19489946_1759705917392396_1350123595_o

მურუსიძეს არ აქვს გადაწყვეტილი, დარჩება თუ არა სასამართლო სისტემაში

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ლევან მურუსიძეს გადაწყვეტილი არ აქვს, მოინდომებს თუ არა უვადოდ დანიშვნას სასამართლო სისტემაში.

ნეტგაზეთმა მურუსიძეს ჰკითხა, რას აპირებს, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი უკვე აღარ არის. დღეს, 24 ივნისს, საბჭოს მდივნის პოსტზე მურუსიძე გიორგი მიქაუტაძემ ჩაანაცვლა.

“რას ვაპირებ და პირველ რიგში, დავისვენებ. რამდენიმე დღე, ალბათ, შვებულებას ავიღებ და შესაბამისად, დავისვენებ,”- ამბობს მურუსიძე.

კითხვაზე, სხვა სფეროში ხომ არ აპირებს გადასვლას, მან განაცხადა, რომ იმ წელიწადნახევრის განმავლობაში, რაც დარჩენილი აქვს, სისტემაში იქნება, შემდეგ კი შესაძლოა, სხვა სფეროში გადავდეს:

“სადღაც წელიწადნახევარი მაქვს დარჩენილი სასამართლო სისტემაში. ჯერ-ჯერობით, აქ ვიქნები. ცხოვრება გამოაჩენს… ჩემი ცხოვრების ეს 4 წელიწადი მივუძღვენი სასამართლოს, იმიტომ, რომ მე მიყვარს ის მოსამართლეები, ვინც აქ მუშაობენ, მიყვარს ეს სისტემა, იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ამ სისტემაში გავიზარდე და ჩემ მოვალეობად მიმაჩნდა, რომ გვერდში დავდგომოდი თითოეულ მოსამართლეს, როდესაც მე არაფერი ადმინისტაციული თანამდებობა არ მექნება, შესაბამისად, არ მაქვს იმის პრობლემაც, რომ როცა იქნება, შეიძლება სხვა სფეროშიც გადავიდე… მაქვს საკმარისი კომპეტენცია და არ დავიკარგები,”- განაცხადა მან.

ხოლო კითხვაზე, უნდა თუ არა, რომ სისტემაში უვადოდ დაინიშნოს, მას ზუსტი პასუხი არ აქვს:

“უვადოდ დამნიშნონ თუ არ დამნიშნონ, ეს, პირველ რიგში, ჩემზე არის დამოკიდებული. თუ ჩავთვლი საჭიროდ, რომ უვადოდ დანიშვნა მინდა, შევიტან განცხადებას და საბჭო იმსჯელებს, ან დადებით პასუხს მეტყვის, ან უარყოფითს. ჯერ-ჯერობით, ცოტას დავისვენებ, ცოტა გავერიდები ამ სიტუაციას, ვიქნები ერთ რიგითი მოსამართლე. შევხედავ, თუ ვთქვათ, ვიფიქრებ, რომ სასამართლო სისტემაში უნდა ვიყო, შევიტან განცხადებას. არ ვიფიქრებ და სხვა სფეროშიც არ აქვს ლევან მურუსიძეს იმის პრობლემა, რომ სამსახური ვერ იშოვოს,”- განაცხადა მან.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი