რომლებმაც მამალაძის ბინაში ჩაატარეს ჩხრეკა და იპოვეს ცეცხლსასროლი იარაღი. ისინი ისაუბრებენ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებაზე. თუ დაცვის მხარეს სამართლებრივი არგუმენტები აქვს და ეჭვქვეშ აყენებენ საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებას, ეს ის პროცესია, როდესაც მათ კითხვები უნდა დაუსვან. დარწმუნებული ვართ, რომ ისინი დაამტკიცებენ მათი საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებას და  დღევანდელ სასამართლო პროცესზე ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმევა დაცვის მხარის უსაფუძვლო აპელირებას, თითქოს ბრალდების მცარე არაკანონიერად ატარებდა საგამოძიებო მოქმედებებს,” – განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

რაც შეეხება აეროპორტიდან ჩანაწერის ამოღებას, რომელსაც დაცვის მხარე ითხოვს, პროკურორმა განაცხადა, რომ მათ არ აქვთ ჩანაწერი.

„ბრალდების მხარეს არ აქვს ჩანაწერი. დაცვის მხარეს ჰქონდა სამართლებრივი უფლებამოსილება, მოეთხოვათ ეს ჩანაწერი სასამართლოს მეშვეობით”, – განაცხადა პროკურორმა.

მისი განმარტებით, დასაკითხი პირებიდან ნაწილი არიან გამომძიებლები, ნაწილი კი-მომწმეები, რომლებიც ესწრებოდნენ ჩხრეკის პროცესს.
პროკურორის განმარტებით, პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი დღეს არ იქნება დაკითხვაზე. თუ როდის- ამის შესახებ მოგვიანებით განაცხადებენ.

დეკანოზის ადვოკატი გიორგი ფანცულაია კი აცხადებს, რომ არ იციან, თუ ვინ დაიკითხებიან დღეს.

”თუ დაიკითხებიან ის პირები, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ბარგთან, ნამდვილად გვექნება არაერთი მნიშვნელოვანი კითხვა იმიტომ, რომ როგორც ამ ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით, ბარგთან დაკავშირებით არაერთი სამართლებრივი და დასაბუთებული კითხვის ნიშანი არსებობს, თუ როგორ მოხდა მისი ამოღება, დალუქვა, გარკვეული პირების მიერ ციანიდის მოთავსება.
თუ პროკურატურა იმ პოზიციაზეა, რომ ისინი კვლავ თავის პოზიციას გაამყარებენ. ამ პოზიციაზე ისინი არიან ყველა მოწმის დაკითხვის წინ, მაგრამ დაკითხვის შემდეგ ეს პოზიცია ნაკლებად აქვთ, რადგან ყველა მოწმე ადასტურებს იმ ფაქტს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. დღეს თუ იქნებიან ის პოლიციელები და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, რომლებიც მოწმეთა სიაში არიან შეყვანილი და შეხება აქვთ ბარგთან, მათ არაერთ მწვავე კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა”-განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

რაც შეეხება იარაღს, მისი თქმით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ მას იარაღი სახლში ირაკლი მამალაძემ შეანახინა.

”სთხოვა მას, როგორც მოძღვარს, იარაღი შეენახა”- ამბობს ფანცულაია.

ფანცულაიას თქმით, იმის მიუხედავად, რომ ირაკლი მამალაძემ დაკითხვისას არ დაადასტურა ეს ფაქტი, ვერ გასცა დეკანოზის კითხვებს პასუხი, რაც მოსამართლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება უნდა იყოს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com