ახალი ამბები

“ევროპული საქართველო” მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიიის შექმნას კიდევ ერთხელ მოითხოვს

28 ივნისი, 2017 • 2005
“ევროპული საქართველო” მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიიის შექმნას კიდევ ერთხელ მოითხოვს

დღეს, 28 ივნისს, “ევროპული საქართველო” აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცების საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას კიდევ ერთხელ მოითხოვს. საპარლამენტო უმრავლესობაში კი იმეორებენ, რომ გამოძიებას უნდა დაველოდოთ.

“ვროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, პარლამენტი აფგან მუხთარლის საქმეზე სიმართლის გამორკვევის პროცესში უნდა ჩაერთოს, რადგან სამარალდამცავ ორგანოებს ნდობა არ გააჩნიათ.

“ისინი პირდაპირ მონაწილეობდნენ ამ სამარცხვინო საქმეში. ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსპარანტულობა იყოს უზრუნველყოფილი სწორედ ისე, როგორც ამაზე მოუწოდებს ევროპარლემნტი საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს საკითხი ძალიან მწვავედ იყოს განხილული სხდომაზე,” – ამბობს სერგი კაპანაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამ საკითხზე პოზიციას მაშინ დააფიქსირებს, როცა უმრავლესობის შიგნით მორიგი კონსულტაციები გაიმართება და ერთიან პოზიციაზე შეჯერდებიან. ჯერჯერობით ეს კონსულტაციები არ გამართულა.

“ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ გამოძიებას, ამ თემაზე შეხვედრები არაერთხელ გვქონდა, მათ შორის- შინაგან საქმეთა მინისტრთან. ასე რომ, პროცესს პარლამენტის გადმოსახედიდან თვალს ვადევნებთ. არსებობს გამოძიება, რომელთანაც შეკითხვები აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს, თვითონ მხარეს, გამოძიება მიმდინარეობს და ამ შეკითხვებს გასცემს პასუხს. გუნდის პოზიციას მაშინ ვახმოვანებ, როცა შეთანხმებული პასუხი არსებობს. გამოძიებამ გააკეთა განცხადება, რომ საზოგადოებას და პარლამენტს გააცნობს როგორც შუალედურ, ისე საბოლოო შედეგებს. ჩვენ ველოდებით ამ ინფორმაციას,” – აღნიშნა თალაკვაძემ.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. 30 მაისს ქართული მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისში გაუჩინარებული ჟურნალისტი ბაქოში აღმოჩნდა დაპატიმრებული. საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ ჟურნალისტი გაუჩინარების შესახებ მათთან შეტყობინება 30 მაისს შევიდა და, შესაბამისად, სწორედ 30 მაისს დაიწყო გამოძიება. გამოძიების დაწყებიდან ორ დღეში, ანუ 1 ივნისს საქართველოს მთავრობის მეთაურმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მუხთარლის “გაუჩინარების” საქმეში, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობა გამორიცხეს.

მუხთარლის ქართველმა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა კი გვითხრა, რომ 29 მაისს განვითარებული მოვლენების შემდეგ გამოძიებას 15 ივნისის მდგომარებითაც კი არ ჰქონდა დათვალიერებული შემთხვევის ადგილი. ადვოკატის თქმით, 15 ივნისის მდგომარეობით, კვლავ ამოსაღები იყო ქუჩის ვიდეოკამერების ჩანაწერების ნაწილი.

ვრცლად აფგან მუხთარლის საქმეზე დეტალებს გაეცანით აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი