ახალი ამბები

სააკაშვილი: 21-ე საუკუნეში არავინ არ უნდა კვდებოდეს შიმშილით

24 მარტი, 2013 • • 1163
სააკაშვილი: 21-ე საუკუნეში არავინ არ უნდა კვდებოდეს შიმშილით

“მინდა ვთქვა, რომ არასდროს ბოლომდე კმაყოფილი არ ვიყავი ამ პროგრამის მუშაობით, განსაკუთრბებით აჭარის ავტონომიაში. მე კარგად მახსოვს,  რამდენჯერმე ამაზე გავამახვილე ყურადღება, სპეციალურად ერთხელ ჩავედი ბათუმში და მათ შორის ხალხს ვაგებიეთ პასუხი იმაზე, რომ არ ხორცილდებოდა ეს პროგრამა სათანადოდ და ეს სიტუაცია არის რთული, იყო წინა მთავრობის დროსაც და გარკვეული სირთულეები კიდევ უფრო მეტი წარმოიქმნა უკვე ახალი მთავრობის პირობებში. მე ამას წინათაც რუსთავში გავამახვილე ყურადღება იმაზე, რომ ძალიან ბევრი ოჯახი არასათანადო ყურადღები გამო უმძიმეს პირობებშია აღმოჩენილი და არიან დარჩენილი ამ პროგრამის მიღმა”. – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

სააკაშვილმა ახალი მთავრობის წევრებს მოუწოდა, არ ისხდნენ კაბინეტებში, ოჯახ–ოჯახ იარონ და გაჭირვებულების პრობლემები შეისწავლონ:

 

” ნუ დავადანაშაულებთ მათ, რომ იქ ვიღაცამ საბუთი ვერ მოაგროვა, რაღაცა ვერ გააკეთა, ჩვენ უნდა დავეხმაროთ, ჩვენ უნდა ავუხსნათ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა შევძლოთ ყველაფერი იმისათვის, რომ მომავალში ასეთი რამე მაინც აღარასდროს განმეორდეს. 21-ე საუკუნეში არავინ არ უნდა კვდებოდეს შიმშილით, მით უმეტეს, თუნდაც ჯერ კიდევ არამდიდარ, არგამდიდრებულ საქართველოში, მაგრამ საქართველოში, სადაც ამის საშუალება მაინც არის, რომ შიმშილით სიკვდილის პრობლემა არ იდგეს. ეს არის დიდი ტრაგედია, გოგიტა აბაშიძის სიკვდილი. მე  დღეს გავეცი განკარგულება, რომ პრეზიდენტის სასახლეზე ჩვენი მწუხარების ნიშნად დაუშვან დროშა, მაგრამ ეს ასევე უნდა იყოს გაკვეთილი ყველასათვის, ყველა ჩვენგანისთვის.  ყველამ უნდა ვიმუშაოთ, რომ მომავალში რაიმე მსგავსი ავიცილოთ თავიდან და დავეხმაროთ, გვერდზე დავუდგეთ საქართველოს ყველაზე გაჭირვებულ ნაწილს. გაჭირვება არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მტერი დღეს და თუ ყველანი ერთად დავდგებით, ჩვენ ამ მტერს აუცილებლად დავამარცხებთ და ჩვენ ამ პრობლემას გადავლახავთ”.– განაცხადა სააკაშვილმა. 

 

ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში 23 მარტს,  გვიან ღამით, 2 საათსა და 5 წუთზე ერთი წლის გოგიტა აბაშიძე გარდაიცვალა. 

 

“ბავშვს იმხელა დეფიციტი ჰქონდა მასის, რომ 45%-ზე მეტი მასის დეფიციტი სიცოცხლესთან შეუთავსებელია. 4 კილო და 200 გრამი დაიბადა ბავშვი და ერთი წლის შემდეგ იგივე წონა ჰქონდა, უნდა ყოფილიყო 12 კილო. მასის დეფიციტის ფონზე განვითარდა ფილტვების ანთება, სისხლნაკლულობა, მიკროელემენტების, ცილების უკმარისობა და ინფექციამ უკვე თავისი ცუდი საქმე გააკეთა”– განუცხადა  “ნეტგაზეთს” ექიმმა არჩილ შერვაშიძემ. 

 

ინფორმაცია ერთი წლის გოგიტა აბაშიძის მძიმე მდგომარეობის შესახებ  21 მარტს  გავრცელდა. ერთი წლის ბავშვის შოკური მდგომარეობა შიმშილმა გამოიწვია. აბაშიძეების ხუთსულიან ოჯახს მატერიალურად უჭირს, თუმცა სოციალურად დაუველთა კატეგორიაში ვერ მოხვდნენ. 

 

გოგიტა აბაშიძე ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი