ახალი ამბები

ომბუდსმენი: მუხთარლის საქმე შსს-მ არ უნდა გამოიძიოს

26 ივნისი, 2017 • 1578
ომბუდსმენი: მუხთარლის საქმე შსს-მ არ უნდა გამოიძიოს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქმე პროკურატურამ უნდა გამოიძიოს. ეს განცხადება ომბუდსმენმა დღეს, 26 ივნისს, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშის პრეზენტაციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

“ჩვენ ჯერჯერობით რაიმე დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ვითხოვთ გარკვეულ დეტალებს საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ და, იმედია, უახლოეს ხანებში უფრო მეტი ინფორმაცია იქნება საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. რაიმე დეტალი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენთვის ცნობილი არ არის.

თუმცა კითხვის ნიშნები არის ძალიან ბევრი. თუნდაც ის, რომ დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას. ეს, ვფიქრობ, არის პრობლემა ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. ჩვენ, პირველ რიგში, ვაკეთებთ საქმეს ამგვარად, რომ საქმე უნდა გამოიძიოს სხვა სტრუქტურამ, ამ შემთხვევაში, პროკურატურამ, იმიტომ, რომ იყო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ ჩართული ამ საქმეში. აქედან გამომდინარე, აუცილებელია უფრო მეტად დამოუკიდებელმა სტრუქტურამ ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები. უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ საქმეში დადგეს რეალური ჭეშმარიტება და გაირკვეს ყველა დეტალი,”- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი