ახალი ამბები

სტიქიამ სკოლებს და სხვა ნაგებობებს ძირითადად სახურავები დაუზიანა

25 მარტი, 2013 • 1246
სტიქიამ სკოლებს და სხვა ნაგებობებს ძირითადად სახურავები დაუზიანა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში სტიქიით დაზარალებულთათვის ცხელი ხაზი მოქმედებს, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა.


ცხელ ხაზზე ბოლო მონაცემებით, 90-მდე შეტყობინება შევიდა, მათ შორის უმეტესობა, 75 ზარი, თბილისიდან, 5 ზარი გორიდან, ხოლო 7 ზარი სხვა მუნიციპალიტეტებიდან.


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით კი, საქართველოს მასშტაბით სტიქიამ 20 სკოლა დააზიანა. სკოლების დიდ ნაწილს ქარმა სახურავი მთლიანად ან ნაწილობრივ გადახადა, ჩამსხვრეულია მინები.


სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლაში დღეს დილიდან  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი იმყოფებოდა. სკოლაში 734 მოსწავლე სწავლობს. ქარმა  სკოლას სახურავის ნახევარი  ახადა.  თუმცა სკოლაში სწავლა არ შეწყვეტილა.


სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 9 საჯარო სკოლა ოზურგეთში დაზიანდა. სკოლები დაზიანდა რუსთავში, კასპში, გორში, თბილისში, ქობულეთსა და შუახევში. მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა სრულ მზადყოფნაშია,  რათა  სწრაფად აღმოიფხვრას სტიქიის შედეგები და აღდგენითი სამუშაოები დაიწყოს. სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ რიგში წვიმისაგან დამცავი აუცილებელი ღონისძიებები გატარდება. აღდგება დაზიანებული ფანჯრები და ელექტროგაყვანილობა, ხოლო შემდეგ  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი