ახალი ამბები

აქცია: ” ყველა ბავშვი ყველას ბავშვია!” [Video]

24 მარტი, 2013 • • 1110
აქცია: ” ყველა ბავშვი ყველას ბავშვია!” [Video]

აქციას სოციალურად დაუცველებიც შეუერთდნენ. დღევანდელი აქცია–მსვლელობა სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” დაიგეგმა. 

 

“1 წლის გოგიტა აბაშიძე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახოდან გუშინ, გვიან ღამით, დაახლოებით 2 საათზე ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში შიმშილის გამო გარდაიცვალა. ერს, რომელსაც ერთმანეთის სიყვარული სადღეგრძელოებსა და სუფრებზე არ ეტევა, შიმშილისგან ბავშვი არ უნდა უკვდებოდეს! მომხდარი ტრაგედია თითოეული მოქალაქის დანაშაულია იმდენად, რამდენადაც დღესდღეობით არ არსებობს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, სამოქალაქო სოლიდარობა და თვითშეგნება. ვაპროტესტებთ საკუთარ უუნარობასა და უმოქმედობას! მსგავსი ფაქტები აღარ უნდა გამეორდეს! ვიკრიბებით მეტრო რუსთაველთან და მსვლელობას ვაწყობთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან!”–ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

შეგახსენებთ, რომ ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების გამო აქცია გუშინ ქუთაისში, პარლამენტან გაიმართა. აქციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგ სლოგანები: “ჩვენს გვერდით ბავშვები შიმშილით კვდებიან”, “არ დამალო, თუ შენს გვერდით ვინმე შიმშილობს”. 

 

ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში 23 მარტს,  გვიან ღამით, 2 საათსა და 5 წუთზე ერთი წლის გოგიტა აბაშიძე გარდაიცვალა. 

 

“ბავშვს იმხელა დეფიციტი ჰქონდა მასის, რომ 45%-ზე მეტი მასის დეფიციტი სიცოცხლესთან შეუთავსებელია. 4 კილო და 200 გრამი დაიბადა ბავშვი და ერთი წლის შემდეგ იგივე წონა ჰქონდა, უნდა ყოფილიყო 12 კილო. მასის დეფიციტის ფონზე განვითარდა ფილტვების ანთება, სისხლნაკლულობა, მიკროელემენტების, ცილების უკმარისობა და ინფექციამ უკვე თავისი ცუდი საქმე გააკეთა”– განუცხადა  “ნეტგაზეთს” ექიმმა არჩილ შერვაშიძემ. 

 

ინფორმაცია ერთი წლის გოგიტა აბაშიძის მძიმე მდგომარეობის შესახებ  21 მარტს  გავრცელდა. ერთი წლის ბავშვის შოკური მდგომარეობა შიმშილმა გამოიწვია. აბაშიძეების ხუთსულიან ოჯახს მატერიალურად უჭირს, თუმცა სოციალურად დაუველთა კატეგორიაში ვერ მოხვდნენ. 

 

გოგიტა აბაშიძე ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

 

დღევანდელი აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს “საზოგადოებრივ მაუწყებელთან”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი