ახალი ამბები

მთავარი პროკურორი: მუხთარლის დაკითხვის შემდეგ მივიღებთ შესაბამის ზომებს

27 ივნისი, 2017 • 2726
მთავარი პროკურორი: მუხთარლის დაკითხვის შემდეგ მივიღებთ შესაბამის ზომებს

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე კვლავ აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე აზერბაიჯანისაგან საქმის მასალებს და თავად დაკავებულის დაკითხვას ითხოვენ. პროკურორის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

“ამ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე საკმაოდ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები არის ჩატარებული. დაკითხულია 100-ზე მეტი მოწმე, ამოღებულია გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. აფგან მუხთარლის ადვოკატს და ოჯახის წევრებს მიეცათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ საქმის მასალებს და საქმეზე დართულ ჩანაწერებს. საქართველოს პროკურატურამ სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობის თხოვნით მიმართა აზერბაიჯანელ კოლეგებს. ჩვენ ვითხოვთ აფგან მუხთარლის დაკითხვას და ამ დაკითხვაზე ჩვენი წარმომადგენლების დასწრებას. ასევე ვითხოვთ აზერბაიჯანში არსებულ მის სისხლის სამართლის საქმის მასალებს მას შემდეგ, რაც მოხდება აფგან მუხთარლის დაკითხვა და მოპოვებული იქნება ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზე აზერბაიჯანში ხორციელდება მის მიმართ სისხლის სამართლის დევნა, მიღებული იქნება შესაბამისი ზომები,” – აცხადებს შოთაძე.

თუმცა მთავარ პროკურორს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს “შესაბამისი ზომები” და როგორ იმოქმედებს ქართული მხარე.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. 30 მაისს ქართული მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისში გაუჩინარებული ჟურნალისტი ბაქოში აღმოჩნდა დაპატიმრებული. საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ ჟურნალისტი გაუჩინარების შესახებ მათთან შეტყობინება 30 მაისს შევიდა და, შესაბამისად, სწორედ 30 მაისს დაიწყო გამოძიება. გამოძიების დაწყებიდან ორ დღეში, ანუ 1 ივნისს საქართველოს მთავრობის მეთაურმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მუხთარლის “გაუჩინარების” საქმეში, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობა გამორიცხეს.

მუხთარლის ქართველმა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა კი გვითხრა, რომ 29 მაისს განვითარებული მოვლენების შემდეგ გამოძიებას 15 ივნისის მდგომარებითაც კი არ ჰქონდა დათვალიერებული შემთხვევის ადგილი. ადვოკატის თქმით, 15 ივნისის მდგომარეობით, კვლავ ამოსაღები იყო ქუჩის ვიდეოკამერების ჩანაწერების ნაწილი.

ვრცლად აფგან მუხთარლის საქმეზე დეტალებს გაეცანით აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი