“კაცია-ადამიანი?!” – სპექტაკლი აზდაკის ბაღის შშმ მსახიობების შესრულებით [ვიდეო]

26 ივნისს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში ინტეგრირებული თეატრის “აზდაკის ბაღი” ერთმოქმედებიანი სპექტაკლის “კაცია-ადამიანი?!” ჩვენება გაიმართა. გარდა იმისა, რომ სპექტაკლში შშმ ბავშვები მონაწილეობდნენ, სპექტაკლს თან ახლდა სინქრონული თარგმანი ჟესტურ ენაზე, რაც საღამოს ორგანიზატორთა თქმით, ქართული თეატრის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი სმენისა და მეტყველების არმქონე მაყურებლისათვის სინქრონულად ითარგმნა ჟესტურ ენაზე სურდო თარჯიმნის მიერ.

“აზდაკის ბაღის” დასში 6 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 8 ტიპური განვითარების მქონე მსახიობია. 4 თვის განმავლობაში სპექტაკლის მოსამზადებლად, გარდა რეპეტიციებისა, მსახიობები გადიოდნენ ინტენსიურ მომზადების მეტყველების კულტურასა და სამსახიობო ხელოვნებაში. ეს თეატრის რიგით მესამე სპექტაკლია. მსახიობების გამოცდილებასთან ერთად გაიზარდა დადგმის ხანგრძლივობაც. სპექტაკლის რეჟისორი ბაჩო გაბრუაშვილია.

ფსიქოლოგი, პროექტის ხელმძღვანელის, ქეთი ქიმოსტელის თქმით, თეატრმა უკვე დაგეგმა გასტროლები და ფესტივალის ფარგლებში საქართველოს რამდენიმე ქალაქს ეწვევა. ასევე დაგეგმილია ვიზიტი აზერბაიჯანსა და უკარინაში.

“ჩვენი სპექტაკლი ნათარგმნია ჟესტურ ენაზე, რისი პრეცედენტიც არ ყოფილა საქართველოში. უკვე ჩანიშნული გვაქვს გასტროლი, რომელიც ტარდება ფესტივალის სახით ერთ-ერთი თეატრის მხარდასაჭერად. მასში მონაწილეობას მიიღებს სოხუმის თეატრი, ახმეტელის თეატრი, ასევე ჩამოდიან დასები ბელარუსიისა და უკრაინის თეატრებიდან. შემოდგომით კი გასვლა იგეგმება აზერბაიჯანსა და უკრაინაში,” – ამბობს ქეთი ქიმოსტელი.

"კაცია-ადამიანი?!" - აზდაკის ბაღის შშმ მსახიობების შესრულებით 26.06.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

“კაცია-ადამიანი?!” – აზდაკის ბაღის შშმ მსახიობების შესრულებით 26.06.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

სპექტაკლის ჩვენებას დაესწრნენ საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე. სპექტაკლი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და სამინისტროს დახმარებით დაიდგა.

“მე ვარ აღტაცებული, იმდენად პროფესიონალურად ართმევენ მსახიობები თავს, როგორც ინკლუზიური განვითარების მქონე მსახიობები, ასევე სხვა პატარ-პატარა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსახიობები. მათგან ბევრს იცნობს ჩვენი საზოგადოება.

არაჩვეულებრივი დასი შედგა და მინდა ბაჩოს [სპექტაკლის რეჟისორს] გადავუხადო დიდი მადლობა, რადგან მან შეძლო განსაკუთრებული დასის შეკრება. ვფქირობ, რომ ეს ყველასათვის საინტერესო სპექტაკლი იქნება და ვიწვევ ყველას,” – აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი