ახალი ამბებიხელოვნება

“ბიჭი, რომელიც გადარჩა” – “ჰარი პოტერი” 20 წლისაა

26 ივნისი, 2017 • 15371
“ბიჭი, რომელიც გადარჩა” – “ჰარი პოტერი” 20 წლისაა

“ბიჭი, რომელიც გადარჩა” – ამ დახასიათებით გვაცნობს ჯოან როულინგი ჰარი პოტერს, რომელიც დაბადებისთანავე ცნობილი ჯადოქარია, თუმცა ამის შესახებ კიდევ 11 წელი ვერაფერს გაიგებს.

ამჟამად ჰარი პოტერი  37 წლისაა, ცოლი და სამი შვილი ჰყავს. მაგიის სამინისტროში ჯადოქრული ძალოვანი სტრუქტურების თავმჯდომარედ მუშაობს და თავის განუყრელ მეგობრებთან – რონ უიზლისა და ჰერმიონ გრეინჯერთან ერთად ატარებს დროს – ასე ხდება იმ სამყაროში, რომელიც ჯოან როულინგმა შექმნა.

გადარჩენილი ბიჭის ისტორია, რომელმაც მილიონობით ადამიანის გული მოიგო, 20 წლის ხდება. ჰარი პოტერის პირველი წიგნი “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” 1997 წლის 26 ივნისს გამოიცა.

ჰარი პოტერის იუბილეს საქართველოშიც გამოეხმაურნენ. მაისში, წიგნის ფესტივალზე მკითხველს“ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი” შეძენის შესაძლებლობა მიეცა. ეს წიგნი პოტერიადის გაგრძელებაა, რომელიც უკვე ჰარის, რონის და ჰერმიონის შვილების თავგადასავალს გვიამბობს, თუმცა მთავარი გმირები კვლავ ჩართულნი არიან სიუჟეტურ ხაზში. დროში მოგზაურობის ისტორია კი ამჯერად ჯოან როულინგმა სცენარის ფორმით დაწერა.

“ბაკურ სულაკაურის” გამცემლობაში გვეუბნებიან, რომ 1200 წიგნი მხოლოდ წიგნის ფესტივალზე გაიყიდა. ჯამში კი, სულ, სამი კვირის მონაცემებით, 2 000  წიგნია გაყიდული.

როგორ იქმნებოდა პოტერიადა

ჯოან როულინგს არაერთხელ მოუყოლია, რომ ჰარის ისტორია განსაკუთრებით მძიმე პირობებში დაწერა, თუმცა თავად წერის პროცესს სიამოვნებით იხსენებს.

“მატარებლით ვმგზავრობდი, როცა ეს იდეა საერთოდ არაფრისგან მოვიდა. ჰარი იმდენად ცხადად დავინახე და ისე ავღელდი, როგორც არასდროს. ჩანთაში კალმის ძებნა დავიწყე და 4 საათის განმავლობაში შეუჩერებლად ვწერდი”, – იხსენებს ავტორი.

როულინგი მარტოხელა დედა იყო და არც სამსახური ჰქონდა, როდესაც პოტერიადას წერდა. სწორედ იმ დროის განწყობამ შეაქმნევინა, როგორც თავად ამბობს, ყველაზე საშინელი არსებები, დემენტორები, რომელსაც თავად ავტორი დეპრესიის განსხეულებას უწოდებს. დემენტორები მაგიურ სამყაროში აზკაბანის ციხის მცველები არიან. მათთან სიახლოვის დროს ადამიანს სიხარულის და ბედნიერების განცდა ტოვებს და ჰგონია, რომ აღარასდროს იქნება ბედნიერი, ამის ნაცვლად კი ცხოვრების ყველაზე საშინელი მოგონებები ცოცხლდება.

“იმ დროის მოგონებებმა შექმნეს დემენტორები, ისინი დეპრესიის პერსონიფიცირებული სახეები არიან. იმ ეტაპზე დეპრესიული ვიყავი და დღემდე ვფიქრობ, რომ ყველაზე საშიშები არიან მათ შორის, ვისზეც დამიწერია.”

სანამ ჰარი პოტერის პირველი წიგნი გამოქვეყნდებოდა, როულინგმა არაერთი გამომცემლობისგან მიიღო უარი. ცხადია, დღეს არც ერთ გამომცემლობას არ სურს იმის აღიარება, რომ წიგნის პოტენციალი ვერ დაინახა,  თავად როულინგიც უარს ამბობს მათ დასახელებაზე. უამრავი უარის შემდეგ წიგნის დაბეჭდვას “Bloomsbury” დათანხმდა და ასე მიიღო პირველი ჰონორარი როულინგმა – 2 500 ფუნტი სტერლინგის ოდენობით, რაც დაახლოებით 7 500 ლარია. სიღარიბის მიუხედავად ჰონორარი როულინგისთვის მთავარი არ ყოფილა. მას მწერლობა სურდა, ამ იდეით იყო მოცული:

“ეს ჩემი მთელი ცხოვრების ამბიცია იყო და ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტი. ჩემს ნაწერს დაბეჭდავდნენ; ის წიგნი გახდებოდა, რომელიც წიგნის მაღაზიაში გაიყიდებოდა”, – ამბობს როულინგი.

წიგნის გამოცემა საქართველოში

“ჰარი პოტერი” ქართულ ენაზე “ბაკურ სულაკაურის” გამომცემლობამ გამოსცა. თავად გამომცემლობა 1999 წელს დაარსდა, 2001 წელს კი “ჰარი პოტერი” გამოსცეს. გამომცემლობის ხელმძღვანელი თინა მამულაშვილი დღეს იხსენებს, რომ ეს წიგნი ძალიან მნიშვნელოვანი კონტრაქტი იყო ახლად დაარსებული გამომცემლობისთვის. წიგნის თარგმნისა და გამოცემისთვის უფლების მოსაპოვებლად კი ფრანკფურტში არაერთი საათი გაატარა როულინგის აგენტის დასარწმუნებლად.

გამომცემლობის ცნობით, სულ ასიათასამდე წიგნი გაიყიდა, თუმცა გაყიდული წიგნების ყველაზე დიდი რაოდენობა პირველ წიგნზე მოდის. “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” 35 000 ბავშვს უყიდეს ან აჩუქეს საქართველოში. თინა მამულაშვილი გვიყვება, რომ იმ დროს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელმა ეროსი კიწმარიშვილმა რამდენიმეწამიანი რეკლამა წიგნის შესახებ უფასოდ გაუშვა ეთერში, რადგან მის შვილებს ძალიან უყვარდათ ჰარი პოტერის თავგადასავალი. წინასაახალწლო პერიოდი იყო და, როგორც თინა მამულაშვილი ამბობს, “ყველა ბავშვი ჰარი პოტერს ითხოვდა საჩუქრად” .

“პირველი წიგნი 3 000 ტირაჟით დავბეჭდეთ და ერთ კვირაში დაგვიმთავრდა, თურქეთში მოგვიწია გადაფრენა და იქ დავბეჭდეთ დამატებითი ტირაჟი. სასწაული ამბავი იყო,” – იხსენებს მამულაშვილი.

კომერციული წარმატების შემდეგ, ცხადია, გამომცემლობამ პოტერიადის მეორე წიგნი სწრაფადვე თარგმნა და გამოცემა გადაწყვიტა. დრამატურგი დავით გაბუნია 21 წლის იყო, როდესაც ჰარი პოტერის მეორე წიგნის თარგმნა დაიწყო. მასვე ეკუთვნის ჰარი პოტერის მესამე წიგნის – “ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე” ქართულენოვანი თარგმანი:

“მაშინ ასეთი მოცულობის მხატვრული ნაწარმოები არაფერი მქონდა ნათარგმნი. ერთგვარი კონკურსი იყო გამომცემლობაში, ვის უნდა ეთარგმნა. მე ვიყავი თანამშრომელი გამომცემლობის, ცოტა შინაური მღვდელივით ვიყავი და არასერიოზულად მიყურებდნენ. მეც გავაკეთე საცდელი თარგმანი, მოეწონათ. ჩემთვის ძალიან დიდი ტრამპლინი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რომ 21 წლისას მათარგმნინეს გამომცემლობისთვის ასეთი მნიშვნელოვანი წიგნი. დღემდე, სადმე თუ მივდივარ და ვხედავ ჩემზე უმცროს ადამიანებს, როდესაც ვსაუბრობთ, ყოველთვის ვეკითხები – ჰარი პოტერი თუ აქვს წაკითხული და ვეუბნები, რომ ჩემი თარგმნილია”, – ამბობს დავით გაბუნია.

ჰარი პოტერის გამოსვლას საქართველოში მშვიდად არ ჩაუვლია, თუმცა პროტესტი შედარებით გვიან მოჰყვა. წიგნს საპატრიარქო და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი დაუპირისპირდა. საძიებო სისტემებით დღემდე იძებნება მასალები, რომლებსაც “საპატრიარქოს უწყებანი” ჰარი პოტერის შესახებ ბეჭდავდა. წიგნს ძირითადად რელიგიურ მორალთან შეუსაბამობაში სდებდნენ ბრალს. ასეთი გამოსვლები უცხო არც საერთაშორისო მასშტაბით ყოფილა. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი გამოდიოდნენ ღრმად მორწმუნე მშობლები წიგნის წინააღმდეგ. ჯოან როულინგი მათ უკიდურესი სიმშვიდით პასუხობდა. ავტორი ამბობს, რომ წიგნს არაფერი აქვს საერთო შავ მაგიასთან და ვინც ასე ამბობს, მისი აზრით, საერთოდ არ წაუკითხავს ჰარი პოტერი. წიგნს საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა კათოლიკე ეკლესიამ. ვატიკანში განაცხადეს, რომ წიგნი “არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს”.

პროტესტმა საერთაშორისო მასშტაბით შედეგი ვერ გამოიღო. “ჰარი პოტერის” ამბავს ყოველდღიურად ემატებოდა ერთგული მკითხველი, თუმცა საქართველოში პირიქით მოხდა. აქ დაწყებულმა პროტესტმა განსაკუთრებულ სიმწვავეს მეორე ნაწილის “ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახის” გამოსვლისას მიაღწია, რაც წიგნის გაყიდვებზეც აისახა:

“ეს ის პერიოდია, როდესაც ფეხს იკიდებდა მართლმადიდებლური ისტერია, სკოლებშიც დაიწყო რელიგიური კუთხეების მოწყობა. სკოლებში მასწავლებლები მოუწოდებდნენ მოსწავლეებს, რომ წიგნი არ წაეკითხათ. იყო შემთხვევა, როდესაც მოსწავლემ წიგნი დაწვა კიდეც. ჩვენ მეორე ტომი დავბეჭდეთ, ვიცოდით, რომ პირველი ტომი კარგად გაიყიდა, ტირაჟის ნახევარი დავბეჭდეთ მეორე წიგნი და საერთოდ არ იყიდებოდა. როცა გავარკვიეთ, აღმოჩნდა, რომ სანამ ვთარგნიდით, მთელი ანტიპოტერული პროპაგანდა მუშაობდა წიგნის წინააღმდეგ. მასწავლებლები ეუბნებოდნენ მოსწავლეებს, რომ ეს წიგნი არ წაეკითხათ, თორემ ჯოჯოხეთში მოხვდებოდნენ”, – იხსენებს თინა მამულაშვილი.

თუ პირველი წიგნი 35 000 ტირაჟით გაიყიდა, მეორე წიგნი 18 000 ეგზემპლარი გაიყიდა, დანარჩენი ნაწილები კი – კიდევ უფრო მცირე ტირაჟით. გამომცემლობაში ამბობენ, რომ მათ იმ ბავშვებისთვის გადაწყვიტეს წიგნის მთელი სერიის თარგმნა, რომლებმაც ჰარი პოტერის წიგნები ლამის ზეპირად იცოდნენ და ყოველ ახალ ნაწილს თვეებისა და წლების მანძილზე ელოდნენ.

ასეთი მკითხველი მართლაც ბევრი ჰყავდა პოტერიადას. 1990-იანი  წლების დასაწყისში დაბადებული ბავშვებისთვის ჰარი პოტერი ცოტა უფრო განსაკუთრებული წიგნია, ვიდრე შემდეგი თაობისთვის. წიგნის გამოსვლის დროს მთავარი პროტაგონისტი და მკითხველი ერთი ასაკის არიან. ყველა რესპონდენტი, რომელსაც “ნეტგაზეთი” ესუბრა, ამბობს, რომ ისინი წიგნის პერსონაჟებთან ერთად გაიზარდნენ  და ყოველ ახალ წიგნთან ერთად წიგნის ტონიც და სერიოზულობაც დინამიკურად ვითარდებოდა. ალბათ, ამიტომ გაზეთმა “გარდიანმა” სამართლიანად უწოდა წიგნის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, სევერუს სნეიპის როლის შემსრულებლის, მსახიობ ალან რიკმანის გარდაცვალებას ბავშვობის დასასრულის ნიშანი “ჰარი პოტერის” თაობისთვის.

თავად როულინგიც ამბობს, რომ პოტერიადა იმ ადამიანებს მოეწონებათ, რომლებსაც რაღაცით “შეპყრობა” შეუძლიათ.

“წიგნი იმ ადამინებისთვისაა, ვინც ყველაზე მცირე დეტალებს აქცევს ყურადღებას”,- ამბობს ავტორი.

“ვკითხულობ სულ. დავიწყებ პირველს და წავყვები მეშვიდემდე. როცა დავამთავრებ, დავიწყებ ისევ პირველს და ა.შ. 20-ჯერ მაინც მექნება წაკითხული თავიდან ბოლომდე. ზეპირად ვიცი დიალოგები. მაინც ვკითხულობ. მესამე ნაწილი მქონდა განათხოვრებული რამდენიმე თვე და რაღაცნაირად მაკლდა. როგორც კი დამიბრუნეს, ეგრევე გადავიკითხე”, – გვიყვება რეზო რობაქიძე.

რეზომ პირველად მესამე წიგნის ეკრანიზაცია ნახა და შემდეგ დაიწყო წიგნის კითხვა, დაახლოებით 15 წლის იქნებოდა.

“ზოგადად, მიყვარს ფენტეზის ჟანრი. ჰარი პოტერი იყო ჩემი პირველი შეხება ფენტეზისთან. მიუხედავად იმისა, რომ ლე გუინის “ხმელეთზღვის ჯადოქრიდან” აქვს აღებული ბევრი რამ, მაინც ხარისხიანი ნამუშევარია. დეტალებია მაღალ დონეზე. პერსონაჟების სახელები არის ძალიან მაგარი. მაგალითად, მინიშნებაა პერსონაჟების რაობაზე: რემუს ლუპინი-მაქცია, სირიუს ბლექი – შავი ძაღლი. სისხლიანი მაქცია სახელად ფენრირი და ა.შ. თან პერსონაჟებიც ჩემთან ერთად იზრდებოდნენ. დროში გაწელილი წიგნების სერიის პლუსი ეს არის”, – ამბობს რეზო.

“ჰარი პოტერის” პირველი წიგნი  1997 წელს გამოიცა, ბოლო- 2007 წელს, ხოლო საბოლოოდ პოტერიადის დასასრული 2011 წელს დადგა, როდესაც დიდ ეკრანებზე ბოლო წიგნის “ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები” ეკრანიზაცია გამოვიდა. 14 წლის მანძილზე ჰარი პოტერი ამ თაობის შემადგენელი ნაწილი იყო. “შენ ჩემი ბავშვობა ხარ” – სწორედ ამ ფრაზას იხსენებს ჯოან როულინგი საუკეთესო კომპლიმენტად, რაც კი ოდესმე მიუღია.

სტუდია, სადაც ჰარი პოტერი გადაიღეს © Warner Bros

სტუდია, სადაც ჰარი პოტერი გადაიღეს © Warner Bros

ლუკა პერტაია 6 წლის იყო, როდესაც ჰარი პოტერის შესახებ პირველად გაიგო. პირველი წიგნის ნაწილი დამ წაუკითხა. შემდეგ თავადაც წაიკითხა და ყოველწლიურად, სხვა “პოტერჰედების” მსგავსად, წლების მანძილზე ელოდებოდა ახალი ნაწილების გამოსვლას.

პოტერიადას დაახლოებით 772 პერსონაჟი ჰყავს. თუმცა წიგნის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად შეიძლება  “სიყვარულიც” განვიხილოთ. ჯოან როულინგი თხრობის ხაზს სწორედ გრძნობაზე აგებს, რომელიც ერთადერთი იარაღია ჰარის ხელში ყველაზე ბოროტი და ჭკვიანი ჯადოქრის, ვოლდემორის წინააღმდეგ. ხანდახან და არცთუ იშვიათად ჰარისაც კი ეჭვი ეპარება, რომ მხოლოდ სიყვარულით შესაძლებელია ვოლდემორის დამარცხება:

