ახალი ამბები

სოსო თოფურიძეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა შეწყდა

27 ივნისი, 2017 • 9907
სოსო თოფურიძეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა შეწყდა

კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსან იოსებ თოფურიძეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა შეწყდა. მისი გვარი ინტერპოლის ვებგვერდზე წითელი ცირკულარით ძებნილ პირებს შორის  აღარ იძებნება.

თოფურიძე საქართველოში პირველი ორი ინსტანციის სასამართლოებმა დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე. თოფურიძესთან ერთად იმავე საქმეზე თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ასევე დამნაშავედ ცნეს კუდის ყოფილი დირექტორი დათა ახალაია (სოსო თოფურიძე დათა ახალაიას მოადგილე იყო), კუდი-ის პირველი სამმართველოს ყოფილი უფროსი გერონტი ალანია და  ოპერატიული თანამშრომელი ოლეგ მელნიკოვი.

წითელი ცირკულარით ძებნა შეწყვეტილია გერონტი ალანიაზეც.

პროკურატურის ინფორმაციით, 2005 წლის 5 იანვარს  ახალაიამ, მის მოადგილეს იოსებ თოფურიძესთან, გერონტი ალანიასთან, ოლეგ მელნიკოვთან და კუდ-ის სხვა თანამშრომლებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ „მოდულის“ შენობაში, დავით ახალაიას სამუშაო ოთახში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შს სამინისტროს მოქმედ პოლიციის თანამშრომლებს იმ მოტივით, რომ თითქოს პოლიციის თანამშრომლებმა 2005 წლის 2 იანვარს რესტორან ,,ძველ სახლში“ შ.ს. მინისტრის ივანე მერაბიშვილის მეუღლეს, თაკო სალაყაიას უხეშად მიმართეს.

მელნიკოვზე, დათა ახალაიაზე, გერონტი ალანიასა და თოფურიძეზე ინტერპოლით ძებნა 2012 წელს გამოცხადდა. მელნიკოვი უკრაინაში დააკავეს კიდეც, რაც შეეხება ალანიას, ახალაიასა და თოფურიძეს, მათზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა ეტაპობრივად შეწყდა.

da97271b8f42

სქრინშოტი ინტერპოლის ვებგვერდიდან მაშინ, როდესაც ის წითელი ცირკულარით ძებნილი პირების ჩამონათვალში იყო

წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან ინტერპოლმა თავის დროზე ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და ერეკლე კოდუაც მოხსნა, ხოლო მიხეილ სააკაშვილზე ძებნა საერთოდ არ გამოაცხადა. მეგის ქარდავაზე წითელი ცირკულარით ძებნა გრძელდება.

 ნეტგაზეთი თოფურიძეზე წითელი ცირკულარით ძებნის შეწყვეტის თაობაზე გნმარტებისთვის პროკურატურას დაუკავშირდა, თუმცა ჯერ პასუხი არ მიგვიღია.

 

UPDATE 17:30 საათი – საქართველოს მთავარი პროკურატურიდან ნეტგაზეთს მოსწრეს, რომ სოსო თოფურიძეზე ინტერპოლს ძებნა არ შეუწყვეტია, თუმცა უწყებაში  არ აკონკრეტებენ, რატომ აღარ იძებნება იგი ინტერპოლის ვებგვერდზე წითელი ცირკულარით ძებნილ პირებს შორის. პროკურატურაში ამბობენ, რომ ეს საკითხი მათ კომპტენციაში არ შედის.

“გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა მსჯავრდებულ იოსებ თოფურიძეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა შეწყვეტილია, სიმართლეს არ შეესაბამება. მოგახსენებთ, რომ იოსებ თოფურიძეზე 2012 წელს გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა და იგი კვლავ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.”, – ნათქვამია პროკურატურის საპასუხო განცხადებაში.

ნეტგაზეთს წერილობით ასევე მიმართული აქვს ინტერპოლის პრესსამსახურისთვისაც, საიდანაც პასუხს მიღებისთანავე შეგატყობინებთ.

Screen Shot 2017-06-27 at 5.31.50 PM

ინტერპოლის ვებგვერდზე ძებნილი პირების შესახებ ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი