ახალი ამბები

შოთაძე: პაკელიანს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება

27 ივნისი, 2017 • 1629
შოთაძე: პაკელიანს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება

საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, შოთა პაკელიანს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება.

მან ასე უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ აქვს დაზარალებულის სტატუსი პაკელიანს.

“მე როგორც ვიცი, თუ არ არის მომხდარი პაკელიანის დაზარალებულად ცნობა, იგეგმება მისი დაზარალებულად ცნობა,”- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შოთა პაკელიანი 23 მარტს დააკავეს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით, კერძოდ, მას ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით.

შოთა პაკელიანის ოჯახის წევრები ისანი-სამგორის მე-7 განყოფილების თანამშრომლებს მის სასტიკად ცემასა და წამებაში ადანაშაულებს.

პაკელიანის ოჯახის ინფორმაციით, ის 4 დღის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. მათი განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში გადაღებულ ფოტოებზე 26 წლის ახალგაზრდას ძალადობის კვალი სხეულზე ნათლად ატყვია.

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” ცნობით, დაკავების მომენტში შეშინებულმა პაკელიანმა მის ხელთ არსებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება შიშის საფუძველზე მოასწრო. მოძრაობის ცნობით, განყოფილების შენობაში გადაყვანის შემდეგ, მას პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთერება “ბიო” დაუდეს და რამდენიმესაათიანი ფიზიკური ანგარიშსწორების საფუძველზე მისგან აღიარებითი ჩვენების მოპოვებას ცდილობდნენ.

22 ივნისს “ლიბერალმა” წყაროს მიერ მიწოდებული ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელიც ასახავს დაკავებული პაკელიანის ჩხრეკას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, სადაც მას აშიშვლებენ ჩხრეკის დროს და ახდენენ ზეწოლას.

იმავე დღეს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. ეს ის განყოფილებაა, სადაც 23 მარტს ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული შოთა პაკელიანი მიიყვანეს და გაჩხრიკეს.

პოლიციის განყოფილებაში დაკავებულის პირადი ჩხრეკისას განხორციელებულ პროცედურებთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 333-ე მუხლის (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) მე-3 ნაწილით პროკურატურა აწარმოებს.

აღნიშულ საქმეზე ამ დრომდე არაა ცნობილი დაზარალებულად შოთა პაკელიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი