ახალი ამბები

“ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატები შუალედური არჩევნებისთვის

25 მარტი, 2013 • 996
“ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატები შუალედური არჩევნებისთვის

იურისტი გიორგი კახიანი “ნეტგაზეთთან” საუბარში ადასტურებს, რომ “ქართული ოცნებიდან” აქვს შეთავაზება, კენჭი იყაროს სამტრედიის მაჟორიტარულ ოლქში, თუმცა, მისი თქმით, ოფიციალური განცხადება ამის თაობაზე ხვალ, 26 მარტს გაკეთდება.

 

კახიანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის კონსტიტუციური სამართლის მიმართულების ასოცირებული პროფესორია. 2009-10 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. გასულ წლებში მუშაობდა საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოებში.

 

კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატი ბაღდათის საარჩევნო ოლქში იურისტი პაატა კიკნაველიძე იქნება. ის, როგორც იურისტი, საქმიანობს სასამართლო, გაკოტრებისა და რეორგანიზაციის, საერთაშორისო არბიტრაჟის, ერთობლივი საწარმოების  შერწყმა შეძენის, საკორპორაციო სამართლის, ბუნებრივი რესურსებისა და პრივატიზაციის საქმეთა წარმოების სფეროში.

 

2012 წელს პაატა კიკნაველიძე იცავდა “ქართუ ჯგუფის” უცხოელი აქციონერების ინტერესებს, როდესაც აღსრულების ბიურომ “ქართუ ჯგუფის” აქციები დააყადაღა და აქუციონზე გაიტანა გასაყიდად იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი მიჩნეული იქნა “ქართუ ბანკის” ბენეფიციარ მესაკუთრედ.

 

ჯერ უცნობია, თუ ვინ იქნება კოალიციის კანდიდატი ნაძალადევში. 

 

რამდენიმე დღის წინ რეგიონული მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი წინააღმდეგია პარლამენტში მსახიობებისა და სხვა ადამიანების შეყვანის, რომლებსაც შესაბამისი გამოცდილება არ აქვთ:

 

“რომ იცოდეთ უსუფაშილის აზრი, ჩვენ გვყავს უმრავლესობა პარლამენტში. მათ გამოცდილება არ აქვთ პარლამენტში მუშაობის. უსუფაშვილი ყოველდღე მახსენებს, რომ არ გავბედო და არ შევიყვანო სიაში ცნობილი მსახიობი ან ვინმე სხვა. მას უნდა შეეძლოს მუშაობა კანონებთან, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ეს გამოცდილება და ასეთ ადამიანებს ვეძებთ. პირდაპირ მახსენებს, ვისი გუნდის წევრიც არ უნდა იყოს, მაგრამ მან უნდა იცოდეს, როგორ იმუშაოს პარლამენტში, ჩვენი გუნდიდან სამი კაციც ვერ მეხმარება – ასეთი პოზიცია აქვს უსუფაშვილს. ჩვენ შევიყვანეთ ჩვენი საყვარელი ხალხი სიაში, მოვიგეთ არჩევნები, მაგრამ იქ არის პროცედურა. ჩვენ კანონშემოქმედებით უნდა დავიწყოთ. თუ გვინდა დემოკრატია ავაშენოთ, კანონები უნდა შევქმნათ და მერე უნდა შევასრულოთ,” – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა ამჟამინდელი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, სამტრედიის – ამჟამინდელი ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და ნაძალადევის – ამჟამინდელი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. იმის გამო, რომ ისინი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავიდნენ, დაინიშნა აღნიშნულ ოლქებში შუალედრური არჩევნები.

მასალების გადაბეჭდვის წესი