“საიდუმლოებების დეპარტამენტში არის ოთახი, რომელიც მუდამ დაკეტილია. იქ ინახება ძალა, ერთდროულად უფრო საოცარი და უფრო საშინელი, ვიდრე სიკვდილია, ვიდრე ადამიანის გონებაა, ვიდრე ბუნების ძალაა. ამასთან, დეპარტამენტში შენახულ ყველა საუნჯეზე უფრო იდუმალიცაა. სწორედ ამ ძალას ფლობ უხვად, ვოლდემორს კი პირიქით – საერთოდ არ აბადია. ამ ძალის წყალობით,შენ გუშინ სირიუსის გადასარჩენად წახვედი. ამავე ძალამ გიხსნა და ვოლდემორმა სრულად ვერ დაგიმორჩილა, რადგან ვოლდემორს არ შეუძლია იმ სხეულში ყოფნა, რომელშიც მისთვის ასე საძულველი ამდენი ძალაა. ბოლოს და ბოლოს, მნიშვნელობა დაკარგა იმანაც, რომ შენ მაინც ვერ ისწავლე შენი გონების დაცვა. ამ იდუმალი და საოცარი ძალის სახელი სიყვარულია” – ალბუს დამბლდორი.

სიყვარულია ის, რამაც სევერუს სნეიპს ალბათ ყველაზე სახიფათო, ორმაგი თამაში წამოაწყებინა. სნეიპმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა ვოლდემორისგან ჰარის დაცვას მხოლოდ იმიტომ, რომ ჰარი ლილის შვილი იყო, ერთადერთი ადამიანის, რომელიც სევერუს სნეიპს უყვარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჰარი პოტერის ნაწილების ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წარმოდგენა რთულია, ალექსანდრე ლორთქიფანიძის საყვარელი წიგნი მეექვსე ნაწილია -“ჰარი პოტერი და ნახევარ პრინცი”. წიგნის მთავარი გმირი სევერუს სნეიპია ალექსანდრეს საყვარელი პერსონაჟი.

“პირველი წიგნიდან მიყვარს ეს გმირი. ძალიან დიდი დავა, კამათი მქონდა ჩემს მეგობრებთან. წესით, ეს იყო უარყოფითი პერსონაჟი, მაგრამ შეგრძნების დონეზე ვგრძნობდი ამ პერსონაჟის მრავალმხრივობას, პირველივე წიგნიდან შემიყვარდა და ბრმად მჯეროდა, რომ არ შეიძლებოდა ის ცუდი პერსონაჟი ყოფილიყო და აუცილებლად ექნებოდა მას სხვა განზომილებები. იმდენად ამისრულდა ეს მოლოდინი, ორმაგი აგენტი სევერუს სნეიპი, თავგანწირული და თავდადებული ადამიანი აღმოჩნდა, რომ ჩემს სიყვარულს მისდამი წინ ვერაფერი აღუდგა”, – ამბობს სანდრო.

როულინგი ბევრს საუბრობს მისი პერსონაჟების შესახებ- სნეიპზე ის ამბობს, რომ საკამათო და მრავალმხრივი გმირი შექმნა, რომელიც არც ანგელოზია და არც ეშმაკი. მიუხედავად იმისა, რომ სნეიპმა თავგანწირვის, ერთგულების და უპირობო სიყვარულის წარმოუდგენელი მაგალითი აჩვენა, ფაქტია ისიც, რომ სევერუს სნეიპი თავისივე ნებით შეუერთდა ვოლდემორის მომხრეების რიგებს, როცა მისი სიყვარული უპასუხოდ დარჩა, როცა მეგობრები ვერ შეიძინა, როცა ჩაგვრის მსხვერპლი გახდა, გაბრაზებული სევერუს სნეიპი შავი მაგიის მხარეს დადგა.

როულინგი არა მხოლოდ გვაჩვენებს, რა შეუძლია სიყვარულს, ასევე გვაჩვენებს იმას, რა შეუძლია უსიყვარულობას. ლორდი ვოლდემორი უსიყვარულობის ნაყოფია. როულინგი გვეუბნება, რომ სიყვარულის იმიტაცია შეუძლებელია. ვოლდემორის დედა, რომელსაც უფროსი ტომ რიდლი შეუყვარდა, საპასუხო გრძნობების მისაღებად სიყვარულის ელექსირის გამოყენებას გადაწყვეტს, თუმცა დროთა განმავლობაში მიხვდება, რომ სურს ტომ რიდლს გულწრფელად უყვარდეს და არა ელექსირის გამოყენებით. იგი ელექსირის გამოყენებას შეწყვეტს, ტომ რიდლი კი მიატოვებს.

სიყვარულთან ერთად სიკვდილი და მის მიმართ სხვადასხვა დამოკიდებულება არის ის ქვაკუთხედი, რაც ჰარი პოტერის ამბავს მთლიანობად აქცევს. ვოლდემორისთვის დაუშვებელია მოკვდეს, მისი მთავარი მიზანი სიკვდილის დამარცხებაა და მიზნის მისაღწევად ისევ სიკვდილს იყენებს. ჰორკრუქსებს ქმნის, სადაც მისი სულის ნაწილებს ინახავს, ჰორკრუქსის შესაქმნელად კი აუცილებელია ვინმე მოკლა, რდგან სწორედ მკვლელობა ხლეჩს სულს. ვოლდემორისგან განსხვავებით, ჰარი პოტერისთვის წარმოუდგენლად იოლია სიკვდილთან შეხვედრა. როდესაც ჰარი იგებს, რომ ვოლდემორის დასამარცხებლად საჭიროა თავადაც მოკვდეს, სიკვდილთან შესახვედრად თავის ფეხით მიდის, არც თავს იცავს და სასიკვდილო წყევლას ელოდება.

ჰარი თესტრალებს ხედავს, ქმნილებებს, რომლებსაც მხოლოდ ის ადამიანები ხედავენ, ვისაც სიკდილი უნახავს, ვინც სხვა ადამიანის სიკვდილს შესწრებია. ჰარი პოტერის წიგნების მთავარი ხაზი იმ განცდების შესახებ საუბარიცაა, რომელსაც საყვარელი ადამიანის დაკარგვა იწვევს, ყოველ ახალ წიგნთან ერთად მკითხველი ემშვიდობება მისთვის საყვარელ პერსონაჟს, ჩვენ დანაკარგთან შეგუებასაც ვსწავლობთ, იმ ტკივილთან გამკლავებას, რომელიც სირიუსის, დობის, დამბლდორის, ფრედ უიზლის, ტონქსის, ლუპინის, სნეიპის სიკვდილს მოაქვს.

“ჰარიმ უცებ გააცნობიერა, რომ სკოლის შემოგარენში აუტანელი მდუმარება სუფევდა, ფოუკსი აღარ მღეროდა. და მიხვდა, თვითონაც არ იცოდა, საიდან მიხვდა იმას, რომ ფენიქსი გადაიკარგა, სამუდამოდ მიატოვა ჰოგვორტსი, ისევე როგორც დამბლდორმა მიატოვა სკოლა, მიატოვა სამყარო… მიატოვა ჰარი”

ჰარი პოტერის მკითხველები იმასაც ელოდნენ, რომ ჰარის, რონის და ჰერმიონის სამეულიდან ერთ პერსონაჟთან მაინც მოუწევდათ დამშვიდობება. როულინგმა მთავარი გმირები შეინარჩუნა, მაგრამ აღიარა, რომ რონის მოკვლაზე სერიოზულად ფიქრობდა. ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკარგი კი მთავარი გმირისთვის სირიუს ბლექია. ჰარი პოტერის ნათლია და მამამისის, ჯეიმს პოტერის საუკეთესო მეგობარი. ჰარისთვის, რომელმაც მშობლები სულ პატარამ დაკარგა, სირიუსი მამაცაა და მეგობარიც:

“-არ უნდა გრცხვენოდეს საკუთარი გრძნობების ჰარი – ისევ გაისმა დამბლდორის ხმა, პირიქით… შენი ასეთი ტკივილი შენსავე სიძლიერეზე მეტყველებს… ჰარი გრძნობდა როგორ ივსებოდა საშინელი სურვილით, დაესაჯა დამბლდორი ამგვარი სიმშვიდისა და უსარგებლო სიტყვებისთვის

-მოდით ნუ ვილაპარაკებთ იმაზე რას ვგრძნობ და რას – არა

-ჰარი შენი განცდები ამტკიცებს, რომ ადამიანად რჩები! ტკივილი ადამიანთა ხვედრია!

-მაშინ მე -არ- მინ-და- ვი-ყო ადა-მია-ნი! – იღრიალა ჰარიმ”.

ჰარი პოტერი, როგორც პოლიტიკური წიგნი

მიუხედავად იმისა, რომ პოტერიადა მეგობრობის, თავდადების, სიყვარულის და თავგადასავლების შესახებაა, მისი მთავარი ღირსება იმაშიც მდგომარეობს, რომ ის პოლიტიკურ და სოციალურ თემებსაც შლის ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის.

“მგონია, რომ პოტერიადამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემი ღირებულებების ჩამოყალიბების პროცესში. წიგნში ძალიან ბევრი პასაჟია, რომელიც რეალურად არსებული პოლიტიკური პრობლემების რეფერენციებად შეიძლება თავზეხელაღებულმა მკითხველმა წაიკითხოს. მაგალითად, ‘წმინდა სისხლის ჯადოქრების’ მიერ ‘მუქსისხლიანების’ დევნა ეთნიკურ წმენდას მოგვაგონებს; შინაური ელფების უფლებებისათვის ჰერმიონის ბრძოლა შრომითი უფლებებისთვის და რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა; მაქციების შესახებ ჯადოქრებში გავრცელებული სტიგმები მათ მარგინალიზაციას იწვევს; მაგიის სამინისტროს დამხობის შემდეგ ‘დამბლდორის არმიისა’ და ‘ფენიქსის ორდენის’ შევიწროება ავტორიტარული პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიერ ოპოზიციური ძალების ჩახშობაა და ა.შ. ერთი სიტყვით, მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ‘ჰარი პოტერმა’, თავისი მრავალმხრივი სამყაროს მაგალითზე, ჩვენს რეალობებში სწორად ორიენტირების უნარი გამომიმუშავა”,- ამბობს ლუკა პერტაია.

ჯოან როულინგისთვის და, შესაბამისად, პოტერიადისთვისაც პოლიტიკაა, რომ ჩაგრულის გვერდით იყო. როულინგმა შექმნა ყველაზე ჭკვიანი, მტკიცე ხასიათის ჯადოქარი ქალი ჰერმიონ გრეინჯერის სახით, რომელიც მაგლების, იმავე არაჯადოქრების ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. ჰერმიონი იწყებს სწორედ ელფების განმათავისუფლებელ მოძრაობას ჯერ კიდევ ჰოგვორტსში სწავლისას. ელფები ჯადოქრებს მონებად ჰყავთ. ისინი, როგორც წესი, მდიდარი ჯადოქრების სახლში მოახლეები არიან და გაწეული სამსახურისთვის გასამრჯელოსაც კი არ იღებენ. ჰერმიონის წამოწყებას ჰარი და რონიც კი არასერიოზულად უყურებენ, მაგრამ მეგობარს უარს ვერ ეუბნებიან, ცოტა ეშინიათ კიდეც და ამ მოძრაობაში წევრიანდებიან. დობი, პირველი გათავისუფლებული ელფია, რომელსაც მკითხველი გაიცნობს.

“ყველაზე მკაფიოდ რაც ჩანს, ეს ტოლერანტობის თემა და რასიზმის პრობლემაა. ვოლდემორის იდეოლოგია აბსოლუტურად გაჟღენთილია რასისტული შინაარსით და ძალიან ჰგავს ნაცისტურ-ფაშისტურ იდეოლოგიას. ამის საპირისპიროდ ძალიან დიდი ტოლერანტობა მოდის მთავარი გმირებისგან, რაც გამოიხატება თუნდაც ელფების თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ჯადოსნური ცხოველებისთის ბრძოლაში. ამაზე დამაფიქრა განსხვაებულობისა და ტოლერანტობის საკითხზე”,- ამბობს სანდრო ლორთქიფანიძე.

“სირიუსი საშინლად ექცეოდა კრეჩერს, ჰარი. კარგად იცი, რომ ასე იყო. როცა სირიუსი აქ გადმოსახლდა, კრეჩერი უკვე რა ხანია მარტო იყო და ალბათ, ცოტა სიყვარული სჭირდებოდა. სულ ვამბობდი, ჯადოქრები დაისჯებიან შინაური ელფების ჩაგვრისთვის-,მეთქი. აი ვოლდემორი დაისაჯა… და სირიუსიც.

ჰარიმ ვერაფერი უპასუხა. იატაკზე მოქვითინე კრეჩერის შემყურეს გაახსენდა, რა უთხრა დამბლდორმა სირიუსის სიკვდილიდან რამდენიმე საათის შემდეგ: “ის არასოდეს მიიჩნევდა კრეჩერს მგრძნობიარე არსებად”

ჯოან როულინგი დოლორეს ამბრიჯის ავტოკრატიას და მისგან გამოწვეულ უსამართლობასაც ახლო ხედით გვაჩვენებს. იმასაც, თუ რამდნეად საშიშია ძალაუფლებისადმი ვნება, მაგრამ ასევე გვეუბნება, რომ გვაქვს არჩევანის უფლებაც, შეგიძლია დაუშვა შეცდომა, მაგრამ უკან დასაბრუნებელი გზა მაინც უნდა გქონდეს.

“ძალაუფლება იმას უფრო შეეფერება, ვინც არასოდეს ისწრაფვის მისკენ”,- ალბუს დამბლდორი.

ერთადერთი საკითხი, სადაც როულინგს გამბედაობა არ ეყო, ლგბტ ადამიანების უფლებები და მათზე საუბარია. როდესაც ჯერ კიდევ არგამოსული ბოლო ნაწილის შესახებ საუბრობდა, ჯოან როულინგი ამბობდა, რომ ახალგაზრდა ალბუს დამბლდორსა და გელერეტ გრინდელვანდს ერთმანეთთან მხოლოდ მეგობრობა არ აკავშირებდათ და მათი ურთიერთობა ჰომოსექსუალური კავშირი იყო, მაგრამ წიგნში ეს კავშირი პრაქტიკულად არ ჩანს. თუმცა დღეს, როდესაც ჰარი პოტერის სპინოოფი ფილმის სახით უნდა გამოვიდეს, რომელიც ჰარის დაბადებამდე ისტორიაა, ავტორი ამბობს, რომ ამ წიგნში დეკლარირებულად გეი დამბლდორს გავიცნობთ. როულინგი ფილმის სცენარის ავტორია. იგი მკითხველს სექსსაც დაჰპირდა, თუმცა არც ეს დაპირება შეუსრულებია და გმირების სექსუალური გამოცდილება რამდენიმე კოცნით შემოიფარგლება.. პოტერიადაში ლამის ქრესტომათიული თინეიჯერული სასიყვარულო ურთიერთობების მაგალითია ჰერმიონისა და რონის წყვილი, რომელშიც ყველაფერია, გაუთავებელი კამათით, მეგობრობისთვის არადამახასიათებელი უხერხულობით, ეჭვიანობით დაწყებული, ერთმანეთის ჯიბრით წამოწყებული სხვა ურთიერობებით დამთავრებული. როულინგი თვლის, რომ ჰერმიონი და რონი საბოლოოდ ერთად არ უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ საკითხის ამგვარი გადაწყვეტისთვის რონი ვერ გაიმეტა.

კადრში ხედავთ ჰარი პოტერის ფანებს პორტუგალიაში (პორტო), © EPA/JOSE COELHO

კადრში ხედავთ ჰარი პოტერის ფანებს პორტუგალიაში (პორტო), © EPA/JOSE COELHO

ჰარი პოტერის ფანებს ეგონათ, რომ პოტერიადა 2011 წელს ოფიციალურად დასრულდა. როულინგიც ამბობდა, რომ არ გეგმავდა რაიმე გაგრძელების დაწერას, თუმცა ”ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი” მაინც დაწერა. არცთუ ცოტა ადამიანი ბრაზდება როულინგის უუნარობაზე, შეეშვას “ჰარი პოტერს”. მიუხედავად იმისა, რომ როულინგმა სხვა წიგნებიც დაწერა, შეიძლება ითქვას, რომ ისინი მკითხველს შეუმჩნეველი დარჩა. ჯოან როულინგს მაინც არ აქვს სანერვიულო, რადგან იმ წიგნის ავტორია, რომელიც კიდევ არაერთ 20 წელიწადს გაუძლებს და, როგორც პოტერიადის კიდევ ერთი გულანთებული მკითხვვლი ირინა დათუაძე ამბობს:

“ამდენი წლის მერეც ყოველთვის იმდენი ახალი რამ გამოდის სინათლეზე, მიკვირს კიდეც. ძალიან დიდი მოცულობის წიგნია ჰარი პოტერის თავგადასავალი და იმდენი დევს შიგნით, რომ ძნელია ერთი ადამიანის სიტყვებში ჩაატიო, ამ წიგნს უბრალოდ კი არ კითხულობ, ამას გრძნობ და ცხოვრობ ამ წიგნებით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი