ახალი ამბები

პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგიდან სასამართლოს საკითხი ამოიღო

24 მარტი, 2013 • • 1101
პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგიდან სასამართლოს საკითხი ამოიღო

რიგგარეშე სხდომა 2013 წლის 25 მარტს, დღის 2 საათზეა მოწვეული.  სხდომის ფარგლებში 49 საკითხზე იმსჯელებენ, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ. განკარგულების მიხედვით, განსახილველ საკითხებს შორის არ არის საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის მესამე მოსმენა და დამტკიცება. 

 

შეგახსენებთ, რომ  პრეზიდენტის მრჩეველმა ნინო კალანდაძემ დღეს განაცხადა, რომ  მიხეილ სააკაშვილი საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებასთან დაკავშირებულ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგს მხარს ვერ დაუჭერს. 

 

“კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია ცნობილია და იგი ეთანხმება ამ ცვლილებას; ხოლო რაც შეეხება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებას, ამასთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ თუ კანონპროექტი წარმოდგენილი რედაქციით იქნება მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს დღეს, გადამწყვეტ ეტაპზე  დააკარგვინებს შანსს, წარმატება იქონიოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე და საქართველოს დააკარგვინებს შანსს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების. მოგეხენებათ, ევროპის სახალხო პარტიის ლიდერებმა სწორედ ეს ჩანაწერი მკაცრად გააკრიტიკეს, ეს არის არა რეფორმა, არამედ ანტირეფორმა და პირდაპირ მიმართული იმისკენ, რომ სასამართლო სრულად დაუქვემდებაროს სამთავრობო კონტროლს. შესაბამისად, რიგგარეშე დღის წესრიგში ამ ცვლილების არსებობას პრეზიდენტი ვერ დაუჭერს მხარს”–განაცხადა კალანდაძემ. 

 

25 მარტისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მიმართა. რიგგარეშე სხდომაზე  საკონსტიტუციო ცვლილებები და საერთო სასამართლოების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის   მესამე, საბოლოო მოსმენით განხილვა და დამტკიცებაა დაგეგმილი. 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი