რატომ დააყადაღეს პრესტიჟული მიწები ბაკურიანში?

ბაკურიანში მცხოვრები რამდენიმე ოჯახი პროკურატურისგან მოითხოვს, რომ მათ კუთვნილ მიწას ყადაღა მოხსნან,  რადგან, მათივე განცხადებით, ყადაღა უკანონოა და ისიც გაუგებარია, თუ საერთოდ რატომ დაინტერესდა პროკურატურა ამ ტერიტორიით.

ყადაღის მოხსნის მოთხოვნით მათ პროკურატურასთან დღეს, 27 ივნისს, საპროტესტო აქცია გამართეს.

ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი ორი მათგანის, ირმა ჩახატუროვისა და ნიკოლოზ უსტიმენკოს ადვოკატია. როსტიაშვილის თქმით,  მსგავს საკითხზე ბაკურიანში მცხოვრებმა 20-მდე ოჯახმა მიმართა და პროკურატურამ მიწების ნაწილი “ერთი ხელის მოსმით” დააყადაღა.

ნეტგაზეთი ესაუბრა ნიკოლოზ უსტიმენკოს ოჯახს, რომელემაც მოგვაწოდა სასამართლოს მიერ 2017 წლის 9 მარტით დათარიღებული განჩინება. ამ განჩინებით ბაკურიანში, კოხტას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მათი მიწა დაყადაღდა. ამ განჩინებაში მოცემულია პროკურატურის დასაბუთება, თუ რატომ უნდა დაეყადაღებინათ ტერიტორია.

განჩინების თანახმად, პროკურატურა აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში მოიპოვეს ინფორმაცია, რომ “დაბა ბაკურიანში 2012-2013 წლებში მოსახლეობის მხრიდან ადგილი ჰქონდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მოტყუებით მისაკუთრების ფაქტებს. კერძოდ, ის ტერიტორიები, რომლებიც მიწის რეფორმის დროს არ გადასცემია მოსახლეობას, მათზე არ არსებობდა მართლზომიერი ფლობა და წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, მოხდა მათი კერძო საკუთრებაში რეგისტრაცია 2004 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიის საფუძველზე”.

ამ განჩინებაში საუბარია ორ პირზე, ნიკოლოზ უსტიმენკოსა და მანანა თვაურზე, რომელთა მიწების დაყადაღებაც მოითხოვა პროკურატურამ.

“საქმეზე მოპოვებული ინფორმაციით დადგენილია, რომ ნიკოლოზ უსტიმენკოს აღნიშნული მიწის ნაკვეთი მიწის რეფორმის შედეგად არ გადასცემია, მასზე არ ჰქონია არასდროს მართლზომიერი ფლობა და მოტყუებით შეძლო აღნიშნული მიწის ნაკვეთების დარეგისტრირება.

…როგორც მანანა თვაურის, ისე ნიკოლოზ უსტიმენკოს სახელზე დარეგისტრებული მიწის ნაკვეთები რეგისტრირებულია ისეთ ადგილებში, რომელიც მიწის რეფორმის დროს არ განაწილებულა მათზე, მესაკუთრეების მხრიდან არ არსებობდა აღნიშნული მიწის ნაკვეთებზე მართლზომიერი ფლობის ფაქტი და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ზემოთაღნიშნული მიწის ნაკვეთების დარეგისტრირება მოხდა დანაშაულებრივი გზით და შესაძლოა, მოხდეს ხსენებული მიწის ნაკვეთების ფიქტიური გაყიდვა თვალთმაქცური გარიგების გზით, რის გამოც ხელი შეეშლება საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას,”- წერია პროკურატურის შუამდგომლობაში, რომელიც მოცემულია სასამართლოს განჩინებაში.

სრულიად განსხვავბულია ნიკოლოზ უსტიმენკოს ოჯახის პოზიცია. მისი შვილი, დავით უსტიმენკო და რძალი, ეკა აფხაიძე ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ორი საუკუნეა, მათი ოჯახი ბაკურიანში ფლობს ამ მიწას, რომელსაც,\ სათიბად და საქონლის საძოვრად იყენებდნენ. ასევე, მისი მფლობელობა დაფიქსირებული აქვთ სხვადასხვა დოკუმენტში, რომელიც ეროვნულ არქივში ინახება და უკვე წარუდგინეს პროკურატურასაც.

“ჩემი პირველი წინაპარი საქართველოში 1834 წელს ჩამოსახლდა… პაპაჩემი სამამულო ომის მებრძოლი, მწყემსი კაცი იყო და დასახლდა ბაკურიანში. ნაკვეთი მისცეს განაპირა რაიონში, ე.წ. ტრამპლინების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამას ადასტურებს მთელი სოფელი. საქართველოში მიწის რეფორმა დაიწყო 1995 წელს, აქედან მოყოლებული ვართ ყველა დოკუმენტში და მიწა გვაწერია. თუმცა მაგ მიწას ვფლობდით უფრო ადრე, ვიდრე რეფორმა დაიწყებოდა. პაპაჩემის მამა თიბავდა ამ მიწას… მე ვითხოვ მარტო იმას, რომ პროკურატურა სასამართლომდე მოვიდეს და სასამართლოში მედავოს,”- გვეუბნება დავით უსტიმენკო.

ეკა აფხაიძე კი გვეუბნება, რომ ეს მიწის ნაკვეთი მათ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 2017 წლის 6 იანვარს დაირეგიატრირეს და მისი ნაწილი თებერვალში გაყიდეს.

“მიწის ნაკვეთი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში არის დარეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისათვის, ნიკოლოზ უსტიმენკოს, ჩემს მამამთილს, რომც მოენდომებინა, ვერაფერს წარადგენდა, რადგანაც, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში იუსტიციის სახლები თავად იძიებენ იმ დოკუმენტბს, რაც მათ სჭირდებათ ნაკვეთის დასარეგისტრირებლად,”- ამბობს ეკა აფხაიძე ნეტგაზეთთან.

ეკა აფხაიძის თქმითვე,  9 მარტით დათარიღებული განჩინება ყადაღის შესახებ ჩაბარდათ 20 დღის დაგვიანებით, 29 მარტს, რა დროსაც უკვე გასული იყო გასაჩივრების 48-საათიანი ვადა. ხოლო როდესაც ამის შესახებ შეიტყვეს, მოაგროვეს მტკიცებულებები და მიმართეს პროკურატურას. თუმცა, მათი განცხადებით, რეაგირება არ ყოფილა:

“დევს საქმე 4 აპრილის შემდეგ, არ იძვრის ადგილიდან. უკვე ვფიქრობთ, რომ გამოძიება საერთოდ არ მიმდინარეობს, გვაწვდიან ზერელე პასუხს, რომ მიმდინარეობს გამოძიება,”- განაცხადა ეკა აფხაიძემ.

ბაკურიანის მოსახლეობა მთავარი პროკურატურის აპროტესტებს მიწების დაყადაღებას. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 27.06.2017

ბაკურიანის მოსახლეობა მთავარი პროკურატურის წინ აპროტესტებს მიწების დაყადაღებას. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 27.06.2017

“რის საფუძველზე დაყადაღდა მიწის ნაკვეთი – სწორედ ამას ვკითხულობთ. მაგრამ პასუხის გამცემი არავინ არის. ჩვენი პასუხის გამცემია მხოლოდ ის განჩინების ტექსტი, რასაც ვკითხულობთ,” – გვეუბნება აფხაიძე.

კითხვაზე, ხომ არ არის ვინმე დაინტერესებული ამ მიწებით, ეკა აფხაიძე გვეუბნება, რომ მსგავსი ინფორმაცია არ აქვთ:

“ვერავის ბრალს ვერ დავდებთ, რომ ვინმე არის დაინტერესებული. არ ვიცით. ვინმეს ბრალი რომ დავდოთ, რომ აქ რაიმე უნდა აშენდეს, ვინმე არის დაინტერესებული, სახელი და გვარი დავასახელოთ, ასეთი ინფორმაცია ნამდვილად არ გვაქვს.

ახლა მთლიანად გახდა ბაკურიანი პრესტიჟული, თორემ, როცა ეს ადგილი ჩემს ოჯახს ჰქონდა, ჩემი მამამთილის მამას, რომელიც მანდ თიბავდა, მაშინ იყო ყველაზე ცუდი, ყველაზე მიუდგომელი ადგილი. არ ვიცით ჩვენ, ახლა იქ მოხერხდება თუ არა განვითარება, მაგრამ, რამდენადაც ვიცით, იწყება განახლებული ტრამპლინების მშენებლობა. უნდა დაიწყოს, ყოველ შემთხვევაში, და ეს არის განახლებული ტრამპლინების მიმდებარე ტერიტორია,”- გვეუბნება აფხაიძე.

ადვოკატ ზურაბ როსტიაშვილის თქმით, დღეს გამართული აქციის შემდეგ მათ პროკურატურისგან მიიღეს დაპირება, რომ პროკურატურის გენინსპექციის წარმომადგენელი შეხვდებათ. ამის შესახებ პროკურატურის პრესსამსახურშიც ვიკითხეთ, თუმცა ჯერ პასუხი არ მოუწოდებიათ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი