ახალი ამბები

თბილისში შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება მოითხოვეს

24 ივნისი, 2017 • 2164
თბილისში შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება მოითხოვეს

24  ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გაიმართა აქცია-მსვლელობა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის განხორციელების დაჩქარებისა და შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნით.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია შშმ პირთა უფლებების გარანტირების მნიშვნელოვანი დოკუმენტია, თუმცა, მიუხედავად მისი რატიფიცირებიდან სამი წლის გასვლისა, ის დღემდე არ გამხდარა სახელმწიფოს პოლიტიკის გადახედვის საფუძველი.

“ქართულ საზოგადოებასა და სახელმწიფოში შშმ პირთა მიმართ დამკვიდრებული საქველმოქმედო მიდგომები და ცრუ წარმოდგენები უნდა შეიცვალოს გააზრებული, თანამედროვე სოციალური ცნობიერებითა და მიდგომებით,”- აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

მათივე განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ექვემდებარებიან ყოველდღიურ დისკრიმინაციისა და ჩაგვრის სხვადასხვა ფორმებს, რაც სახელმწიფოს უმოქმედობითაა გამოწვეული.

“ჩვენ დღემდე ვრჩებით საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე უჩინარ ჯგუფად, მაგრამ ჩვენ არ გვსურს ვიყოთ სახელმწიფოს უმოქმედობის აღურიცხავი პატიმრები. შეკრების და მსვლელობის მიზანია მოუწოდოს სახელმწიფოს დაგეგმოს და განახორციელოს ეფექტური პოლიტიკა, რაც ჩვენი საჯარო სივრცეებიდან გამორიცხვის გამოცდილებას ინკლუზიით ჩაანაცვლებს.

სახელმწიფოს მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სიტყვიერი აღიარება, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ეფექტიანი პოლიტიკის წარმოების გარეშე არ ამცირებს ჩვენი უფლებების შელახვის სიმძიმეს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში არასათანადოდაა წარმოდგენილი და ჩვენი უფლებების დაცვა თავად ჩვენი თემის წევრების ძალისხმევასა და ინიციატივაზე დამოკიდებული ხდება,”- აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

მასალების გადაბეჭდვის წესი