კანონპროექტით, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების და ფლობის დეკრიმინალიზება მოხდება

პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც  ნებისმიერი ტიპის ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორი ნარკოტიკების ეროვნული პლატფორმაა, ხოლო ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინა ფრუიძე და სოფო ქაცარავა.

ცვლილებების მიზანია,  ერთი მხრივ, სახელმწიფოს შეუნარჩუნდეს ნარკოტიკული საშუალებების  უკანონო ბრუნვის და მათი გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისათვის საჭირო მექანიზმები (მათ შორის სისხლისსამართლებრივი), თუმცა ეს მექანიზმები არ იყოს იმდენად აბსოლუტური და ტოტალური, რომ არ დატოვოს სივრცე დანარჩენი ისეთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტისთვის,  როგორიცაა პრევენცია, მკურნალობა და ზიანის შემცირება.

 

კანონპროექტი ითვალისწინებს ყველა ტიპის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების. მცირე ოდენობით შეძენა/შენახვის და  ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვის, მოყვანის, კულტივირების დეკრიმინალიზაციას.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, საქართველოში უკანონო შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა – გამოიწვევს დაჯარიმებას ას ლარამდე ოდენობით.

ამ მუხლით გათვალისწინებული ნივთიერების, აგრეთვე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ან არასრულწლოვნის თანდასწრებით – გამოიწვევს დაჯარიმებას ორას ლარამდე ოდენობით.  ამ ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა მაღალი რისკის მქონე ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას – გამოიწვევს დაჯარიმებას სამას ლარამდე ოდენობით.

ამ მუხლის მიზნებისთვის მოხმარებად ითვლება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის ორგანიზმში შეყვანის პროცესი, ან მის მოსახმარებლად უშუალოდ მომზადების პროცესი;  პირი ჩაითვლება ამ მუხლით გათვალისწინებული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფად, თუ ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი დასტურდება ერთობლივად კლინიკური და ლაბორატორიული დასკვნებით.

100 ლარამდე ჯარიმა დაწესდება მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის.

ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა პატიმრობას იმ შემთხვევაში გამოიწვევს, თუ დანაშაული ჩადენილია დიდი ოდენობით; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;  არაერთგზის; ეს ქმედებები ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ექვსას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

ცვლილებებით, ერთმანეთისგან იმიჯნება ნარკოტიკების გავრცელება და გასაღება.  ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის მცირე ოდენობით უკანონო გავრცელება – გამოიწვევს დაჯარიმებას სამას ლარამდე ოდენობით.

რაც შეეხება  პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გავრცელებას, ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით ორასიდან ოთხას საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმება

კანონპროექტის მიხედვით იცვლება იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზაც. კერძოდ, დაკონკრეტდება იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების საფუძვლები (სატრანსპორტო მართვისას, კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისას); აგრეთვე, მხოლოდ სწრაფი ურინოტესტირებით დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში, საჭირო იქნება ე.წ. კონფირმაციული ტესტირებით პასუხის დადასტურება და შესაბამისი ნარკოლოგის მიერ კლინიკური თრობის ქვეშ ყოფნაზე დასკვნის გაცემა. აღსანიშნავია, რომ  ტესტირებაში მონაწილეობაზე უარი ჩაითვლება დადასტურებულ ფაქტად, რომ პირი იმყოფება ნარკოტიკული თრობის ქვეშ.

კანონპროექტის ავტორების აზრით, ამავდროულად, საჭიროა, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დაწესებულებები შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინსტიტუციურად გადავიდეს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში.

“კანონპროექტი მიზნად ისახავს ახალი ნარკოპოლიტიკის შემოღებას და დანერგვას, რომლის ფარგლებშიც რეპრესიული სისხლისსამართლებრივი მექანიზმების ნაცვლად აქცენტი გაკეთდება მკრურნალობაზე, რეაბილიტაციასა და პრევენციაზე ორიენტირებულ პროგრამებზე,” – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

დღეს, 27 ივნისს ნარკოტიკების ეროვნულ პლატფორმაში შემავალმა ორგანიზაციებმა განცხადება გააკეთეს. სოფო ვერძეულის თქმით, კანონპროექტი დაბალანსებულ მიდგომებს ითვალისწინებს:

“იმედი გვაქვს, რომ საშემოდგომო სესიაზე ეს კანონპროექტი პარლამენტის პრიორიტეტი იქნება. ბევრი ადამიანი საპატიმრო დაწესებულებაში ელოდება ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტურ ცვლილებას, რათა უსამართლო სასჯელებისგან გათავისუფლდნენ. პლატფორმა მოუწოდებს პარლამენტს და საზოგადოებას, ამ პროცესს მხარი დაუჭირონ,” – აღნიშნა ვერძეულმა.

დათო სუბელიანის განცხადებით, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლა ბოლო ეტაპზეა. მისი თქმით, ზაფხულის განმავლობაში ეროვნული პლატფორმა დეპუტატებთან და სამინისტროებთან გააგრძელებს მუშაობას:

“ვიმუშავებთ იმისათვის, რომ შემოდგომაზე მათი მხრიდან მხარდაჭერა მივიღოთ. ამ ორ თვეში შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ და პოზიციები ჩამოაყალიბონ. ძალაინ ბევრი ადამიანია რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მსხვერპლი და ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს,” – ამბობს სუბელიანი.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება. შესაბამისად, ამ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლაემტნი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს, რომელიც  სექტემბრის პირველ სამშაბათს გაიხსნება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.