ახალი ამბები

ხულორდავა: უვიზო მიმოსვლის შემდეგ ევროპის ქვეყნებში 114 ადამიანი არ შეუშვეს

28 ივნისი, 2017 • 16404
ხულორდავა: უვიზო მიმოსვლის შემდეგ ევროპის ქვეყნებში  114 ადამიანი არ შეუშვეს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან დღემდე საქართველოდან ევროკავშირის საზღვრის კვეთაზე უარი  114 ადამიანს ეთქვა. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“გვახსოვს, რომ დიდი იყო შიში. ამბობდნენ, რომ არაფერი შეიცვლებოდა და საზღვრებიდან მოაბრუნებნდნენ ჩვენს მოქალაქეებს, მაგრამ რეალრუად კარგი მდგომარეობა გვაქვს. უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან დღემდე 37 600 მოქალაქეზე მეტმა ისარგებლა ახალი შესაძლებლობით და აქედან მხოლოდ 0, 3 მეათედ პროცენტს ეთქვა უარი საზღვრის გადაკვეთაზე. ევროკავშირი იცავს და ასრულებს თავის პირობებს. ახლა დრო არის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმაც შეასრულონ ის მოთხოვნები, რასაც უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს და ვადები არ დაარღვიონ,” – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

დეპუტატის თქმით, ევროკავშირის მიმართულებით მგზავრების ნაკადი 2,5-ჯერ გაიზარდა, რაც ძალიან სასიხარულოა:

“ეს ინტეგრაციისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯია. ჩვენი ქვეყნის ცნობადობა იზრდება, ჩვენი მოქალაქეებიც უკეთ ეცნობიან იმ ახალ შესაძლებლობებს, რომლებსაც ევროკავშირი გვთავაზობს. ეს არის ნაბიჯი, რომელიც წერტილს დაუსვამს კითხვებსა და სპეკულაციებს ჩვენი ქვეყნის საგარეო ორიენტაციაზე.”

რაც შეეხება უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევას, უვიზო მიმოსვლის დაწესებიდან 90-ე დღე დღეს, 28 ივნისს გადის და ჯერ-ჯერობით პირობების დარღვევის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირის ქვეყნებში ვიზის გარეშე მოგზაურობა 28 მარტიდან შეუძლიათ. დღეს, 28 ივნისს, უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან სამი თვე გავიდა.

update: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში მითითებული იყო, რომ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე უარი დაახლოებით 113 ადამიანს ეთქვა, რადგან თამარ ხულროდავას პარლამენტის სხდომაზე ზუსტი ციფრი არ დაუსახელებია.   სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, “ნეტგაზეთმა” დეპუტატს ეს მონაცემები დააზუსტებინა. მისი თქმით, საქართველოდან უვიზოდ 37 632 მოქალაქე წავიდა და საზღვრის კვეთაზე უარი 114 ადამიანს უთხრეს. შესაბამისად, სტატია შესწორდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი