ახალი ამბები

სასამართლოების საკითხი მომავალი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა

24 მარტი, 2013 • • 1017
სასამართლოების საკითხი მომავალი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა

“ხვალ არ განვიხილავთ საერთო სასამართლოების შესახებ საკანონმდებლო პაკეტს, სავარაუდოდ იგი 3 აპრილის პლენარულ სხდომაზე იქნება შეტანილი დღის წესრიგში.  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გაუგზავნა მოთხოვნა თავისი დღის წესრიგით რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით. ასეთი პროცედურაა, პრეზიდენტი ან იწვევს ამ დღის წესრიგით და მისი ამოწურვისთანავე მთავრდება ეს სხდომა, ან არ იწვევს. პრეზიდენტი არ  დაეთანხმა, არ მოიწვია ეს სხდომა და თვითონ, თავისი ინიციატივით მოიწვია რიგგარეშე სხდომა, თავისივე დღის წესრიგით”– განუცხადა “ნეტგაზეთს” იმერლიშვილმა. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 მარტს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ–გვერდზე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე მოწვევის განკარგულება გამოქვეყნდა. 

 

რიგგარეშე სხდომა 2013 წლის 25 მარტს, დღის 2 საათზეა მოწვეული.  სხდომის ფარგლებში 49 საკითხზე იმსჯელებენ, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ”. განკარგულების მიხედვით, განსახილველ საკითხებს შორის არ არის საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის მესამე მოსმენა და დამტკიცება. 

 

დღესვე  პრეზიდენტის მრჩეველმა ნინო კალანდაძემ  განაცხადა, რომ  მიხეილ სააკაშვილი საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებასთან დაკავშირებულ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგს მხარს ვერ დაუჭერს. 

 

“კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია ცნობილია და იგი ეთანხმება ამ ცვლილებას; ხოლო რაც შეეხება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებას, ამასთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ თუ კანონპროექტი წარმოდგენილი რედაქციით იქნება მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს დღეს, გადამწყვეტ ეტაპზე  დააკარგვინებს შანსს, წარმატება იქონიოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე და საქართველოს დააკარგვინებს შანსს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების. მოგეხენებათ, ევროპის სახალხო პარტიის ლიდერებმა სწორედ ეს ჩანაწერი მკაცრად გააკრიტიკეს, ეს არის არა რეფორმა, არამედ ანტირეფორმა და პირდაპირ მიმართული იმისკენ, რომ სასამართლო სრულად დაუქვემდებაროს სამთავრობო კონტროლს. შესაბამისად, რიგგარეშე დღის წესრიგში ამ ცვლილების არსებობას პრეზიდენტი ვერ დაუჭერს მხარს”–განაცხადა კალანდაძემ. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი