ახალი ამბები

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სავარაუდოდ, 22 ოქტომბერს ჩატარდება

27 ივნისი, 2017 • 3151
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სავარაუდოდ, 22 ოქტომბერს ჩატარდება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სავარაუდოდ, 22 ოქტომბერს ჩატარდება. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, მთავრობასთან შეთანხმებით გადაწყვეტილია, რომ არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება.

პრეზიდენტს კონკრეტული დღე არ დაუსახელებია, თუმცა ოქტომბრის მესამე კვირის ბოლო დღე 22 ოქტომბერია.

თუმცა, როგორც პრეზიდენტმა განმარტა, ოფიციალური აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ არა დღეს, არამედ არჩევნებამდე 60 დღით ადრე, ანუ აგვისტოს ბოლოს გამოიცემა და სწორედ აგვისტოს ბოლოდან გაიხსნება ოფიციალურად საარჩევნო კამპანიაც.

რატომ ცხადდება არჩევნების თარიღი დღეს, თუ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად არ იხსნება? გიორგი მარგველაშვილის განმარტება ასეთია:

“ასეთი გადაწყვეტილება განპირობებულია თუნდაც შარშანდელი გაუგებრობებიდან გამომდინარე. არის გარკვეული საკანონმდებლო, საბიუჯეტო დეტალები, რომელიც ამ საკითხთან [საარჩევნო კამპანიის გახსნასთან] არის დაკავშირებული, თუმცა პარტიებისთვის განჭვრეტადი უნდა იყოს თარიღი და დღეს, ანუ 4 თვით ადრე, მთავრობასთან ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად ჩვენ მათ ვაწვდით ინფორმაციას”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი