ახალი ამბები

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო

25 მარტი, 2013 • • 1719
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო

კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ პრეზიდენტს პარლამენტის ნების საწინააღმდეგოდ მთავრობის დათხოვნის უფლება აღარ ექნება. ცვლილებები შედის კონსტიტუციის სამ მუხლში. კერძოდ, პარლამენტის მიერ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე მთავრობის მოვალეობის შესრულებას გადაყენებული (ან გადამდგარი) მთავრობა გააგრძელებს. პრეზიდენტს ჩამოერთმევა მინიჭებული უფლება, პარლამენტის წინააღდმდეგობის მიუხედავად, ახალი მთავრობის ფორმირება მოახდინოს. გარდა ამისა, მთავრობის გადადგომის ან პრეზიდენტის მიერ მისი გადაყენების შემთხვევაში, პრეზიდენტი მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებამდე. გადამდგარი და/ან გადაყენებული მთავრობის უფლებამოსლება რიგგარეშე არჩევნების შემდეგ არჩეული პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებისას შეუწყდება. 

 

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით დამკიცებამდე პარლამენტში სარეიტინგო კენჭისყრა გაიმართა, სადაც დაფიქსირდა, რომ მმართველმა კოალიციამ ვერ მოახერხა საკონსტიტუციო უმრავლესობის შეგროვება. თუმცა სარეიტინგო კენჭისყრის შემდეგ უმცირესობამ ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

 

პარლამენტის თავმდჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ კანონპროქტის გამოქვეყნების შემდეგ უმრავლესობა მზად იქნება გამართოს კონსულტაციები პრეზიდენტის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის შესახებ:

 

“მე მინდა ეს მოვლენა მივულოცო, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობას, ხალხს და მის მიერ არჩეულ ორგანოს, საქართველოს პარლამენტს, რომელიც ამ ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ იქნება საქართველოს ხალხის ნების ექსკლუზიური აღმასრულებელი, გამომხატველი იმ საკითხში, თუ ვინ და როგორ უნდა მართოს ქვეყანა. ამ პროცესმა ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, მაგრამ არაუშავს. ჯობია ეს ვნებათაღელვა იყოს ხოლმე ამ დარბაზში, სხვა დარბაზებში პოლიტიკოსთა შორის, პოლიტიკურ ძალებს შორის. მე მგონია, რომ ეს ყველაფერი წაადგება ქვეყნის წინსვლას და განვითარებას. დადგენილი პროცედურებით გაფორმდება ჩვენი გადაწყვეტილება, გაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს და მე მინდა განვაცხადო, რომ ამ კანონზე ხელმოწერის და მის გამოქვეყნებისთანავე საქართველოს პარლამენტი მზად იქნება საქართველოს პრეზიდენტს შესთავაზოს ამ დარბაზში გამოსლა იმ მოხსენებით, რომელზეც იყო საუბარი. ჩვენ ჩვენი სიტყვის ერთგული ვართ. საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის დასრულებისთანავე ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვიქნებით ამისთვის და შესაბამისად, კანონპროექტის გამოქვეყნებისთანავე ჩვენ შეგვიძლია გავმართოთ კონსულტაციები იმის თაობაზე, თუ როდის შეიძლება პრეზიდენტის მობრძანება ამ დარბაზში.”

მასალების გადაბეჭდვის წესი