ახალი ამბები

პარიზის კლიმატური შეთანხმების მიზნები საქართველოსთვის

28 ივნისი, 2017 • 2630
პარიზის კლიმატური შეთანხმების მიზნები საქართველოსთვის

სითბური აირების გამოყოფის შემცირება 15-25%-მდე, ენერგოდამზოგავი ტექნოლოგების განვითარება და ბუნებრივი აირის დანაკარგის შემცირება, ეს ის მიზნებია, რაც საქართველომ ვალდებულებად აიღო, პარიზის კლიმატური შეთანხმების მიხედვით.

2015 წლის 12 დეკემბერს დადებული პარიზის შეთანხმების შემდეგ ქვეყნებმა წარადგინეს “ეროვნულად განსაზღვრული წვლილის“ დოკუმენტი, რომლშიც ასახულია, რა ხედვა აქვს ქვეყანას სითბური აირების გაფრქვევის შემცირებისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის მიმართულებით.

მაია ცხვარაძემ, გარემოს დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა, “ინტერნიუს – საქართველოს” ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე განმარტა, რომ ამ დოკუმენტში საქართველომ დააფიქსირა, რომ მზადაა, სითბური აირების გაფრქვევა უპირობოდ შეამციროს 15%-ით, ხოლო საერთაშორისო საზოგადოების დახმარების მეშვეობით- 25%-მდე, ამ ვალდებულების შესრულების ვადად 2020-2030 წელია მიჩნეული.

“ეროვნულად განსაზღვრული წვლილის“ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მან უნდა იზრუნოს ბუნებრივი გაზის დანაკარგების შემცირებაზე, ტყის მასივების გაზრდაზე, რადგან ტყე ახდენს ემისიების ჩაჭერას, უნდა გაზარდოს დაცული ტერიტორიების ფართობი და გაატაროს ენერგოეფექტური ღონისძიებები.

მარინა შვანგირაძე, მდგრადი განვითარების სააგენტოს “რემისია” წარმომადგენელი ამბობს, რომ “ეროვნულად განსაზღვრული წვლილის“ დოკუმენტის მომზადებაში ევროკავშირიც იყო აქტიურად ჩართული, ეს დოკუმენტი უნდა გარდაიქმნას სამოქმედო გეგმად და 2020 წლისთვის მზად უნდა იყოს.

რატომაა მნიშვნელოვანი პარიზის შეთანხმება საქართველოსთვის? მაია ცხვარაძის განმარტებით, პრიზის შეთანხმება ყველა ქვეყანას, განვითარებად თუ განვითარებულს, ავალდებულებს, რომ ერთობლივად იზრუნონ კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული ზიანის შემცირებაზე.

გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, ეკა გრიგალავამ განმარტა, რომ აქამდე დადებული შეთანხმებები, მათ შორის გაეროს კლიმატის კონვენცია და კიოტოს ოქმი, განვითარებული ქვეყნებისკენ იყო მიმართული, პარიზის შეთანხმება კი  პირველი შემთხვევაა, როდესაც გლობალურ ძალისხმევას მიუერთდნენ განვითარებადი ქვეყნები.

“ეს არის იმით განპირობებული, რომ განვითარებადი ქვეყნებში სითბური აირების ემისიამ გადააჭარბა განვითარებული ქვეყნების ემისიას”, – განმარტა მინისტრის მოადგილემ.

კლიმატის ცვლილება ბუნებრივ კატასტროფებში გამოიხატება, როგორიცაა წყალმოვარდნები და წყალდიდობები, საქართველოში ორი სახის პრობლემაა, დასავლეთში ეს წყალდიდობებში გამოიხატება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში- გაუდაბნოებაში,

ცხვარაძის განმარტებით, ამის მიზეზი სითბური აირების გაფრქვევაა, მისი თქმით, ატმოსფეროში დაგროვილი სითბური აირები ატარებენ მზის სხივს დედამიწამდე, თუმცა მათ ზემოქმედებით ნაკლები სითბო გაიფრქვევა კოსმოსში დედამიწიდან, რაც იწვევს ჰაერის ტემპერატურის მომატებას.

მაია ცხვარაძის თქმით, პარიზის შეთანხმების მთავარი გზავნილიც სწორედ ისაა, რომ ჰაერის ტემპერატურის მატება შემცირიდეს 2 გრადუსამდე, თუ ეს მაჩვენებელი ვერ შეინარჩუნეს, მაშინ გაგრძელდება ისეთი პროცესები, რომლებიც შეუქცევადი გახდება.

თუმცა სითბური აირების გამოყოფის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გატარება პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებამდე დაიწყო. ამის მაგალითია ევროკავშირის რამდენიმე პროექტი, რომელიც პარიზის კლიმატის შეთანხმების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია.

ევროკავშირის ერთ-ერთი ინიციატივაა მერების შეთანხმება, რომელიც ნებაყოფლობითია, მას შეუერთდა საქართველოს 13 ქალაქი. პირველი ქალაქი იყო თბილისი, რომელმაც ხელი მოაწერა შეთანხმებას.

შეთანხმების მიხედვით, ქალაქები იღებენ ვალდებულებას,რომ 2020 წლისთვის შეამცირებენ სითბური აირების გამოყოფას. ამ ინიციატივის ფარგლებში ქალაქის ხელმძღვანელები მუშაობენ იმაზე, თუ როგორ შეამცირონ ემისიები კონკრეტულ ქალაქში.

კიდევ ერთი პროექტია მწვანე კლიმატის ფონდი, რომელშიც მობილიზებულია 100 მილიარდი დოლარი და აფინანსებს პროექტებს განვითარებად ქვეყნებში. მაია ცხვარაძის განმარტებით, საქართველოდან წარდგენილია პროექტი, რომლის მიხედვითაც წინასწარი შეტყობინების სისტემები დამონტაჟდება საქართველოს ყველა რისკიან მდინარესა და ხეობაში

ამის გარდა, ისინი მუშაობენ, რომ მოამზადონ ორგანიზაცია, რომელსაც ექნება აკრედიტაცია მწვანე ფონდში და შეეძლებათ პირდაპირ წარადგინონ პროექტები, ამ ეტაპზე გარემოს დაცვის სამინისტრო UNDP-სთან თანამშრომლობს და მათი დახმარებით წარადგენს მდინარეებზე წინასწარი შეტყობინებების სისტემების დამონტაჟების პროექტს. მაია ცხვარაძის განმარტებით, განსაკუთრებით დაინტერესებულია საპატრნიორო ფონდი და თიბისი.

მაია ცხვარაძე იმედოვნებს, რომ დაინგრევა სტერეოტიპები, რომ კლიმატის ცვლილების ეფექტების შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯები აზიანებს ბიზნესს.

“ეს ახალ შესაძლებლობებს წარმოშობს, აქ საუბარია ახალი ტექნოლოგიების განვითარებაზე, მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე, როდესაც ისინი ამცირებენ ემისიებს, მათი ეკონომიკა იზრდება”, – ამბობს მაია ცხვარაძე.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ევრიკავშირში დიდად აფასებენ, რომ საქართველო ამ შეთანხმების ნაწილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი